Accessibility links

logo-print

ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაყალბებაში ადანაშაულებს


5 იანვრის არჩევნების ოფიციალური შედეგების

გამოქვეყნებამდე ცენტრალურმა და საოლქო კომისიებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საჩივრები უნდა განიხილონ. მარტო ”ახალგაზრდა იურისტებისა” და ”სამართლიანი არჩევნების” მიერ წარდგენილი საჩივრების რაოდენობა ოთხასს აღწევს, არადა, არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით ასევე გამოთქვამენ პრეტენზიებს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც 8 იანვარს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ და ლევან თარხნიშვილს არჩევნების გაყალბების გამო თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.


ლევან გაჩეჩილაძე და მისი მხარდამჭერები საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას არჩევნების დღიდან აპროტესტებენ. პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ფლობს არჩევნების უხეში გაყალბების არაერთ საბუთს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ძალიან საგანგაშო შემთხვევებია, როდესაც უბანში ხელმოწერილი ოქმები იცვლებოდა საოლქოში. მიეწერებოდა წინ ერთიანი, ზოგან ერთიანი გადაკეთებულია შვიდიანად და ასეთი არის უამრავი. ახლა მიმდინარეობს მათი დახარისხება. დღეს წარვუდგენთ დამკვირვებლებს აუცილებლად, წარვუდგენთ სასამართლოებს და შევეცდებით ჩვენი ხმები დავიცვათ.“

სწორედ ხმების დაცვის მიზნით ითხოვდნენ ლევან გაჩეჩილაძე და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას. ლევან თარხნიშვილის კაბინეტში შესულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარეს მძიმე ბრალდებები წაუყენა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „შენ გააყალბე არჩევნები! აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე და ამის გამო შენ დაისჯები! მთელ საქართველოს ატყუებ, ბიჭო, მთელ საქართველოს! გრცხვენოდეს! შენ ხარ ტიპიური თაღლითი!“

ლევან გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ საოლქო კომისიებში უბნებიდან მისული ოქმების გაყალბება და ხელახალი გადაწერა ხდება. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ლევან თარხნიშვილი ოპოზიციას ურჩევს საკუთარი პრეტენზიები იურიდიულად გამართული საჩივრების სახით წარმოადგინოს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ეს არ ჯდება არც იურიდიულ და არც ზნეობრივ ჩარჩოებში. ეს არის ელემენტარული ზეწოლა და მეტი არაფერი! ეს არის ზეწოლა ცესკოს მუშაობაზე და მისი დაშინების მცდელობა.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ლიდერების ჩარევას არ იწონებს ხელისუფლება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის კომენტარი:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „ვითარდება ისეთივე სცენარი, როგორიც პატარკაციშვილმა დაგეგმა და გელბახიანი ახმოვანებდა. მთავარია არჩევნების შემდეგ მათთვის არასასურველი შედეგების დადგომისთანავე მოხდეს ფონის შექმნა რამდენიმე ტომარა ვითომ ბიულეტენებით, თითქოსდა გაყალბება ხდება, მერე ვინღა მოუსმენს, ვინღა დაიჯერებს, გაყალბება მართლა ხდება თუ არაო. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს წინადადებები, ნათქვამი გელბახიანის მიერ, და დღეს ამ სცენარის განხორციელებას აქვს ადგილი.“ (სტილი დაცულია)

თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება და მის მიერ მართული ტელეკომპანიები საზოგადოებას სიმართლეს უმალავენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დატოვების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „აი, აქ,კიბეებზე, იწყება შიმშილობის აქცია ორი მოთხოვნით. პირველი: მოგვეცეს საშუალება,რომ საზოგადოებას ველაპარაკოთ და,მეორე, თავი დაანებეთ გაყალბებას და დანიშნეთ მეორე ტური. ეს აქცია არ დამთავრდება, იქნება პერმანენტული. ახლა სააკაშვილისა და ბურჯანაძის გასაგონად ვიძახი: მე თქვენ შემოგაკლავთ თავს, სანამ არ მომკლავთ, არ გავჩერდებია, არა!“

ოპოზიციის ლიდერთა შეჭრას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ იწონებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 5 იანვრის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, თუმცა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საჩივრების განხილვისა და საბოლოო შედეგების შეჯამებას, როგორც საარჩევნო პროცესის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეტაპს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „მოვუწოდებთ ცენტრალურ და საოლქო კომისიებს, რომ ყველა საჩივარი განიხილონ კანონით დადგენილ ფარგლებსა და ვადაში. ამ წუთის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით არის სერიოზული პრობლემები. რამდენიმე საარჩევნო კომისიამ თბილისში ისე განიხილა ჩვენი საჩივრები და უარყო, რომ არც კი დაგვიძახა. მოველით, რომ საარჩევნო ადამინისტრაცია და ცესკო ადეკვატურად განიხილავენ ყველა საჩივარს და შეჯამება მოხდება კანონიერად, რომ ამან არ იმოქმედოს საერთოდ არჩევნების შეფასებაზე ჩვენი მხრიდან.“

XS
SM
MD
LG