Accessibility links

logo-print

ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს: სლოვენია


1 იანვრიდან ევროკავშირს, ტრადიციისამებრ, ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს: ამჯერად, 2008 წლის პირველი დღიდან, ევროკავშირს 6 თვით მოექცა სათავეში სლოვენია.

ყოფილი იუგოსლავიის ეს რესპუბლიკა ევროკავშირში 2004 წლის 1 მაისს გაწევრიანდა. სლოვენიის თავმჯდომარეობის პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში გადაწყდება სერბიის პროვინცია კოსოვოს სამომავლო სტატუსის საკითხი.

სლოვენია, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოსტზე, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად სწორედ კოსოვოს საკითხს ასახელებს.

[რუპელის ხმა] “იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას კოსოვოს საკითხის მოგვარებაში ევროკავშირის თავმჯდომარეობისას. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო თვეებში მოხდა, გვესმის, რომ სლოვენიას მოუწევს იმუშაოს ამ უაღრესად რთულ პროცესებზე თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში. ვვარაუდობ, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დამთავრებამდე ეს პროცესები დასრულებული იქნება”. ეს განცხადება სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა გააკეთა დეკემბერში.

თუმცა, საგარეო-პოლიტიკური პერსპექტივა უფრო ფართოა: რუპელის თქმით, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის როლში სლოვენიის ამოცანაა სტაბილიზაცია დასავლეთ ბალანკეთში - ანუ, ევროპის იმ ნაწილში, რომელმაც XX საუკუნის მიწურულს ყველაზე მძიმე პროცესები გამოიარა. აქვე შეგასხენებთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უმეტესწილად ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები შეადგენენ: მათ შორის სერბია, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამდენად, სავსებით გასაგებია მათი მეზობლის და მათსავით ყოფილი უგოსლავიის წევრი სლოვენიის განსაკუთრებული ინტერესი რეგიონის სტაბილიზაციის საკითხისადმი. სხვათა შორის, სლოვენია პირველია ევროკავშირის წევრი ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან, რომელმაც მორიგე თავმჯდომარის ფუნქცია ჩაიბარა.

ახლა სლოვენიის უშუალო ამოცანაა ევროკავშირის ეფექტიან, კონსოლიდირებულ პოლიტიკაზე ზრუნვა, როცა საქმე კოსოვოს დამოუკიდებლობამდე მივა: ეს დღე რომ შორს აღარ არის, ევროკავშირშიც, ბუნებრივია, იციან და ახლა იმედოვნებენ, რომ კოსოვოს ლიდერებს დაიყოლიებენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

თუმცა, საქმე მარტო უშუალოდ კოსოვოს სტატუსს როდი ეხება: სლოვენიისვე ამოცანაა, გაუძღვეს ევროკავშირის ძალისხმევას, რომელსაც გამორჩეული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც - ძალისხმევას, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა პრცენდენტად არ გამოიყენონ სეპარატისტულმა ძალებმა თუნდა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში.

კოსოვოსადმი ასეთი ყურადღება ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ ყურადღებას სხვა საკითხებისადმი. შესაბამისად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა მომდევნო 6 თვის მანძილზე აქტიურობით გამორჩეული არ იქნება.

რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, სლოვენიის ყურადღების ცენტრში რჩება ევროკავშირისთვის უკვე ტრადიციულ პრიორიტეტად ქცეული ორი სფერო, კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკა.

და კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხია იმიგრაცია. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააერთიანებენ ძალისხმევას უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ, იმავდროულად კი იზრუნებენ ზომებზე კანონიერი იმიგრაციის პროცესის მოსაწესრიგებლად.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სლოვენიამ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქცია პორტუგალიისაგან ჩაიბარა.
XS
SM
MD
LG