Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ეგზიტპოლების სანდოობისათვის” - ამ

სათაურით ”რეზონანსში” ქვეყნდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის განცხადება. ეს ორგანიზაცია, სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, არჩევნების დღეს ეგზიტპოლის წარმართვას გეგმავს. ფონდის განცხადებაში ნათქვამია: ”ისევ და ისევ არჩევნების ირგვლივ შექმნილი უკიდურესად პოლიტიზირებული ატმოსფეროს გამო, გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ხსენებული ეგზიტპოლის მიმართ არსებობს უნდობლობა, რაც, ყველაფერთან ერთდ, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, როგორც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სააზროვნო ცენტრის, დისკრედიტაციას იწვევს. ფონდი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და სიმპათიის მქონე თანამშრომელი მუშაობს, მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში ობიექტური ეგზიტპოლების ჩატარება აუცილებელია. ამავე დროს, ფონდი, აცნობიერებს რა, რომ ხსენებული ეგზიტპოლის ირგვლივ საზოგადოების ერთ ნაწილში არსებობს სკეფსისი, კვლავ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მონაწილეობა მიიღოს ეგზიტპოლის ჩატარების ნებისმიერ სტადიაში.” განცხადების ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს არჩევნები, ეგზიტპოლის ციფრები არ იქნება გამოყენებული ამა თუ იმ მხარის მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. განცხადებას ”რეზონანსი” აქვეყნებს. ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან, რომელიც, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ქართულ მედიაზეც საუბრობს. ”ქართულ მედიას ”კეთილი ომით” არ უომია. სამწუხაროდ, არსებობს ქართველ ჟურნალისტთა ანგაჟირებულობის გამოცდილება. ამის დასტურია მათი სამსახურებრივი მდგომარეობა: ბევრი მათგანი ე.წ. ჟურნალისტური დამსახურებების გამო სახელმწიფო დაწესებულებების მნიშვნელოვანი თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენი - ქცევის დასწავლა. როცა ქცევის წახალისება ხდება, მაშინ იგი ხდება დასწავლილი საზოგადოების მიერ. ასეა ნებისმიერ საზოგადოებაში. ასე მოხდა საქართველოშიც ჟურნალისტებთან მიმართებით. ცხადია, ეს ყველას არ ეხება”, - ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი, ღმერთი არ გაუწყრეთ და უკანონობაზე არ წავიდნენ!” - ამ სათაურით ”ახალი თაობა” ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუს ბეჭდავს. საუბარი შესაძლო გაყალბებასა და, მათ შორის, სიებში არსებული უზუსტობების გაყალბებისთვის გამოყენების საკითხს ეხება. ხმალაძე ამბობს: ”ნახვა იმისა, მკვდარ სულებზე არის თუ არა ხელმოწერები, მხოლოდ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ან თუ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და სასამართლომ დაადგინა მისი გახსნა და შემოწმება”. ამას გარდა, ხმალაძე დასძენს: ”საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, თბილისშიც და რაიონებშიც ხალხი საკმაოდ მობილიზებულია, რაიმე დარღვევები არ მოხდეს, დარღვევის შესაძლებლობა არავის მისცენ. ამიტომ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ვინმემ სცადა ისეთი რამეების გაკეთება, რაც ადრეც ხდებოდა,- ყუთების გატაცება, უბნებში არევ-დარევა, - ალბათ, კონფლიქტები მოჰყვება. მოგეხსენებათ, როცა ფიზიკური დაპირისპირება იწყება, ეს შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს. ვისაც იდნავ მაინც აწუხებს ქვეყნის ბედი, ღმერთი არ გაუწყრეთ და უკანონობაზე არ წასცდეთ ხელი, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება.” - ინტერვიუს ვახტანგ ხმალაძესთან ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის ორ წინასაარჩევნო დაპირებაზე ესაუბრება. კერძოდ, ინტერვიუ შეეხება პოლიტიკურ გუნდში სერიოზული ცვლილებების განხორციელების განზრახვასა და მეორე საპრეზიდენტო ვადაში კონფლიქტური ზონების საქართველოს შემადგენლობაში დე ფაქტო დაბრუნებაზე. პოლიტოლოგი ამბობს: ”მთავარი ის კი არ არის, ვის გაუშვებს სააკაშვილი თავისი გუნდიდან. მთავარი ის არის, ვის მიიყვანს ძველების ნაცვლად.” რაც შეეხება კონფლიქტებს, ცინცაძე ვარაუდობს, რომ ”სააკაშვილი შინაგანად მზად არის და მას მოფიქრებულიც აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების რაღაც კომპრომისული გეგმა, რომელსაც არავის - უახლოეს გარემოცვასაც - ჯერ არ უმხელს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსაც”. ”მე ძალიან მეეჭვება იმ გზით რაიმეს მიღწევა, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა. იმის გამო, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკით, რომელიც დღემდე საჯაროდ მიმდინარეობს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ეს არის გაერო, უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ეუთოს უშედეგო მცდელობები, ამ გზით მიზნის მიღწევა არარეალურია”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, საჭიროა რაღაც არაორდინარული, ძალიან გაბედული ნაბიჯის გადადგმა კონფლიქტების გადაჭრის კუთხით.
XS
SM
MD
LG