Accessibility links

logo-print

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში არჩევნების შესახებ

  • ნიკო ნერგაძე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასწარი განცხადების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა,

თუმცა მისი ძირითადი ასპექტები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ, თუ საქართველომ საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოასწორა, საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა დაეცემა და ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებისა და განმტკიცებისთვის მუშაობს.


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოცდაოთხკაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შვიდი ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერები, აგრეთვე არჩევნებისა და ადამიანის უფლებების ექსპერტები შედიოდნენ, საქართველოს არჩევნებზე დასაკვირვებლად ეწვია და ქვეყანაში შვიდი დღე დაყო. არჩევნებზე დაკვირვების შედეგები დელეგაციის ხელმძღვანელმა, კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა კიმ კემპბელმა შეაჯამა:

[კიმ კემპბელის ხმა] ”ყველაფერს სრულყოფილად არ ჩაუვლია, მაგრამ არჩევნების დღეს რეალობა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები ვარაუდობდნენ.”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციას არა აქვს იმის მტკიცებულება, რომ არჩევნებში არ იქნება ასახული ხალხის ნება. არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, მაგრამ არ გაყალბებულა. თუმცა დელეგაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს მოგვარება სჭირდება, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა გაიზარდოს. კიმ კემპბელმა კონრეტულ ხარვეზებზეც ილაპარაკა:

[კიმ კემპბელის ხმა] ”ჩვენ ვნახეთ ხალხით გადაჭედილი საარჩევნო უბნები. ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე მომუშავე ადამიანები, რომლებიც ცუდად იყვნენ მომზადებულები. ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი დამკვირვებლები შეუფერებლად იქცეოდნენ. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო ხარვეზები პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოწმებისას და ამომრჩეველთა მარკირებისას. ამომრჩეველთა საერთო სია აშკარად შეუსაბამოა რეალობასთან. ცხადი იყო, რომ ხმების დათვლის სისტემა მეტისმეტად რთული იყო და არჩევნებში მონაწილეებს ის კარგად არ ესმოდათ.”

დელეგაციამ განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, მათ შორის, ქვემო ქართლში დააფიქსირა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტის კენეთ ვოლაკის თქმით, აქ ხშირად წაშლილი იყო ზღვარი ხმის მიცემის ინსტრუქციებსა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერისათვის მოწოდებას შორის, ადგილი ჰქონდა ხმის ოჯახურად მიცემასაც. ასეთი შემთხვევები არაერთხელ დავაფიქსირეთ, თქვა მან, თუმცა პრობლემები ყველა საარჩევნო უბანზე არ ყოფილა. თუ რამდენად შეეძლო ამას არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა, ამის შესახებ კენეთ ვოლაკმა განაცხადა:

[კენ ვოლაკის ხმა] ”მე მიმაჩნია, რომ ზოგ შემთხვევაში პრობლემები იყო და ეს სერიოზული პრობლემები გახლდათ. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემები იმ დონისა არ ყოფილა, რომ არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია მოეხდინა. მეორე მხრივ, ჩვენ ამ რეგიონში არჩევნებს ყველგან არ დავსწრებივართ.”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის შეფასებით, შესაძლებელია მომავალი არჩევნების უფრო სამართლიანად ჩატარება. ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მონახონ კონსტრუქციული დიალოგის გზები, ჰქონდეთ უფრო კონსულტაციური დამოკიდებულება ხალხთან არჩევნებს შორის პერიოდში და გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობა ყველა დონეზე.
XS
SM
MD
LG