Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხმრავალი მიტინგი რიყეზე - ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს


ეგზიტპოლისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, არჩევნების

პირველსავე ტურში მიხეილ სააკაშვილი იმარჯვებს, გაერთიანებული ოპოზიცია აპროტესტებს. ამ მიზნით პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მისი მხარდამჭერები 6 იანვარს რიყეზე შეიკრიბნენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა და რომ, სინამდვილეში, არჩევნებში არა მიხეილ სააკაშვილმა, არამედ ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა. მინდა ოპოზიციის არგუმენტებისა და ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ გესაუბროთ.

თოვლისა და ყინვიანი ამინდის მიუხედავად, რიყეზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა მიტინგი, ქალაქში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირისა და გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, თითქმის ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ოპოზიციის ლიდერების გამოჩენამდე კი არჩევნების წინასწარი შედეგებით უკმაყოფილო თბილისელებს უცნობმა აქტივისტმა მიმართა:

[ქალბატონის ხმა] „საქართველო უპირველეს ყოფლისა! ლევან გაჩეჩილაძეს გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დღევანდელი დღე ჩვენი გამარჯვების დღეა და ღმერთიც ჩვენთანაა.“

ამ ქალბატონის მსგავსად, ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ იმ თბილისელებს, რომლებმაც ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცეს. მიტინგზე მისული ადამიანები ამტკიცებენ, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა:

[ქალბატონის ხმა] „არჩევნებზე ვინც მივედით, ყველამ მივეცით ოპოზიციას ხმა, აბსოლუტურად ყველამ. ამათ კი გაგვიყალბეს ეს არჩევნები.“

[ქალბატონის ხმა] „გრენლანდია გაიტანეთო, ხომ გახსოვთ ფილმიდან. აი, ისე გაიტანს მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი და ეს მოხდება ძაან მალე.“

[მამაკაცის ხმა] „ტოტალური გაყალბება მოხდა ერთი მუჭა ხროვის სასარგებლოდ.“

გაყალბებაზე ლაპარაკობს რეჟისორი ნუკრი ქანთარიაც, რომლის თქმითაც, ხალხი რიყეზე სიმართლისა და საკუთარი ხმების დასაცავად შეიკრიბა:

[ნუკრი ქანთარიას ხმა] „ჩვენი მონაცემებით, მეორე ტური უნდა დაინიშნოს, მაგრამ არაფრით არ უნდათ მეორე ტური. ეს უკვე ძალადობაა საკუთარ ხალხზე. ყველანაირად შევეცდებით, რომ მეორე ტური გაიმართოს. ეს არის ობიექტურობა.“

ოპოზიციის არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ლევან თარხნიშვილის თქმით, არჩევნების მსვლელობისას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევებს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „არჩევნებმა ჩაიარა, მთლიანობაში, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და მთლიანად შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები შედგა. არის პრეტენზიები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პრეტენზიები და ცდომილებები არ შეიტანს ცვლილებას მთლიანად არჩევნების შედეგებზე.“(სტილი დაცულია)

თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ საზოგადოების აქტიურობით, სასამართლოებში შეტანილი სარჩელებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობით მოპარული ხმების დაბრუნებას შეძლებენ.

[მიტინგის წამყვანის ხმა] „ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ თუ ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ჩვენ უკან ვიხევთ. არც ერთი ნაბიჯი უკან! მე მოგიწოდებთ სუყველას: არც ერთი ნაბიჯი უკან, ქართველო ხალხო! ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე და ყველა საფეხურზე.“

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქცია ორიოდე საათში დაიშალა, თუმცა, როგორც კობა დავითაშვილი ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია უკან დახევას აპირებს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში, მაგრამ სააკაშვილი ცდილობს ასლან აბაშიძის სტილში ამ გამარჯვების მოპარვას. როგორც თვითონ უყვარს, ნურას უკაცრავად! ვერ მივართვით! ოპოზიციის მთავარი არსენალი არის ხალხის ერთობა. ხალხი ერთიანია და შეურაცხყოფილია იმ ტაკიმასხარობით, რაც მოაწყო 5 იანვარს. ამ ყინვაში, ამ მოლიპულ გზაზე, უტრანსპორტობაში, ხედავთ ხალხის განწყობას!“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG