Accessibility links

რადიო "თავისუფლების" 6 შეკითხვა პრეზიდენტობის 7 კანდიდატს (I ნაწილი)


24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, “რადიო თავისუფლება” დილის ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატებს მასპინძლობდა, მათი საარჩევნო ნომრის რიგითობით.

“რადიო თავისუფლების” 6 ძირითად შეკითხვას, რომლებიც მსმენელთა ზარებსა და ინტერესს ეფუძნება, პასუხობდნენ:
1. სალომე ზურაბიშვილი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძის (№1) საარჩევნო შტაბის წევრი;
2. გიორგი ჟვანია - არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის (№2) საარჩევნო შტაბის უფროსი;
3. დავით გამყრელიძე - პრეზიდენტობის კანდიდატი №3;
4. შალვა ნათელაშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატი №4;
5. გიგი წერეთელი - მიხეილ სააკაშვილის (№5) საარჩევნო შტაბის წევრი;
6. გიორგი ღაღანიძე - გიორგი მაისაშვილის (№6) საარჩევნო შტაბის წევრი;
7. ირინა სარიშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატი №7.

”რადიო თავისუფლება”:
პრეზიდენტობის კანდიდატის უმთავრესი სოციალური დაპირებები და რა იქნება მათი დაფინანსების წყარო (რით უზრუნველყოფთ დასაქმების საკითხის გადაჭრას, სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფას; რა სიახლეებია მოსალოდნელი ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში)?

სალომე ზურაბიშვილი:
ჩვენი, სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებული პოზიციები იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ჯერ ერთი, ტყუილ დაპირებებს არავის არ ვაძლევთ. ეს რას ნიშნავს: ის, რაც ბიუჯეტში არ დევს და რისი შესრულებაც შეუძლებელია, იმას ნამდვილად არ დავპირდებით. ზოგჯერ ჩნდება ისეთი წარმოდგენა, რომ დღევანდელი ყოფილი პრეზიდენტი აღარ ფიქრობს, რომ იქნება პრეზიდენტი. რომ ფიქრობდეს, რომ ექვს იანვარს იქნება პრეზიდენტი, მე ნამდვიალდ არ ვიცი, საიდან უნდა დააფინანსოს ის დაპირებები, რომელსაც ყოველდღიურად აძლევს სხვადასხვა კატეგორიებს. მეტადრე, როცა ვიცით, რომ უკვე ამ დღემდე დახარჯულია 400 მილიონი დოლარი ამ საარჩევნო კამპანიაში. ესეც არ ვიცით, საიდან არის დაფინანსებული და რა დღეში დაგვხვდება ხაზინა. ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი, რაც გვექნება გასაკეთებელი - ეს არის ბიუჯეტის დათვლა და, იქიდან გამომდინარე, ვნახოთ რა დახმარებები შეიძლება უახლოეს პერიოდში, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყოს მსხვერპლი იმ ინფლაციის, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლამდე არის მისული - 11% ოფიციალურად, მაგრამ რეალურად ეს არის გაცილებით მეტი, 15-დან 17%-მდე და ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, კიდევ უფრო მოიმატოს. ჩვენი დაპირებები რაში მდგომარეობს? - ჩვენ უნდა უთუოდ დავეხმაროთ იმ ბიზნესს, რომელიც არის დაქცეული. იმიტომ, რომ ბიზნესიდან არის ამოღებული საარჩევნო თანხები - ძალადობით არის ამოღებული. ასეთ პირობებში თავისუფალი ბიზნესი და წარმატებული ბიზნესი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ გვჭირდება წარმატებული ბიზნესი იმისათვის, რომ დაასაქმოს ადამიანები; კრედიტები, რომ თვითონ დასაქმდნენ ადამიანები; შიდა ბაზრის დაბრუნება,რომ გლეხობამ მონახოს თავისი პროდუქციის გასაღების საშუალება და ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად, რომ ჩვენ პირველივე თვეებში დავიცვათ ჩვენი შიდა ბაზარი და ქართული ნაწარმი დაბრუნდეს ქართულ ბაზარზე და ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ მყიდველები უცხო პროდუქციის.
ამას უნდა დაემატოს სოციალური დახმარება, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში, სადაც, მაგალითად, არსებობს საავადმყოფოები, რომლებიც აღჭურვილია უცხო დახმარებით. რამდენიმე საავადმყოფოში უნდა იყოს საშუალება, რომ ყველაზე დაუცველი ფენა მივიდეს და უფასოდ მიიღოს ის პირველადი დახმარება, რომელიც აუცილებელია. ეს მანამ, სანამ ჩვენ სრულად არ გადავხედავთ ჯანდაცვის სისტემას და რეალურად არ მოვახდენთ მის რეფორმას და არა საავადმყოფოების გაყიდვით და იმ ფულის გაფლანგვით, არ ვიცით სად?

გიორგი ჟვანია:
ბატონ ბადრის სოციალური დაპირებები საკმაოდ გახმაურებული ამბავია. ეს, პირველ რიგში, ეხება, რა თქმა უნდა, დენისა და გაზის მნიშვნელოვან შეღავათს - 100 კილოვატი იქნება დაფარული. იმავე რაოდენობის გაზი იქნება დაფარული. იქ არის პენსიების მატებაზე საუბარი - 120 ლარი გაიცემა მაისიდან პენსია. ომის ვეტერანებისთვის გახდება 120 ლარი. აქ არის მნიშვნელოვანი დახმარებები გათვალისწინებული უმუშევრებისთვის, წელიწადში 600 ლარის ფარგლებში, და ასე შემდეგ.
რა არის დაფინანსების წყარო? - ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ მწირია, ეს გამოიწვევს ბიუჯეტში გარკვეულ დეფიციტს და ეს დეფიციტი გადაფარული იქნება ბატონ ბადრის შემოსავლებიდან, გრანტის სახით.

დავით გამყრელიძე:
რაც შეეხება დაპირებებს და როგორ ვფიქრობთ ჩვენ დასაქმების პრობლემის გადაჭრას: პროგრამაში პირდაპირ ვსაუბრობთ, რომ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სწორედ თბილისს გარეთ, საქართველოს რაიონებში ბიზნესცენტრების და ხელშემწყობი სტრუქტურების ჩამოყალიბებით, იმ დასავლური გამოცდილების გაზიარებით ვფიქრობთ, შრომისუნარიანი მოსახლეობის 80 პროცენტი ჩავაბათ საშუალო და მცირე ბიზნესში დასაქმებულის თუ დამსაქმებლის როლში. რაც შეეხება ჯანდაცვასა და განათლებას, ჩვენი პრიორიტეტი აქ არის ის, რომ სკოლას დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია და თავისი პრესტიჟი დავუბრუნოთ პედაგოგს, რომელსაც ექნება ის დაფინანსება (მინიმუმ - 350 ლარი), რომელიც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ მუშაობას, ნორმალურ პირობებს. ხოლო, რაც შეეხება ჯანდაცვას, გარწმუნებთ, რომ ეს სფერო მე კარგად ვიცი - რა არის დაგროვილი და, პირველ რიგში, რაც ყველაზე მარტივად შემიძლია ვთქვა - მე ვფიქრობ, რომ მაინც ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიით ექიმმა ადამიანმა უნდა უხელმძღვანელოს და იზრუნოს იმაზე, რომ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს შეექმნას ნორმალური პირობები როგორც დაფინანსების და ანაზღაურების თვალსაზრისით, ისე სამუშაო პირობების მხრივ.

შალვა ნათელაშვილი:
ჩვენ არ გვაქვს არავითარი სოციალური დაპირება, ხელშეკრულება, პროგრამა ან პლატფორმა, რადგან ყველა ამ დასახელების ინსტიტუტმა ცუდი კვალი დატოვა მოსახლეობის მეხსიერებაში, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, აღმოჩნდა ტყუილი ყველა ეპოქაში და ყველა პრეზიდენტის დროს.
ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოვახდენთ საბიუჯეტო რესურსის გადანაწილებას სოციალური საჭიროებისათვის და შევწყვეტთ ბიუჯეტის ფლანგვას პრივილეგიებში, ვიზიტებში, 50-ჯიპიან დაცვებში, კერძო თვითმფრინავების ყიდვაში, სასახლეების მშენებლობაში, კორუფციის წყაროდ ბიუჯეტის გამოყენებაში. მარტო მაღალი თანამდებობის პირთა დაცვისათვის 50 მილიონია ბიუჯეტში გამოყოფილი,მაშინ როდესაც უფასო საავადმყოფოს საქართველოში მხოლოდ 15 მილიონი სჭირდება. აი, ამ ელემენტარული თანხის გადანაწილებით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ჯანდაცვის და განათლების სფეროებში მდგომარეობა გამოვასწოროთ და, ყოველ შემთხვევაში, ჯანდაცვა და განათლება არ იყოს ყიდვა-გაყიდვის, ვაჭრობის საგანი: გაქვს ფული, გადაგირჩენ სიცოცხლეს, არა გაქვს ფული - მოკვდი; გაქვს ფული, მიიღებ განათლებას, არა გაქვს ფული, კისერი გიტეხია. ეს პრინციპი აქვს სახელმწიფოს იმიტომ, რომ ამ სფეროებისათვის გამყოფილ თანხებს ითვისებს სააკაშვილების, მერაბიშვილების, ბენდუქიძეების, თარგამაძეების, რამიშვილების, ბოკერიების კლანი, მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები, გამგებლები. ასეთი ბატონყმური სახელმწიფო არ ახსოვს ალბათ ყველაზე მკაცრი ფეოდალიზმის ეპოქასაც კი ევროპაში.

გიგი წერეთელი:
ჩვენ ვხედავთ საქართველოს გაცილებით უფრო ძლიერს, საქართველოს, ძალიან მინიმიზებული სიღარიბით და დაძლევით სიღარიბისა მომავალ 5 წელიწადში. ეს არ არის სიტყვები, რომლის უკან არ არის რაღაც მოქმედება და საფუძველი, ან არის არის ძალიან ნათლად დანახული სამოქმედო გეგმა. დღეს პარლამენტის სხდომაზე ჩვენ დავამტკიცებთ 2008 წლის ბიუჯეტს, სადაც უკვე არის ჩადებული ბევრი რამ ჩვენი დაპირებებიდან და ასევე, თუ როგორ მოხდეს საქართველოში მეტი ადამიანის დასაქმება. დასაქმებაზე გადის და ეკონომიკის ზრდაზე გადის სიღარიბის შემცირება. ორი მიმართულებაა, ძირითადად, ამ კუთხით: ერთი - ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ დასაქმების გაზრდა და ადამიანებისათვის საშუალების მიცემა, რომ თავიანთი შრომით მოახერხონ იმ პრობლემების დაძლევა, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ და ასეთი ადამიანი არის ძალიან ბევრი. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი ახალი სოციალური პოლიტიკის ძირითადი ელემენტი სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფომ მიმართოს თავისი მთელი სახსრები, თავისი ფინანსური საშუალებები იმ ადამიანებზე, იმ ოჯახებზე, ვისაც მართლაც უჭირს. ეს არის საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური დახმარებები. ჩვენი გათვლებით ეს არის, დაახლოებით, არის მილიონ ორასი ათასი კაცი და წელს, უკვე ახალი ბიუჯეტით, მოვიცავთ სადღაც, ალბათ, 750 000-მდე ადამიანს, რომლებიც უზრუნველყოფილები იქნებიან გარკვეული ფინანსური სუბსიდიებით და საკმაოდ კარგი ჯანმრთელობის პაკეტით. სწორედ სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არის ჯამრთელობა, ჯამნრთელობის პრობლემები, კატასტროფული ხარჯები, რომლებიც ასეთი რისკის დადგომის დროს აქვს ადამიანს. ამიტომ, ეს მიმართულება არის სწორედ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული. აქვე შეიძლება შევეხო საპენსიო ზრდას, რომელიც ასევე ჩადებულია მომავალი წლის ბიუჯეტში და თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან ბევრი არ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გაკეთდა. ასევე გვინდა დაივიწყოს ჩვენმა მოსახლეობამ ის პერიოდი, როდესაც საქართველოში არ იყო 14 ლარიანი პენსია თვეების განმავლობაში. არ იყო შუქი, არ იყო გზები, ისე, როგორც ჩვენ დავივიწყეთ გარკვეულ ეტაპზე სამოქალაქო ომი, პურის რიგები, კიდევ უფრო მძიმე კრიმინალური სიტუაცია, რომელიც ოდესმე ყოფილა საქართველოში. გვინდა, რომ ეს იყოს წარსული. ჩვენ ორიენტირებული ვართ და სააკაშვილი ორიენტირებულია (როგორც - არასდროს და როგორც - არავინ) მომავალზე.

