Accessibility links

როგორი იყო 2007 წელი საქართველოში, პოლიტიკური თვალსაზრისით


2007 წელი უახლეს ისტორიას მიებარა, თუმცა ის მძაფრი პოლიტიკური რყევები, რაც ამ წლის მეორე ნახევარში

ქვეყანამ განიცადა, კარგა ხანს შეგვახსენებს თავს .... 2007 წელი საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციისთვის დიალოგის შეთავაზებით დაიწყო, შეხვედრა დიალოგისთვის შედგა, მაგრამ დიალოგი ვერ განვითარდა. წლის ბოლოს ქვეყანაში პოლიტიური ვითარება უკიდურესად დაიძაბა და კრიზისის განმუხტვისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.. თუ წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი, ძირითადად, მიღწევებზე ლაპარაკობდა, წლის ბოლოს მას, უკვე როგორც ექს-პრეზიდენტს, შეცდომების აღიარება მოუხდა ... გაგახსენებთ 2007 წლის პოლიტიკურ დრამატურგიას - იმას, თუ როგორი იყო გზა წლის დასაწყისიდან ბოლომდე, შეცდომების აღიარებამდე.


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველომ და, პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს დაანახვა თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა, თავისი სისუფთავე და სიმტკიცე. მიუხედავად ყველაფრისა, შარშანდელი წელი იყო დიდი შემობრუნების და წინსვლის წელიწადი, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ”

ასე პრეზიდენტი სააკაშვილი 2007 -ის დასაწყისში 2006 წლის მიღწევებს აჯამებდა,
პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას. მაშინ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო მოხსენების დასრულებისთანავე დატოვა, ისე რომ დეპუტატების შეკითხვებისთვის არ უპასუხია.. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება დაიწუნეს...

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ” იყო ძალიან მოსაწყენი და ძველი ცეკას სტილში გაკეთებული მოხსენება: ამ სფეროში წარმატება, ამ სფეროში წარმატება, ამ სფეროში წარმატება... ”

სად იყო წარმატებები და სად წარუმატებლობა?.. რა წარმატებების დანახვა უჭირდა ოპოზიციას და რა შეცდომებს არ აღიარებდა ხელისუფლება?.. პაექრობა ამ ორ ძალას შორის, ძირითადად, ამ ნიშნით ვითარდებოდა....


წლის დასაწყისში, კერძოდ, 10 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რითაც ძალაში შევიდა 2006 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილებით განისაზღვრა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის შემცირება და მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა- 2008 წლის ნოემბერში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად...

პოლიტოლოგ გია ნოდიას 2007 წლის 11 ნოემბრის შეფასება: ” ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს ეს შესწორება. კონსტიტუცია იცვლება ერთჯერადად, რაღაც საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. ჩემი აზრით, ეს მეტად არასასურველი ვითარებაა.. ” წლის დასაწყისში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილება ოპოზიციამ ქუჩის აქციებზე წლის ბოლოს გააპროტესტა. ასე რომ, წლის დასაწყისში დამტკიცებული ცვლილება თავსატეხად მიხეილ სააკაშვილს წლის ბოლოს შემოუბრუნდა... ისევე როგორც წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის არარსებობის პრობლემა.. არადა, 2007 -ში, ნაახალწლევს, იყო დიალოგის გახსნის მცდელობა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები კანცელარიაში სასაუბროდ მიიწვია.. ეს იყო კარგი დასაწყისი, თუმცა ამ კარგ დასაწყისს გაგრძელება არ ჰქონია.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ეს არ არის დიალოგი, ეს არის დიალოგის იმიტაცია; ეს არის მონოლოგი, დიალოგის სახელით; დიალოგს ჩვენ პრაქტიკულად არ გვთავაზობენ.. ”

დიალოგი მონოლოგად ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა 2007-ის 2 თებერვალს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, შეაფასა. ეს იყო ასეთი ფორმატის ერთადერთი შეხვედრა 2007-ში. გასულ წელს ასევე ერთადერთხელ შეხვდა პრეზიდენტი პრესის ფართო წარმომადგენლობას. სწორედ პრესასთან შეხვედრაზე განმარტა მან, რომ იქნებოდა გარანტი საკუთრების დაცვისა და არ დაუშვებდა რეგისტრირებული ქონების ხელყოფას. გავიდა სულ ცოტა ხანი და რიყეზე რესტორნების ნგრევისას სააკაშვილმა თქვა: ”ადგილზე, რომელიც ვერ გაანადგურა აღა-მაჰმად-ხანმაც, აბანოთუბანში, ჩადგეს უმახინჯესი, საეჭვო ნაგებობა და თქვეს, რომ მისი აქ ყოფნა არის საკუთრების უმაღლესი გამოვლინება. ეს არის კორუფციის და უგემოვნების გამოვლინება.” მსგავსი განმარტებები აშკარად არ კმაროდა. თუნდაც უგემოვნების და კორუფციის გამოვლინების ნგრევა, მათი მეპატრონეების განმარტებით, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი შიშს და აგრესიას ბადებდა. განსაკუთრებით მძიმე აღსაქმელი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე ცნობილი სახლის დემონტაჟი. ამ სახლის მეპატრონეებს თბილისის მერიამ ნოემბრის საპროტესტო მღელვარების შემდეგ დაუმტკიცა მიწის ის ფართი, რომელზეც მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს.

