Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო


ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელებმა და

დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის პროცესი 3 იანვარს აიოვის შტატში დაიწყეს. ორი პარტიის ამომრჩევლებმა კენჭი უყარეს წინასწარი პროცედურების შედეგად დასახელებულ რამდენიმე კანდიდატს და უკვე გამოვლინდნენ კიდეც პირველი გამარჯვებულები. თუმცა იმისათვის, რომ რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა რჩეულთა შორის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატები გამოავლინონ, ხმის მიცემის პროცედურა ამერიკის სხვა შტატებშიც უნდა ჩატარდეს.

3 იანვარს გამართულ კენჭისყრაში გამარჯვებულებად რესპუბლიკელებმა მაიკ ჰაკაბი დაასახელეს, ხოლო დემოკრატებმა - ბარაკ ობამა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მაგრამ თუკი გამარჯვებულთა ემოციების მიხედვით ვიმსჯელებთ, გეგონებათ, რომ ისინი უკვე სრულიად ამერიკამ აირჩია პრეზიდენტად:

(ჰაკაბის ხმა) "ამ საღამოს რაც ხდება, ეს ახალი დღის გათენებაა ამერიკის პოლიტიკაში... ამერიკის პოლიტიკას, ისევე როგორც ამერიკის მთავრობას – ახალი დღის გათენება ნამდვილად სჭირდება... ეს პროცესი ამ საღამოს აიოვაში დაიწყო, მაგრამ აქ არ დამთავრდება. ის მოივლის სხვა შტატებსაც და თეთრ სახლში დასრულდება."

ეს მაიკ ჰაკაბია, არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას,"ხალხის ადამიანს", საბოლოო გამარჯვების მიღწევაც შეუძლია. როგორც ჩანს, ასეთი სტრატეგია ამართლებს - ამომრჩევლებმა მას 3 იანვარს ხმების 34 პროცენტი უბოძეს და ამჯობინეს მიტ რომნის, მასაჩუსეტის შტატის ყოფილ გუბერნატორს - პოლიტიკოსს, რომელმაც გაცილებით მეტი ფული დახარჯა საარჩევნო კამპანიის ამ ეტაპზე.

დემოკრატებმა თავიანთი სიმპათიები ბარაკ ობამას მისამართით გამოავლინეს. სენატორმა ილინოისის შტატიდან, ამერიკის პრეზიდენტობის პირველმა აფროამერიკელმა კანდიდატმა, საარჩევნო კამპანიის მთავარ სიტყვებად "იმედი" და "ცვლილება" შეარჩია. ხმების 38 პროცენტის მიძღვნით ბარაკ ობამა 3 იანვარს აიოვის შტატმა დიდად კმაყოფილი დატოვა:

(ობამა) "ჩვენ ვირჩევთ იმედს და არა – შიშს... ჩვენ ვირჩევთ ერთიანობას და არა – განხეთქილებას... დარწმუნებით ვამბობთ - ამერიკაში ცვლილების დრო დგება."

ბარაკ ობამამ აიოვის შტატში ყველა კონკურენტს აჯობა. მათ შორის - ორ ყველაზე ძლიერ დემოკრატ კონკურენტსაც: ჯონ ედვარდს, რომელიც 2004 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ჰილარი კლინტონს – სენატორს ნიუ-იორკიდან.

პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ახლა საკითხავად ის რჩება, შეძლებენ თუ არა ობამა და ჰაკაბი გამარჯვების შენარჩუნებას ამერიკის სხვა შტატებშიც. ფაქტია, რომ ორივემ გამოავლინა ქარიზმა და ხალხის ნდობის მოპოვების უნარი. თუმცა ის, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში გამოცდილება მათ თითქმის საერთოდ არა აქვთ, ორივეს გარკვეულ მინუსად ეთვლება. ამასთან, აიოვის შტატი ნამდვილად ვერ აირეკლავს შეერთებული შტატების ამომრჩეველთა საერთო ინტერესებსა და მოთხოვნებს. მაგალითად, აიოვის შტატს არასოდეს ჰყოლია წარმომადგენელი ქალი კონგრესში. ეს, შესაძლოა, ერთგვარი მაჩვენებელი იყოს ჰილარი კლინტონისთვის, ერთადერთი ქალი კანდიდატისთვის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მომდევნო შიდაპარტიულ არჩევნებს დემოკრატები და რესპუბლიკელები 8 იანვარს შტატ ნიუ-ჰემპშირში გამართავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG