Accessibility links

უკრაინული ”დემოკრატიული ინიციატივების” ფონდი 5 იანვრის ეგზიტპოლს ნდობას უცხადებს


საქართველოში ჩავიდნენ ესტონეთის, უკრაინისა და


შეერთებული შტატების სოციოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც 5 იანვარს ეგზიტპოლის ჩატარების პროცესს დააკვირდებიან. მათ შორის არიან ცნობილი უკრაინული სოციოლოგიური სამსახურის, ”დემოკრატიული ინიციატივების” ფონდის, წარმომადგენლები. თუმცა, ასეთი ავტორიტეტული ექსპერტების მონაწილეობის მიუხედავად, ეგზიტპოლის ჩატარებას, რომელსაც, რამდენიმე დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანიის დაფინანსებით, 4 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს კოორდინირებას, უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური კანდიდატები და მათი მომხრეები. და მართლაც, რატომ უნდა ენდონ ამომრჩევლები ეგზიტპოლის შედეგებს? - ამ და სხვა შეკითხვებზე ინტერვიუ ჩამოვართვი უკრაინის ”დემოკრატიული ინიციატივების” ფონდის სამეცნიერო ხელმძღვანელს, სოციოლოგ ირინა ბეკეშკინას.

[ირინა ბეკეშკინა] ”პირველ ყოვლისა, მე, როგორც ადამიანი, რომელიც უკრაინაში ჩატარებულ 9 ეგზიტპოლში ვმონაწილეობდი (1998 წლიდან დაწყებული, და წინა, 2007, წლის არჩევნებით დამთავრებული), ვიტყვი, რომ არ შეიძლება ენდოთ ყველა ეგზიტპოლს. უნდა ენდოთ მხოლოდ იმ ეგზიტპოლს, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჩატარებულია პროფესიონალების მიერ და, მეორე, უნდა ენდოთ ეგზიტპოლს, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის და რომლის შემოწმებაც საზოგადოებას შეუძლია.”

[კობა ლიკლიკაძე] კარგი, მაშინ უფრო კონკრეტული შეკითხვა. რამდენად პროფესიულად არიან შერჩეულები ის მოხალისეები და საველე წარმომადგენლები, რომლებმაც 5 იანვრის არჩევნებზე ეგზიტპოლი უნდა ჩაატარონ? რამდენად პროფესიული და სანდოა ის მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა შეიქმნას საერთო სურათი?

[ირინა ბეკეშკინა] ”იცით, არავინ მსოფლიოში ეგზიტპოლის მეთოდოლოგიას არ იგონებს. ის უკვე შემუშავებულია მსოფლიოში, სხვადასხვა ვარიანტის სახით, და საჭიროა მხოლოდ მისი მისადაგება კონკრეტულ ქვეყანასთან. ამიტომ მას არავინ იგონებს და არც ჩვენ გამოგვიგონია ის 1998 წელს.”

[კობა ლიკლიკაძე] ეს უკრაინაში, მაგრამ რა ხდება საქართველოში?

[ირინა ბეკეშკინა] ”აქაც მეთოდოლოგია არსებითად არ განსხვავდება, იმიტომ რომ, კიდევ გავიმეორებ, არც ერთი ქვეყანა ამ მეთოდოლოგიას დამოუკიდებლად არ შეიმუშავებს. [საქართველოში] მეთოდოლოგია სავსებით ნორმალურია. თუ ვინ შეარჩიეს ინტერვიუერებად, მე არ შემიძლია ამაზე პასუხი ვაგო. ამაზე პასუხს აგებს ავტორიტეტული ფირმა, რადგან იგი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ რეპუტაციას. თუ ფირმა ბაზარზე მუშაობს, იგი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ რეპუტაციას, რადგან მან ეგზიტპოლის დროს უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია სწორად და ნორმალურად მუშაობა. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია ვესაუბროთ თითოეულ ინტერვიუერს, მაგრამ ესენი არ უნდა იყვნენ მოხალისეები. ესენი უნდა იყვნენ პროფესიულად გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ეგზიტპოლის დროს მუშაობენ, არამედ ეს მათი სამსახურია.”

[კობა ლიკლიკაძე] ირინა, თქვენი ”დემოკრატიული ინიციატივების” ფონდი, როგორც თქვით, მეცხრედ ატარებს ეგზიტპოლს.

[ირინა ბეკეშკინა] ”ჩვენ ვმუშაობთ წამყვან უკრაინულ სოციოლოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობაში.”

[კობა ლიკლიკაძე] დიახ. და ცნობილია თუ არა თქვენთვის რაიმე საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, ”საერთო ევროპული საქმის”, შესახებ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ასევე აპირებს ალტერნატიული ეგზიტპოლის ჩატარებას?

[ირინა ბეკეშკინა] ”მე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ უკრაინაში ასეთი ცენტრი არ არსებობს. სხვათა შორის, თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამ შეკითხვას მისვამს. ჯერ კიდევ კიევში დამიწყეს ამაზე შეკითხვების დასმა. მე, როგორც ადამიანს, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ ვარ ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ცენტრი უკრაინაში არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს სოციოლოგი ლეონიდ ბელოუსოვი.”

[კობა ლიკლიკაძე] დაბოლოს, ირინა, სად იქნებით პირადად თქვენ 5 იანვარს? რაში გამოიხატება თქვენი, როგორც ეგზიტპოლზე დამკვირვებლის, მისია?

[ირინა ბეკეშკინა] ”როგორც ჩანს, ჩვენ გავაკონტროლებთ საარჩევნო უბნებს. თუ რომლებს - ეს ჯერ მეც არ ვიცი და, რომც ვიცოდე, მით უმეტეს, ვერ გეტყოდით. მეორეც, ჩვენ გავაკონტროლებთ ინფორმაციის მიღებას და მის შეყვანას კომპიუტერში. და მესამე, ჩვენ გავაკონტროლებთ პროცესებს, რაც შეეხება პრეს-რელიზის დაწერას და სხვა ყველა დანარჩენს.”
XS
SM
MD
LG