გიორგი ღაღანიძე:
მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ არაჯანსაღი ფორმა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ სოციალური დაპირებების მარათონმა და, საერთოდ, განზე დარჩა საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეალურად. გიორგი მაისაშვილი, სიმართლე რომ გითხრათ, არაფერს არ პირდება, რადგანაც სოციალური პოლიტიკა არ შეიძლება მოვწყვიტოთ ეკონომიკურ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, მისი დაპირება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძალიან სერიოზული შეცვლა.

ირინა სარიშვილი:
დავიწყოთ იქიდან, რომ მე მემარჯვენე, ან მემარჯვენე-ცენტრისტი ვარ. აქედან გამომდინარე, პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს (არა მხოლოდ - საპრეზიდენტო, მთლიანობაში - პარტიის პროგრამაც) ეფუძნება კლასიკურ სოციალურ პრინციპს - შესაძლებლობების თანასწორობა, ანუ სასტარტო პირობების თანასწორობა, რაც არ ნიშნავს, ბუნებრივია, მემარცხენე ლოზუნგს, ანუ - შემდეგ ყველამ ერთნაირად იცხოვროს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფას და მოსალოდნელ სიახლეებს ჯანდაცვის და განათლების სფეროებში, ჩვენი პროგრამა ამ საკითხში დიდად არ განსხვავდება, მე მგონი, არც ერთი სხვა კანდიდატის პროგრამისგან, ანუ განათლების სფეროში ჩვენ საუბარი გვაქვს იმ ტრადიციულ, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლების რეფორმაზე, რომელიც სამწუხაროდ, ახლა საქართველოში არ არის, თორემ, რეფორმა რომ უნდა ყოფილიყო, ამაზე ორი აზრი არ იყო. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, ჩვენ თუ განვიხილავთ ამას სოციალური მხრიდან - აუცილებლად უნდა იყოს უფასო, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სფეროში რაღაცა სეგმენტი უფასო. რა თქმა უნდა, ეს იქნება შედარებით დაბალი ხარისხის. რა თქმა უნდა, ეს იქნება დროშიც, შესაძლებელია, განსხვავებული ფასიანი ჯანდაცვისგან და განათლების სფეროსგან, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ქონდეს ასეთი დახმარების მიღების საშუალება. საიდან უზრუნველვყოფთ ამას? აქ არის საუბარი, ალბათ, დასაქმების საკითხის გადაჭრაზე. სანამ ქვეყანაში არ არის წახალისებული საშუალო ბიზნესი და წახალისებული კი არა, რეალურად, პირდაპირ რომ ვთქვათ, არც არსებობს იმიტომ, რომ არსებობს მონოპოლიები - ძირითადად, უცხოური მონოპოლიების ფილიალები საქართველოში და არსებობს ასე ჯიხურების დონეზე განვითარებული პატარ-პატარა ბიზნესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, დაფინანსების საკითხს, აი, ასეთი პოლიტიკით ვერ გადავწყვეტთ. უბრალოდ შევპირდეთ მოსახლეობას, რომ ვაძლევთ სამუშაო ადგილებს, ეს სამუშაო ადგილები ციდან ვერ ჩამოცვივდება. ჩვენ ახლაც გვაქვს საშუალება ძალიან ბევრი დღეს მიმდინარე, გინდაც, მშენებლობა, გინდაც, ნებისმიერ სფეროში დასაქმების პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტის. მაგრამ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ასეთ სამუშაოს ძირითადად მაინც დროებით, თუ, შესაძლებელია, სამუდამოდაც ჩამოსახლებული, ანუ ჩამოსული უცხოელები იკავებენ და რეალურად, ჩვენი მოსახლეობისთვის მომსახურე პერსონალის სფერო დარჩა აუთვისებელი. ანუ, ძირითადად შინა-მოსამსახურეები, დამლაგებლები... რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია, მაგრამ ძირითადად მაინც ასე დარჩა. წყარო რა იქნება? მე ამას, ალბათ, მეოთხე შეკითხვამდე როცა ჩავალ, მაშინ ვიტყვი იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ყველა ის საკითხი, რაზეც მე უნდა ვისაუბრო, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობებში ცვლილებებთან, რამდენადაც ეს არის მიზეზი ბევრი რამის.

”რადიო თავისუფლება”:
თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში როგორი იქნება პრიორიტეტები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?

სალომე ზურაბიშვილი:
არ არსებობს დაპირება და დახმარება, რომელსაც არა აქვს ეკონომიკური საფუძველი. ეს არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი... ვინც ამას იჯერებს, ის თვითონ დარჩება მოტყუებული. ეს დაპირებები რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული? ერთი - შეიძლება იყოს ბიუჯეტზე, რაც დამტკიცებული უნდა იყოს პარლამენტის მიერ და ეს არ მომხდარა... მეორე - შეიძლება იყოს დაფუძნებული ექს-პრეზიდენტის კერძო ფონდებზე, თუ გააჩნია ასეთი, და მე არ ვიცი, რანაირად უნდა გამდიდრებულიყო ეს პრეზიდენტი იმ დონეზე, რომ ამდენი თანხები ჰქონდეს. და მესამე, შეიძლება იყოს დაფუძნებული ბიზნესის რეკეტზე და ბიზნესის რეკეტი ამ ხელისუფლების პირობებში იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გაძლევთ რაღაცა თანხებს, 100 ლარს, თუ ფქვილს, თუ რაღაცას, მაგრამ, მეორე მხრივ, დასაქმების ყველა წყაროს ანადგურებ, იმიტომ რომ, როცა ბიზნესს ანადგურებ, ამით ანადგურებ ყველა დასაქმების საშუალებას.
ამრიგად, შიდა ბაზრის დაბრუნება, ბიზნესის დაცვა, რაც ნიშნავს კერძო საკუთრების დაცვას. ვიცით, რომ ადამიანებს დღეს აქვთ პრობლემები რეესტრში, სადაც ეუბნებიან, რომ თუ თქვენ ,,5” არ აირჩიეთ, მაშინ არაფერი არ მოხდება და იმ დოკუმენტებს არ მოგცემთ. ან მიწების დამტკიცების მომენტი - ბევრ ადგილას არის ეს პრობლემა, მაგალითად, წავკისში გამგებელი ეუბნება ადამიანებს, რომ მიწებს არ დავამტკიცებთ, თუკი არ აირჩევთ ნაციონალურ მოძრაობას და მის კანდიდატს. ეს არის დამუქრება. ვერ გააკონტროლებენ, ცხადია, მაგრამ ასეთი მუქარა არსებობს და ზოგიერთი ადამიანის შესაშინებლად ეს შეიძლება ეფექტური იყოს. ჩვენ კერძო საკუთრებას დავიცავთ და დავიცავთ სასამართლოს - ეს არის მთავარი ეკონომიკური იარაღი. ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, არ არსებობს არბიტრაჟი და დაცული არ არის კერძო საკუთრება, იმას არც ეკონომიკა გააჩნია. ყველა მდიდარი ქვეყანა ამ ორ მთავარ ღერძზე არის დაფუძნებული.

გიორგი ჟვანია:
რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი. აქცენტი ეკონომიკაში გაკეთდება, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე. აქცენტი გაკეთდება ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და, საერთოდ, ტურიზმის განვითარებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა დარგები არ განვითარდება. აუცილებლად უნდა ამუშავდეს თუნდაც რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ისეთი ობიექტები, რომლებიც იყო საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი საქართველოში და დღეს არის სრულ სტაგნაციაში. თუმცა მძიმე ინდუსტრია არ იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი, მაგრამ ის დარგები, რომლებიც შეიძლება აღდგეს და იქნება რენტაბელური ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად განვითარდება. საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობდა ეკონომიკურ პროგრამაზე. სამწუხაროდ, ფორსმაჟორულ პირობებში გვიწევდა მუშაობა, იმიტომ რომ არჩევნები ტარდება არაჩვეულებრივად შემჭიდროებულ ვადებში. მაგრამ ძირითადი პრიორიტეტების და მიმართულებების განსაზღვრა მოხერხდა.

