Accessibility links

აშშ-ში წინასაარჩევნო პროცესი გრძელდება: ნიუ- ჰემპშირის ''პრაიმერები''


ისევე როგორც საქართველოში, აშშ-შიც საპრეზიდენტო არჩევნები დგას ყურადღების ცენტრში - ოღონდ, ჯერ-ჯერობით, წინასაარჩევნო პროცესი

და ის სულ უფრო დაძაბული ხდება. დღეს ნიუ-ჰემპშირის შტატში იმართება კენჭისყრა, რომელსაც ამერიკაში “პრაიმერს” უწოდებენ: ამ კენჭისყრამ, უფრო ზუსტად, ორმა კენჭისყრამ, უნდა გამოავლინოს, ვინ არის ერთი მხრივ დემოკრატების სასურველი კანდიდატი, მეორე მხრივ - რესპუბლიკელების ფავორიტი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ, ვიდრე რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ორივემ უნდა აჯობოს თანაპარტიელ კონკურენტებს.

ნიუ-ჰემპშირის შტატში გამარჯვებული ორი კანდიდატი, საინფორმაციო საშუალებების ყურადღების მეშვეობით, პოპულარობას აიმაღლებს, რასაც ახლავს, საბოლოოდ, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ოფიციალურ კანდიდატებად დასახელების პერსპექტივა. თუმცა მანამდე კიდევ გრძელი და რთული გზაა... როგორც ირკვევა, მოულოდნელობებით აღსავსე გზა.

ჰილარი კლინტონისთვის, რომელსაც ბევრი, ფაქტობრივად, წინასწარვე მიიჩნევდა დემოკრატების კანდიდატად, საქმე უსიამოვნო მოულოდნელობებს ეხება. გასულ კვირაში აიოვას შტატში მას თანაპარტიელმა ბარაკ ობამამ აჯობა და ახლაც, ნიუ- ჰეპმშირის საპრეზიდენტო პრაიმერის დაწყებამდე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ისევ ობამას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას.

კიდევ ერთი მოულოდნელობა თვით ჰილარი კლინტონისაგან ვიხილეთ: როცა მას ამომრჩევლებთან გუშინდელ შეხვედრაზე ჰკითხეს, როგორ უმკლავდებით არჩევნებთან დაკავშირებულ სტრესსო, ჰილარი კლინტონს - რომელსაც გაწონასწორებული, ის კი არა ზედმეტად არაემოციური ქალის იმიჯი აქვს - თვალები ცრემლით აევსო, ხმა აუკანკალდა. [ჰილარი კლინტონის ხმა] “ზოგს არჩევნები თამაში ჰგონია - თითქოს ის იყოს მთავარი, ვისი პროცენტები გაიზარდა და ვისი შემცირდა. სინამდვილეში, მთავარია ჩვენი ქვეყანა, მთავარია ჩვენი შვილების მომავალი, მთავარი ვართ ჩვენ, ყველა ერთად. იცით, ზოგ ჩვენგანს, რთულ პირობებში უწევს საქმის კეთება”.

იმავე დღეს, ჰილარი კლინტონის მთავარი კონკურენტი ბარაკ ობამა აღფრთოვანებული მხარდამჭერებით სავსე აგუგუნებულ დარბაზში გამოდიოდა: [ობამას მხარდამჭერების შეძახილები და ტაში]

“მიხარია, ისევ აქ რომ ვარო”- იმ წუთებში, როცა ბარაკ ობამა მისასასლმებელ ფრაზებს, თუ ოპტიმისტურ პოლიტიკურ მესიჯებს აკეთებდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე, რომელთა მიხედვითაც ობამა, ნიუ-ჰემპშირელი დემოკრატების მხარდაჭერის მხრივ, 10 პროცენტით უსწრებს ჰილარი კლინტონს. არადა, ობამა - აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისთან შედარებით - მართლაც რომ ახალბედა პოლიტიკოსია. 47 წლის დემოკრატი სულ 3 წელია აშშ-ის სენატის წევრი და უკვე გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს. მისი კარიერა, თითქოს, კლიშედ ქცეული ამერიკული ოცნების ნიმუშად შეიძლება გამოდგეს.

