Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფრიდომ ჰაუზის” შეფასებით, 2007 წელი საქართველოსთვის, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, უკუსვლის წელი იყო


ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუზმა”, რომლის შესახებაც ჩვენს გადაცემებში არაერთხელ ყოფილა საუბარი, საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ის მკაცრ კრიტიკას შეიცავს, რაც საქართველოს რეიტინგის შეცვლითაც გამოიხატა. აქვე შეგახსენებთ, რომ “ფრიდომ ჰაუზი” - დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია - 1941 წელს დაარსდა აშშ-ში და მსოფლიოში თავისუფლების დაცვაზე, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებაზე მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ორგანიზაციად არის აღიარებული.

“ფრიდომ ჰაუზის” წლიური ანგარიში მოიცავს 2007 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს, და მის რეიტინგში საქართველოსთვის მიჩენილი ადგილი გაუარესებულია ორივე ძირითადი მახასიათებლით: როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით. კერძოდ, 2006 წელს მიჩენილი მესამე ჯგუფიდან საქართველომ მეოთხეში გადაინაცვლა. დემოკრატიულობის ნიშნით შეფასებული ქვეყნები სულ 7 ჯგუფად არიან დაყოფილი - ყველაზე დემოკრატიულნი პირველში, ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულები - მეშვიდეში ხვდებიან. ამასთან, საქართველომ შეინარჩუნა “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი.

საქართველოს რეიტინგის გაუარესების მიზეზს ასე განმარტავს”ფრიდომ ჰაუზის” ანგარიშის ავტორი, კრისტოფერ უოკერი: [უოკერის ხმა] “ნომბრის მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს რეიტინგის გაუარესებაში. იმავდროულად თვალსაჩინო იყო საზოგადოებრივი დიალოგის შესუსტების პროცესი, რაც გამოიხატა პრეზიდენტ სააკაშვილის მზარდ პასიურობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის თვალსაზრისით. ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს რეიტინგის ზოგად გაუარესებას”.

საქართველოს შესახებ ანგარიშში მარტო ერთწლიან პერიოდზე არ არის ლაპარაკი. თხრობა იწყება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისით, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა რუსეთის მიერ ანექტირების შედეგად. მოკლე მიმოხილვის შემდეგ უფრო დაწვრილებით არის ლაპარაკი 1991 წლის შემდგომ პერიოდზე, რომლის შესახებაც “ფრიდომ ჰაუზი” კარგად არის ინფორმირებული. თუ რატომ, ეს კრისტოფერ უოკერის შემდეგი პასუხიდან ჩანს: [უოკერის ხმა] “ფრიდომ ჰაუზი” საქართველოში ვითარების შეფასებას ეწევა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში ქვეყანამ, ჩვენი შეფასებით, წინსვლას მიაღწია. 2007 წელი კი საქართველოს უკუსვლის წელი გამოდგა. და ჩემი აზრით, მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ
საქართველოში დემოკრატიას ღრმად არა აქვს გადგმული ფესვები.”

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კრისტოფერ უოკერმა აღიარა, რომ “გამაწბილებლად” მიაჩნია ის, რაც 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში მოხდა საქართველოში - რადგან მიხეილ სააკაშვილს, მისი შეფასებით, დიდი დამსახურება მიუძღვის, საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების, ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით. ნოემბრის მოვლენები კი წინააღმდეგობაში იყო ამ პროცესთან.

მაშ, რა უნდა მოხდეს საქართველოში - მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუ კენჭისყრის შემდეგ - საიმისოდ, რომ საქართველომ ისევ დაიმსახუროს უკეთესი შეფასება დემოკრატიულობის თვალსაზრისით? ამ შეკითხვაზე
ქრისტოფერ უოკერი შემდეგ პასუხს იძლევა: [უოკერის ხმა] “ვფიქრობ, არის რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც მართლაც სურს საქართველოს დემოკრატიული ექსპერიმენტის წარმატება. ერთია - დემოკრატიული დიალოგის გააქტიურება. რაც შეეხება არჩევნებს - აქ მთავარია გავიაზროთ რომ ეს არჩევნები წელს გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება - მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი საშუალება და არა საკუთრივ მიზანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არჩევნები 5-ში გაიმართება, შედეგები მალევე გვეცოდინება და ამ ეტაპზე როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ - ქვეყანაში არსებული ნდობის კრიზისის ფონზე - ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მძაფრი რიტორიკა შეარბილონ და დემოკრატიულ დიალოგსა და რეფორმებს მიჰყონ ხელი. მათ იციან, ეს როგორ გააკეთონ - ამას გარკვეული წარმატებით აკეთებდნენ კიდეც ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველა ლიდერმა ყურადღება გადაიტანოს იმაზე, რასაც მე მათ საერთო მიზნებად აღვიქვამ - ეს არის საქართველოს წარმატებულ დემოკრატიად ჩამოყალიბება კავკასიაში და დემოკრატიის სფეროშიც გაგრძელება წინსვლისა, რომელსაც მიაღწია სხვა სფეროებში - ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურაში”.

“ფრიდომ ჰაუზის” ანგარიშში ავტორი, კრისტოფერ უოკერი მიუთითებს სირთულეებზეც, რომლებიც საქართველოში რეფორმების განხორციელებისაკენ მიმართულ ძალისხმევას ახლავს. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად არის მოყვანილი რუსეთის პოზიცია: კრემლის მიერ 2006 წელს შემოღებული და დღემდე მოქმედი ბლოკადა.
XS
SM
MD
LG