დავით გამყრელიძე:
თუ საუბარია ეკონომიკაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, აქ აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აგრარული სექტორი უნდა განვითარდეს და აგრარულ სექტორს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა ექნება ჩვენს პირობებში ქართულ ეკონომიკაში. და ექსპორტი, ექსპორტის ხელშეწყობა, ექსპორტის სპეციალური ბანკის და ხელშემწყობი სადაზღვევო სტრუქტურის შექმნა, რომელიც ყველანაირად წაახალისებს საქართველოდან ექსპორტის გასვლას და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას.

შალვა ნათელაშვილი:
პირველი რიგის ამოცანები იქნება კლანური ეკონომიკის დაშლა და საბაზრო, თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გარანტიებს ნებისმიერი ადამიანისათვის, იმის მიუხედავად, ჰყავს მას ნაცნობი, მეგობარი ხელისუფლებაში, თუ არის, ამ გაგებით, უპატრონო, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბიზნესი აწარმოოს. დღეს ბიზნესი ხელში აქვთ ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის ძმებს, მის დედის ძმას, მის ბიძაშვილებს, ბენდუქიძეს, ბოკერიას და მის მამას, უგულავას, კეზერაშვილს და მის მამას, ცისკარიშვილს და მის მამას...აღარ დამთავრდა ეს მამაშვილობიანი პროცესი ამ ეკონომიკაში. ამიტომ ეს კლანური ეკონომიკა უნდა დაიშალოს და გადავიდეთ საბაზრო ეკონომიკაზე, სადაც იქნება: ბიზნესის თავისუფალი განვითარების საფუძველი - ეს ერთი; მეორე, ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა, არა ისე, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილი, როდესაც დაარბია კომპანია ”სონი”, ,,შირნჰოფერი” , დააქცია ”ბადაგონი” და მის აღდგენას ახლა უნდა წლები, დაარბია ამერიკული ინვესტიცია - ტელეკომპანია ”იმედი”... ამ გზით კი არ მოხდება, მოხდება გადასახადის დაწევის გზით. უცხოელი ინვესტორი, რომელიც შემოვა და გახსნის წარმოებას, სამი წელი განთავისუფლებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადისგან და სხვა გადასახადებისგან. ოღონდ აქ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ბიუჯეტს მოსცილდეს ტვირთი ამ გაჭირვებული მოსახლეობის შენახვის და ამ ინვესტორმა გააკეთოს ეს და ის სახელმწიფოსგან იქნება სრულიად თავისუფალ რეჟიმში 3 წელიწადს, 5 წელიწადს და შეიძლება მეტ ხანს.

გიგი წერეთელი:
რაც შეეხება მეორე ნაწილს - სიღარიბის დაძლევისთვის, ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკა და სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, ვერ შეიქმნება მხოლოდ ხელოვნურად, ვინმეს ბრძანებულებით. სამუშაო ადგილების შექმნისთვის საჭიროა გარკვეული პირობები და ეს პირობები საქართველოში ჩვენმა გუნდმა შექმნა. ჩვენ შევქმენით ის ფუნდამენტი და ძირითადი მოცემულობები, რომელზეც შეიძლება ძალიან კარგად განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის უპირველეს ყოვლისა - კარგი ბიზნეს-გარემო, დაბალი გადასახადები, დაბალი კორუფცია ძალიან, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მეწარმეს იმუშაოს თავისუფლად. ჩვენ მივდივართ უფრო წინ და იგივე ამ ბიუჯეტშიც და სააკაშვილის პროგრამაშიც გათვალისწინებულია მთელი სპექტრი მექანიზმებისა იმისათვის, რომ სამომავლოდ ეკონომიკურ აქტივობას, ბიზნესს და დასაქმებას შეეწყოს ხელი. ეს არის გადამზადების ძალიან ფართო პროგრამა, რომელიც მოამზადებს დაახლოებით ყოველწლიურად 150 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს ახალი უნარჩვევებით იმისათვის, რომ მზარდ კონკურენციაში ისინი იყვნენ უფრო მომზადებულები; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა ე.წ. ”იაფი კრედიტებისა”, რომელზეც სააკაშვილმაც ისაუბრა არაერთხელ. ეს არის 7 კომპონენტიანი ჩამონათვალი, პაკეტი. ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი და საშუალება, რომ დაიწყოს საქმე, მას ექნება ყველანაირი ხელის შეწყობა. მე ვფიქრობ, მთავარი მონაპოვარი და გამარჯვება სააკაშვილის და ამ გუნდის ამ ოთხი წლის განმავლობაში, ყველა პარამეტრი რომ შევკრიბოთ, ეს არის ის, რომ საქართველომ შეიძია ფუნქცია და ის გახდა ძალიან საინტერესო ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. რატომ არ მიდის, მაგალითად, იმ ექვსი დიდი სასტუმროს მფლობელი... ჩვენ ვართ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში - მთაწმინდის რაიონში და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იქნება ყველა ის საუკეთესო ბრენდი, ის საუკეთესო კომპანია სასტუმროების მართვის, რომელიც მსოფლიოში არსებობს და ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის. ანუ, ეს არის ერთი ტიპის ინვესტიცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არის ძალიან დიდი პერსპექტივა.

