Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ამომრჩევლებიც ერთვებიან


ისევე როგორც საქართველოში, აშშ-შიც პოლიტიკური დისკუსიების ცენტრში ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი პროგრამები არიან მოქცეული.

თუმცა, საარჩევნო მარათონი იქ გაცილებით უფრო ადრე დაიწყო: თითქმის მთელი წელია, ამერიკელები თვალს ადევნებენ აშშ-ის მორიგი პრეზიდენტის გამოვლენის პროცესს, რომელსაც ნემბერში საპრეზიდენტო არჩევნები დაასრულებს. ამ ეტაპზე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების სულ 15 წარმომადგენელი იბრძვის იმისათვის, რომ თავის პარტიების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელდეს. ანუ 15-დან უნდა დარჩეს ორი: რესპუბლიკელებისა და დემოკრატების თითო-თითო წარმომადგენელი. და აი, 3 იანვარს დაიწყო ამ ორი ადამიანის, ორი კანდიდატის გამოვლენის პროცესი.

პროცესი დაიწყო აშშ-ის ცენტრალურ, აიოვას შტატში. მისი თითქმის 3-მილიონიანი მოსახლეობის 95 პროცენტს წარმოშობით ევროპელი ამერიკელები შეადგენენ. ამდენად, აიოვა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ გამოდგება ტიპური ამერიკული რასობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მაგალითად.

და მაინც, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატმა მილიონობით დოლარი დახარჯა აიოველების გულის მოსაგებად. მართლაც მოიგო თუ არა, მალე უნდა გამოჩნდეს: ხუთშაბათს საღამოს, დემოკრატებად და რესპუბლიკელებად რეგისტრირებული ათასობით აიოველი იკრიბება დებატებზე იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი კანდიდატი იმსახურებს პარტიის მხარდაჭერას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

რესპუბლიკელების ამოცანა იოლია: მათ საარჩევნო ბიულეტენი უნდა შეავსონ თავშეყრის ადგილას. დემოკრატებს კი უფრო რთული პროცესი მოელით: მათი შეკრებები ბევრ ადგილას იმართება, ყოველმა მონაწილემ უნდა დაასახელოს სასურველი კანდიდატი და განმარტოს, რატომ ემხრობა მას. ამის საფუძველზე ყოველი კანდიდატის მხარდაჭერის ამასხველი პროცენტი უნდა გამოვლინდეს და გაიგზავნოს შტატის პარტიულ შტაბბინაში იმის დასადგენად, თუ რამდენი დელეგატი ეყოლება თითოეულ კანდიდატს პარტიის ყრილობაზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება კანდიდატის ვინაობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

აქ უნდა ითქვას, რომ პროცესი კიდევ გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ახლა განვმარტეთ, მისი შეძლებისდაგვარად გასაგებად წარმოსახვის მცდელობისას.

ვაშინგტონში დაფუძნებული დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ პატრიკ ბეშემის შეფასებით, პროცესის შედეგს ლეგიტიმურობას ანიჭებს ის გარემოება, რომ, ხმის მიცემისას, ყოველი ამომრჩეველი კარგად არის ინფორმირებული კანდიდატის და მისი პროგრამის შესახებ.

ზაფხულში უნდა გაიმართოს ორივე პარტიის ყრილობები, კანდიდატების ვინაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელებისთვის იბრძვის 8 ადამიანი, მათ შორის ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს 7 კაცი, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილი მერი, რუდი ჯულიანი.
XS
SM
MD
LG