Accessibility links

logo-print

ახალი წლის ღამე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოიყენეს.

  • ნიკო ნერგაძე

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოფლის ცენტრში დადგმულ ნაძვის ხესთან, შეხვდა.

საახალწლოდ პრეზიდენტობის კანდიდატმა აფხაზეთიდან დევნილებს მიმართა და აღუთქვა, რომ მათთვის თბილისის ზღვის ხედი მალე ბიჭვინთისა და ოჩამჩირის აკვატორიის ხედებით შეიცვლება. სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის წინასაახალწლო მილოცვა ქართულმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა გალის მცხოვრებლებსაც მიმართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს გალში და მე მინდა ვუთხრა მათ: ამ დღეებში ჩვენ ვართ მომსწრე თქვენი არნახული გმირობის. მე მინდა იცოდეთ, დებო და ძმებო, ნურაფრის ნუ გეშინიათ. თუ თქვენ არ გამოგიშვებენ აქეთ მხარეს, სულ მალე ჩვენ ყველანი ჩამოგაკითხავთ თქვენს სახლებში.”

საქართველოს ერთიანობაზე ლაპარაკობდა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატიც, რომელიც ოცდათერთმეტი დეკემბრის ღამეს რეგიონში შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ახალი წელი სოფელ ნიქოზში გაატარა, სადაც მან პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ქართველები, ოსები და აფხაზები ერთად ააშენებენ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს.

ლევან გაჩეჩილაძე ახალ წელს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში სტუმრობდა, დავით გამყრელიძემ დღესასწაული თავის მხარდამჭერებთნ ერთად გაატარა, გიორგი მაისაშვილმა კი მისთვის უცნობი ოჯახის მეკვლეობა გადაწყვიტა.

[გია მაისაშვილის ხმა] ”გაუმარჯოს თქვენს ოჯახს, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს ოჯახში სრულიად საქართველოსთვის.”

პირველ იანვარს პოლიტიკოსებმა ტაიმ-აუტი აიღეს, თუმცა დიდი ხნით არ შეუსვენიათ. უკვე ორი იანვრიდან წინასაარჩევნო კამპანია ჩვეული ტემპით განახლდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჯერ არჩევნებზე აკრედიტებულ უცხოელ დამკვირვებლებს გაესაუბრნენ, შემდეგ კი თავადაზნაურობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილის შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ კი პრესკონფერენცია გამართა და ოპოზიციონერ კანდიდატებს ხუთ იანვარს საარჩევნო უბნებთან საკუთარი აქტივისტების მიყვანისგან თავის შეკავება ურჩია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში პროვოკაციების რისკი იზრდება:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”პირველ რიგში, ნებისმიერი ამომრჩევლისთვის, რომელიც მიდის უბანზე, უბნის უშუალო სიახლოვეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის ყოფნა ქმნის დისკომფორტს და ქმნის მორალურ წნეხს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს ყოველგვარი დისკომფორტის და მორალური წნეხის გარეშე.”

პრესკონფერენცია გამართა შალვა ნათელაშვილმაც. მან კიდევ ერთხელ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო დებატებში. ნათელაშვილის თქმით, როგორც სპორტსმენი ვერ გახდება ჩემპიონი, თუ მან შეჯიბრში არ მიიღო მონაწილეობა, ისე პრეზიდენტი ვერ შედგება დებატების გარეშე:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”მისგან ვერასოდეს შედგება პრეზიდენტი და არც შედგება, ისედაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ დებატებზე ის უნდა დაჯდეს და ჩვენს ცამეტწლიან დაპირისპირებას გასცეს პასუხი. ხალხმა უნდა შეაფასოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი ჩემსა და სააკაშვილს შორის.”

პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერებმა კი ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადეს. პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა დავით შუკაკიძემ განაცხადა, რომ პარტია მემარჯვენე მიმართულების იქნება და მასში მრავალი ბიზნესმენი და ცნობილი ადამიანი გაერთიანდება. მისი თქმით, პარტიის სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, მას ”საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა” ერქმევა.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ირინა სარიშვილი, რომელმაც თქვა:

[ირინა სარიშვილის ხმა] ”ვერ მიიღებს ბადრი პატარკაციშვილი ”ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის” რეგისტრაციას, თუ ამაზე იუსტიციის სამინისტროში თანხმობა არ განუცხადა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ.”

წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. არჩევნებამდე სამი დღით ადრე კანდიდატებს საახალწლო ზეიმის დრო არ რჩებათ.


XS
SM
MD
LG