Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის საინფორმაციო საშუაელებები დაწვრილებით აშუქებენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს.


დასავლეთის საინფორმაციო საშუაელებები დაწვრილებით აშუქებენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს.

რიგგარეშე არჩევნების დღეს, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი ტელეარხი გადასცემდა ინფორმაციას: იქნებოდა ეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC, აშშ-ში დაფუძნეუბლი და, ალბათ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში წამყვანი ტელეკომპანია CNN, თუ გერმანიის საზოგადოებრივი ტელეარხები. თუმცა, ჩემთვის ხელმისაწყვდომი წყაროებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დაწვრილებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ამბები პოლონეთის ტელევიზიამ გააშუქა: იყო პირადპირი ჩართვა თბილისთან, მოსკოვთან, იყო ვარშავის სტუდიაში მიწვეული ექსპერტი, თბილისში და მოსკოვშიც ექსპერტები ისხდნენ სტუდიებში.

დასავლეთის წამყვან ტელეარხებზე ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, ბუნებრივია, სტანდარტული ინფორმაციის გარდა (ვინ მონაწილეობს არჩევნებში, როგორია ამომრჩევლის აქტიურობა, რამდენად წყნარია ვითარება) მითითებული იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის წინ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თითქმის 100-პროცენტიანი მხარდაჭერით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ახლა კი ყველა დარწმუნებულია, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს, რომ ნათელი არ არის, საერთოდ პირველივე ტური გადაწყვეტს თუ არა არჩევნების ბედს. და ყველა საინფორმაციო გამოშვებაში იყო ლაპარაკი 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლის დარბევაზე, რომ სააკაშვილის დემოკრატიულ იმიჯს ამ ამბავმა დაღი დაასვა შინაც და უცხოეთშიც.

გერმანიის საზოგადოებრივ ტელევიზიაში კვირას საქართველოს ამბებმა უკვე პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისში გერმანიის ტელევიზიის პირველი არხის, ARD-ს სპეციალური კორეპსონდენტი რეპორტაჟს იწყებს პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის წუხანდელი გამოსვლით, რომელშიც მან გამარჯვების რწმენა გამოთქვა. გერმანელი კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები მართლაც აჩვენებს, რომ სააკაშვილი, როგორც ჩანს იმარჯვებს. მაგრამ ამ შეფასებას არ იზიარებს ოპოზიციაო, აუწყებს ARD-ს კორესპონდენტი გერმანელ მაყურებელს და დასძენს, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ მომხრეებს საპროტესტო გამოსვლისაკენ მოუწოდა.

საპროტესტო გამოსვლაზე, ბუნებრივია, სხვებიც იუწყებიან - მათ შორის BBC.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების და მასთან დაკავშირებული მოვლენების მიმართ დიდ ინტერესს ავლენს პრესაც. დღეს სტატიებს წაიკითხავთ “ნიუ-იორკ ტაიმსში”, “ბოსტონ გლოუბში”, “ლოს ანჯელეს ტაიმსში”, “ვაშინგტონ პოსტში”, “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” - უფრო ზუსტად ამ, დასავლეთის წამყვანი გაზეთების ვებსაიტებზე.

უმრავლესობა ზოგად ინფორმაციას აქვეყნებს - საქართველოს, მისი უახლესი ისტორიის, პრეზიდენტობის კანდიდატების, არჩევნების წინასწარი შედეგების, მეთვალყურეების მიერ გამოთქმული პირველი შეფასებების შესახებ. სტატიაში, რომელსაც გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA (დოიჩე პრესეაგენტურ) ავრცელებს, ვკითხულობთ: ”ქართველმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა კავკასიის ამ რესპუბლიკაში ბევრი ადამიანის კეთილგანწყობა დაკარგა პრეზიდენტის რანგში, მაგრამ ქართველების დიდი ნაწილი მას მაინც აფასებს, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში გათვითცნობიერებულ, დასავლური ორიეტნაციის მოღვაწეს.” სააკაშვილის მიერ ბევრის კეთილგანწყობის დაკარგვის მთავარ მიზეზად DPA ასახელებს დემონსტრაციის დარბევას 2007 წლის ნოებმერში.
XS
SM
MD
LG