მე ჩამოვთვალე ზოგიერთი ფაქტი, რომელთა ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმაც ხელისუფლება წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. ოპოზიციასთან დიალოგის არარსებობამ, მედიის, მათ შორის, ”ტელე-იმედისადმი ” ხელისუფლების დამოკიდებულებამ და, რაც მთავარია, მძიმე სოციალურმა პრობლემებმა შექმნა ფონი სერიოზული დაპირისპირების ასაგორებლად. ხელისუფლებამ ვერ იმუშავა საიმისოდ, რომ მოსახლეობისთვის რეფორმების არსი და მიმართულებები განემარტა. ხალხი მან, ფაქტობრივად, ელექტრონული მედიის სხვადასხვა საშუალებებით დახატული ვირტუალური რეალობების ანაბარა დატოვა და მერე, როცა კრიზისი დადგა, მოუხდა იმის გაცნობიერება, რომ შეცდომა იყო ხალხისთვის მწარე წამლის დაძალება, დამატკბობელი საშუალებების გარეშე.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”სერიოზულ საგარეო ფაქტორებზე დაყრდნობით ხდებოდა შიდა პრობლემები გადაჭრა მტკივნეული გზებით და, ამის სანაცვლოდ, მწარე წამალი არ დაუტკბიათ არაფრით. ეს უნდა მომხდარიყო, რადგან ჩვენ ვიყავით სოციალური უკმაყოფილების მომსწრე, რაც მავანმა და მავანმა გამოიყენა სახელმწიფოს წინააღმდეგ.” (სტილი დაცულია)

ეს ითქვა პოლიტოლოგ თემურ იაკობაშვილის მიერ 2007-ის ნოემბერში. მართლაც,
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის ნოემბერში ჩატარება გადაწყდა იმ მიზნით, რომ საარჩევნო პერიოდი საქართველოში რაღაცნაირად არ დამთხვეოდა არჩევნებს რუსეთში; ამას გარდა, ხელისუფლება მიზანშეწონილად მიიჩნევდა არჩევნების ჩატარებას კოსოვოს საკითხის გადაწყვეტისა და ნატოს ბუქარესტის სამიტის ჩავლის შემდეგ.. წლის დასაწყისში იყო სერიოზული მოლოდინი იმისა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ექნებოდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შანსი. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაჯერებით მიუთითებდნენ ნეიტრალიტეტის მომხრე პოლიტიკოსებს, რომ პროექტი ”ანტი-ნატო” არ გამოუვიდოდათ. ნეიტრალიტეტის მომხრეები სვამდნენ შეკითხვას, წაადგება თუ, პირიქით, ხელს შეუშლის ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის საქმეს, რის გამოც მათ ხელისუფლების წარმომადგენლები - მათ შორის, გიგა ბოკერია - მტრული პოლიტიკური იდეის შემოპარებაში ადანაშაულებდნენ:


[გიგა ბოკერიას ხმა] ”ეს არის ხალხი, რომელიც ცდილობს ჩვენთვის მტრული პოლიტიკური იდეა ნელ-ნელა შემოაპაროს საზოგადოებას - ამბობს, მოდით, მოველაპარაკოთ იმას, ვინც ტერიტორიას გვართმევს, დავდოთ ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან. ისტორია უნდა გვახსოვდეს! ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ნატო მარტო უსაფრთხოების გარანტია არ არის, ნატო არის გზა იქითკენ, საიდანაც ჩვენ მოვედით - გზა ევროპისკენ!. ”