გიორგი ღაღანიძე:
მთავარი, რაც არის - ჩვენს ეკონომიკას სჭირდება ძალიან სერიოზული გაჯანსაღება. ამ გაჯანსაღებისათვის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც არ სთავაზობს ქვეყანას რაღაცა გადანაწილების მექანიზმს (ანუ ყველა კანდიდატი სთავაზობს, რომ მოდი, რაღაცა სხვანაირად გადავანაწილებ) და სთავაზობს დოვლათის ზრდის მექანიზმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ეკონომიკური პოლიტიკა და მოდელი ეფუძნება ასეთ ფუნდამენტურ დებულებას - ”დაზოგე და განახორციელე ინვესტიცია”. ამისათვის არის აუცილებელი გარკვეული გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა. ასეთი გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა იქნება: დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმება, მოგების გადასახადის გაუქმება, ანუ წარმოების და მომსახურების სფეროს მთლიანი გათავისუფლება დაბეგვრისაგან, საშემოსავლო გადასახადის 10 პროცენტზე დაწევა. და, რასაკვირველია, წარმოიშობა კითხვა - რა ეშველება საბიუჯეტო შემოსავლებს? ეს, რაც არის ამ პროგრამაში აღნიშნული, ეს გახლავთ კარგად აპრობირებული მეთოდი და მოდელი, როდესაც მცირდება განაკვეთები, მაგრამ იზრდება დასაბეგრი ბაზა, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის მთლიანად შემოსავლებს. ძირითადი შემოსავლების წყარო იქნება გაყიდვების გადასახადი (”სეილს ტაქსი” ე.წ.), რომელიც იქნება 4-დან 6 პროცენტამდე და, თანაც, მთელ რიგ სასაქონლო ჯგუფებზე ის არ იქნება (ვთქვათ, გარკვეული ტიპის ბავშვთა კვების პროდუქტებზე და ა.შ.) და ეს იქნება ასევე საშემოსავლო გადასახადი დაბალი განაკვეთით - 10 პროცენტით. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის 1 პროცენტით შემცირება იწვევს 4 პროცენტიან ზრდას საქონელბრუნვაში. ეს არის მაჩვენებლები გაჯერებული ეკონომიკისთვის, მაგალითად, დიდი ბრიტანეთისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს ტიპის ეკონომიკაში ეს გაცილებით უფრო მაღალი იქნება, მაგრამ რომ დაგვეცვა სიზუსტე, ამ მაჩვენებლის მიხედვით გადავთვალეთ, თუ როგორი იქნებოდა საშემოსავლო ბაზა. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ბიუჯეტი 5 მილიარდზე ცოტა მეტია და 5 მილიარდი ლარის მოკრება ამ შემთხვევაში არანაირ სერიოზულ სირთულეს არ წარმოადგენს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესი უნდა გათავისუფლედეს, უნდა წარმოიშვას ახალი ბიზნესები და ეგრეთ წოდებული ”კეთილდღეობის ჯაჭვი” უნდა შეიკრას. ანუ იზრდება რა ერთი გარკვეული ბიზნესი, ის ზრდის მის მომსახურე ბიზნესებს. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების წარმოქმნას. აი, ამ შემთხვევაში უკვე სრულიად რეალისტურია ვილაპარაკოთ, თუ რა პრიორიტეტები უნდა გვქონდეს სოციალურ პოლიტიკაში. რასაკვირველია, როდესაც ეს შემოსავლები გაიზრდება, როდესაც გვექნება უკვე ნათლად წარმოდგენილი, თუ რა არის და როგორი არის პერსპექტივა ზრდისა, შემდგომ უკვე უფრო ადვილი იქნება დაიგეგმოს. თავისთავად ცხადია, რომ (ეს პრინციპული საკითხია) არ შეიძლება საარსებო მინიმუმი, მინიმალური ხელფასი და პენსია ერთმანეთისგან იყოს დაცილებული. ეს ყოვლად გამორიცხულია და ამ საკითხის გადაწყვეტა, ალბათ, მოხდება.
აუცილებელია ვისაუბროთ განათლების სფეროზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ განათლება იქნება ძირითადი პრიორიტეტი. ჩვენ, საერთოდ, განათლებას არ განვიხილავთ როგორც ცალკე მდგომს. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, ვინაიდან დღეს გლობალურ ეკონომიკაში რომ იყო კონკურენტუნარიანი, უნდა გყავდეს ძალიან კარგად განათლებული კადრები. და სწორედ უზარმაზარი, ყველაზე დიდი ნაწილი საბიუჯეტო ხარჯებისა წავა განათლების სისტემაზე. ეს ეხება როგორც სკოლას, როგორც უმაღლესს, როგორც უმაღლესის შემდგომს და ასევე, რასაკვირველია, კვალიფიკაციის შეცვლას. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, ანუ მათ აღჭურვას ყველაზე თანამედროვე შრომის უნარ-ჩვევებით იმისათვის, რომ ისინი გავხადოთ კონკურენტუნარიანები. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ვაპირებთ ასეთი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკით მოვიზიდოთ ე.წ. ”პირველი კლასის ინვესტორები”. ზოგადად ინვესტიციის მოზიდვა კი არ არის ამოცანა. აგერ, ჩახედეთ, ახლა ჩვენთანაც თითქოს ინვესტიციები გაიზარდა, ოღონდ სამუშაო ადგილების ზრდა, ცოტა არ იყოს, არ მისდევს ამას. საიდან არის ეს ინვესტიციები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, კაიმანიდან, სენტ კიც და ნევიცი - ოფშორული ზონებიდან. ჩვენ გვჭირდება პირველი კლასის ინვესტორები. ჩვენ გვჭირდება ”ეპლი”, ”მაკინტოში” - აი, ამ ტიპის მსოფლიო ბიზნეს-ლიდერი კომპანიები. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა ყველა ამ ინვესტორ კომპანიებს, იმის სანაცვლოდ, რომ ვუქმნით ძალიან კარგ გარემოს, გარკვეული შეზღუდვა დავუწესოთ. ეს შეზღუდვა შეეხება შემდეგს: მათ არ ექნებათ უფლება მოიწვიონ 5 პროცენტზე მეტი ექსპატრიანტები, ანუ დანარჩენი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. თავისთავად ცხადია, ამ 5 პროცენტში იქნებიან ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები მოწვეულები. აი, ამ ხალხს ჩვენ გვინდა ვთხოვოთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენს განათლების სისტემაში. აქვე, მე ვხედავ, ჯანდაცვაზეც გაქვთ თქვენ საკითხი. ჯანდაცვაში ჩვენ აქცენტს ავიღებთ პრევენციაზე, თუმცა, რასაკვირველია, მკურნალობაც იქნება გათვალისწინებული და აქ, ალბათ, აქცენტი იქნება სადაზღვევო სისტემის გაძლიერებაზე.

ირინა სარიშვილი:
ძალიან მოკლედ ვიტყვი - საქართველო აგრარული ქვეყანა იყო ყოველთვის და აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული, დარგსაც ვერ ვიტყვით - საფუძველი სახელმწიფოს მშენებლობის. ესეც კლასიკური მემარჯვენე ეკონომიკური სტანდარტებით არის განპირობებული ეს პროგრამაც.
XS
SM
MD
LG