ბარაკ ობამამ (ის მამით აფრიკელია, დედით ამერიკელი) წარმატებით დაამთავრა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასაწავლებელი: მას ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი აქვს. შემდეგ ობამა მუშაობდა სოციალურ უწყებაში, ვიდრე -სრულიად ახალგზარდას - ილიონისის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩევდნენ. 2004 წელს ობამა უკვე აშშ-ის სენატის წევრი გახდა.

ბარაკ ობამა გაერთიანებას აღუთქვამს ამერიკელებს, მათს ორივე დიდ ბანაკს: ლიბერალებს (სიმბოლურად, ლურჯებს) და კონსერვატორებს (წითლებს) ჰპირდება, რომ დაძლევს პარტიულ დაპირისპირებას და მიკერძოებას, რაც ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მმართველობის წლებს ახასიათებს, ისევე როგორც ახასიათებდა მისი წინამორბედის, ბილ კლინტონის მმართველობას.

ბარაკ ობამას ეს მესიჯი, როგორც ჩანს, ბევრ ამერიკელს მოსწონს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს: გასულ კვირაში აივოას შტატში გამართულ კენჭიყრაში ობამას მხარდამჭერების ნახევარს 44 წლამდე ასაკის ამომრჩევლები შეადგენდნენ.

[ობამას ხმა] “ის, რის გამოც ადამიანები ასე აქტიურობენ, მარტო ჯორჯ ბუშისადმი ოპოზიცია არ არის. იცით, რისი თქმა მინდა? ძალიან ადვილია, იყო რაღაცის წინააღმდეგი! აიოვაში ადამიანები იმიტომ მოვიდნენ, რომ სურთ იყვნენ რაღაცის მხარდამჭერნი; სურთ იმის მოსმენა, რომ შეგვიძლია ეროვნული ერთსულოვნების მიღწევა და დიდი პრობლემების მოგვარება; რომ არ არის აუცილებელი დაყოფილი ვიყოთ წითელ შტატებად და ლურჯ შტატებად; რომ არა ვართ მხოლოდ განცალკევებული ინდივიდები; რომ არა ვართ მარტო ჩვენთვის; რომ სინამდვილეში შეგვიძლია გაერთიანება და დიდ ოცნებებზე ოცნება, დიდი საქმეების გაკეთება”.

მაშ ასე, ბარაკ ობამა ცვლილების დაპირებას იძლევა. სიტყვა ცვლილება ხშირად ისმის რესპუბლკელი კანდიდატების გამოსვლებშიც. და კიდევ ერთი მსგავსება დემოკრატების ბანაკთან: მოულოდნელობები...

[გასულ კვირაში აიოვას შტატში გაკეთებული ჩანაწერი: ასახელებენ მაიკ ჰაკაბის]

მართლაც მოულოდნელი იყო ეს განცხადება: რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის აიოვაში მაიკ ჰაკაბის, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი წარმატება, მაშინ როცა გამარჯვებას მიტ რომნის, მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს უწინასწარმეტყველებდნენ.

ამჟამად, ნიუ-ჰემპშირის პრაიმერების დაწყებამდე ჰაკაბი მესამე ადგილზეა, მას უსწრებს მიტ რომნი, ხოლო ლიდერობს - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით - სენატორი ჯონ მაკკეინი, როგორც მსმენელს ალბათ ახსოვს, საქართველოს დიდი გულშემატკივარი.

მოკლედ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აშშ-ში, რასაკვირველია, არა მარტო ამ ქვეყნის, მთელი მსოფლიოსთვის აქვს მნიშვნელობა. გადამწყვეტ, 4 ნოემბრის კენჭისყრამდე შესაძლოა კიდევ ბევრი დრო იყოს, მაგრამ ნიუ-ჰემპშირს ოფიციალური კანდიდატების გამოვლენის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამ შტატში კი კენჭისყრა - “პრაიმერი” - დღეს იმართება.
XS
SM
MD
LG