მაგრამ გზას ნატოსკენ, ანუ, როგორც გიგა ბოკერიამ თქვა, ევროპისკენ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გრძელი და დაკლაკნილი უწოდა. ნატოსკენ გზა რომ რთულია, საქართველოს სხეფერმა გასული წლის თებერვალში შეახსენა. მოგვიანებით მოხდა ისე, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც თანხმობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეობა, ნოემბრის აქციებზე დადგა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა გვერდით, სიხარულით მიიღო ბადრი პატარკაციშვილისგან საპროტესტო კამპანიის დაფინანსების დაპირება ... და არც პატარკაციშვილის მიერ საქართველოს მომავლის ხედვა გააკრიტიკა, ხედვა, რომელიც შორეულ მეგობარსა და ახლობელ მტერს შორის ბალანსირების პოლიტიკას გულისხმობს.. ამან ხელისუფლებას მისცა საბაბი უფრო და უფრო მეტი ელაპარაკა ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე, თუმცა ამაზე ლაპარაკი მანამდეც იყო, მაგალითად, 2007-ის სექტემბერში პარლამენტში... ”რაზე აგიღიათ პასუხისმგებლობა?” - ამ შეკითხვით ოპოზიციას მაშინ გიგა ბოკერია მიმართავდა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”რაზე აგიღიათ პასუხისმგებლობა?. პირველი რეაქცია თქვენი, როცა ქვეყანა საფრთხის ქვეშ დგება, არის პანიკა, უკეთეს შემთხვევაში, და უარეს შემთხვევაში - მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. მერე ნუ გიკვირთ, რომ არ გაქვთ არანაირი მხარდაჭერა და, ძირითადად, წყევლით ხართ დაკავებული, მომავალშიც ეს ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და როცა მოგვარდება ტერიტორიული კონფლიქტები, ზოგიერთი გაღიზიანებული ხართ ცხინვალის რეგიონში მომხდარი ძვრებით, და როცა განხორციელდება ეს ჩვენი სანუკვარი ოცნება, თქვენ ამასთან საერთო არ გექნებათ, თქვენ იქნებით კვლავ სამარცხვინო ბოძზე გაკრული! არც მეტი, არ ნაკლები. ”(სტილი დაცულია)

თუ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ოპოზიციას სამარცხვინო ბოძზე გაკვრას უწინასწარმეტყველებდა, ოპოზიციის ლიდერები ნოემბერში ხელისუფლებას მოუწოდებდნენ არ წასულიყო ხალხის წინააღმდეგ:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა} ” თავისუფალი საქართველო განსაცდელშია! ნუ წაგვართმევთ ნამუსს! ნუ წაგვართმევთ სინდისს! ჩვენ ვერ ჩაგვაჩოქებთ!



ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ პოლიტოლოგმა თემურ იაკობაშვილმა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: 3 წელიწადში გაკეთებული ერთ დღეში დაიკარგა. ჩვენ ჩამოგვაგდეს რელსებიდან, რომელზეც ვიდექით და დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძველ პოზიციაზე დაბრუნებასო.

პოზიციაში იგულისხმებოდა: ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის შანსი, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი 7 ნოემბრამდე, გაჯერებული იმით, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ბოლომდე გასუფთავდა რუსეთის სამხედრო ბაზებისგან, რომ დაიწყო მუშაობა კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლებისთვის, რომ საქართველომ რუსეთს მოუგო საინფორმაციო ომი სოფელ წითელუბნის დაბომბვასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ ევროპელები დაარწმუნა ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციის ამოქმედების მიზანშეწონილობაში, როგორც იქნა, განაახლა დიალოგი სოხუმთან, მაგრამ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადასწია პროცესმა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში დუმილის დარღვევით დაიწყო. დუმილის დარღვევას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, ჯერ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, შემდეგ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.... იმაზე, თუ როგორი იყო საქართველოში 7 ნოემბერი და მისი მომდევნო 2 კვირიანი საგანგებო ვითარება, ბევრჯერ ვისაუბრეთ და დგება დრო, როცა ამომრჩეველმა უნდა დაარქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი ... საქართველო უახლოვდება ეტაპს, როცა ძალაუფლება ერთი დღით ხალხის ხელში ექცევა. 5 იანვარს ხალხმა უნდა შეაფასოს ყველა ძალა, რომელიც იყო უპირველესი პასუხისმგებელი ყველაფერზე და თავისი შეცდომებით ქვეყანა სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენა, და ძალაც, რომელიც უარს ამბობს საეჭვო პირებთან ალიანსში შესვლით აღებულ პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში, პირთან (ვგულისხმობთ ბადრი პატარკაციშვილს), რომელმაც წლის ბოლოს საზოგადოებას, თავისდაუნებურად, ფარულ ჩანაწერში განუმარტა, რომ იხდიდა 100 მილიონს სახელმწიფო გადატრიალებაში დახმარების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG