Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ 5 იანვრის არჩევნებს საქართველოს გარეთ და საკუთრივ საქართველოში და რაზე მეტყველებს 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანი ( წინასწარი შედეგების მიხედვით)


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში შედგა, თუმცა ამ ფაქტმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა ვერ განმუხტა

სააკაშვილის კონკურენტები - განსაკურებით გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებში გამოკვეთილ მარცხს არ აღიარებენ და კვლავინდებურად მხარდამჭერების ქუჩაში გამოყვანით იმუქრებიან... თოვლისა და ყინვის მიუხედავად, პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში მაღალია... მიუხედავად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მე მინდა შევაჯამო ქვეყნის გარეთ გაკეთებული შეფასებები და გესაუბროთ იმაზე, თუ რაზე მეტყველებს 5 იანვარს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული სავარაუდო არჩევანი.

არჩევნები შედგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი საბოლოო შედეგები ჯამდება. წინასწარი შედეგების მიხედვით დამარცხებული მხარე კომისიის თავმჯდომარეს თაღლითსა და გამყალბებელს უწოდებს. ლევან გაჩეჩილაძე პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებით, შიმშილობით, იმუქრება, ამ დროს კი საქართველოს გარეთ ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება განცხადებები იმის შესახებ, რომ 5 იანვრის არჩევნებმა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩაიარა...

ევროკავშირი ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას და მხედველობაში იღებს წინასწარ შედეგებსა და საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის დადგენილებას, რომელიც დაასკვნის, რომ არჩევნები ევროკავშირისა და ეუთოს დემოკრატიული არჩევნების ძირითად სტანდარტებს შეესაბამებოდა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს შესაბამის ორგანოებს სასწრაფოდ და ადეკვატურად გამოიძიოს ყველა საჩივარი, რათა შენარჩუნდეს არჩევნების ლეგიტიმურობა.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ასპექტები დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება, თუმცა იყო ხარვეზებიც - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასწარი დასკვნა.. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებს უკვე დადებითი შეფასება მისცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც ... თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა:

”ეს იყო კარგი არჩევნები, სადამკვირვებლო მისიებმა შენიშნეს დარღვევები, მაგრამ ამას არჩევნების მიმდინარეობაზე არ უმოქმედია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ვულოცავთ ქართველ ხალხს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელიც თითქმის შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც ამას ეუთო ირწმუნება. ”

დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, საქართველოს მოსახლეობა უკვე მეხუთედ მივიდა საარჩევნო ყუთთან ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად: პირველად - 1991 -ში და ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 86,5 პროცენტით აირჩია; მეორედ - 1995 -ში, მაშინ ედუარდ შევარდნაძე ამომრჩეველთა ხმების 70 პროცენტით იქნა არჩეული. უკვე 2000 წელს ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე ხმათა 80 პროცენტი მიიღო. რეკორდი მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა, როცა ხმების 97 პროცენტი დააგროვა და, აი, ისევ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგით, ის ძლივს ასცდა 50 პროცენტს...

პოპულარული ლიდერები, როლებიც რეფორმების კურსს ირჩევენ, დროთა განმავლობაში სერიოზული რისკების წინაშე დგებიან... პოლიტიკური რისკების მკვლევარის ბაკურ კვაშილავას განმარტებით, რეფორმა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ტრადიციულად კმაყოფილი ნაწილი ხდება უკმაყოფილო, ხოლო იმ ნაწილს, რომელმაც რეფორმით სარგებელი უნდა მიიღოს, მოცდა უწევს... რეფორმები ნიშნავს უკმაყოფილოთა რიცხვის მკვეთრ ზრდას....

რეფორმებმა თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცნობილი ლიდერების პოპულარობაც შეარყია... თუმცა, იმავე ვაცლავ ჰაველისა და ლეჰ ვალენსას რეფორმებთან სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედარებისას, ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ პოლონური ცნობილი ”შოკური თერაპია” გაცილებით სოციალური ხასიათისა იყო, ვიდრე ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში დაწყებული და განვითარებული რეფორმები:

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”ჩვენი რეფორმები იყო ულტრამემარჯვენე, რომელშიც იყო აქცენტი გაკეთებული იდეოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც, მთავარია ინვესტიციები და ინვესტორებისთვის კარგი გარემოს შექმნა. ეს ავტომატურად გულისხმობდა იმგვარი შრომითი კოდექსის შექმნას, რომელიც ითვალისწინებდა დამქირავებლის ყველა ინტერესს და, ძალიან შეზღუდულად, ინტერესებს დაქირავებულისას. ”

სრულ აქცენტს ეკონომიკის ამოწევაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე აქცენტი ადამიანზე მოგვიანებით მოჰყვა, ისიც - გასული წლის შემოდგომით აგორებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ... ხელისუფლებამ შეცდომა აღიარა და სიღარიბესთან ბრძოლა გამოაცხადა... მაგრამ ბრძოლას შედეგები მყისიერად არ მოჰყვებოდა.. ხალხის უკმაყოფილება არჩევნებზე გამოვლინდა და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილის პირვანდელზე გაცილებით დაბალი პროცენტი მოულოდნელი არც იყო... ” ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ეს დიდი გამარჯვებაა, ასევე იმ რეფორმებისა და მოლოდინების შემდეგ, რაც რევოლუციას ყოველთვის ახლავს და, იმ შეცდომების შემდეგ, რაც დაუშვებელი იყო”, - ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ- ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია...

მაგრამ სააკაშვილის თანამებრძოლებს ჯერ კიდევ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაზე უწევთ ფიქრი.... გამარჯვების საბოლოო დადასტურების შემდეგ კი წინ საპარლამენტო არჩევნებია ... რამდენად ზუსტად განმეორდება მასზე 5 იანვრის არჩევნების შედეგები, ამაზე მსჯელობა დღეს რთულია.... თუმცა 5 იანვრის არჩევნების წინასწარ შედეგებში პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი ერთ ძალზედ შემაშფოთებელ ტენდენციას ხედავს:

{თემურ იაკობაშვილის ხმა] ”საკმაოდ შემაშფოთებელია, რომ ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს იმაზე ნაკლები, ვიდრე ერთმა ადამიანმა. მხედველობაში მყავს ბადრი პატარკაციშვილი - მას პოლიტიკური ორგანიზაცია არ ჰქონია. ცნობილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შემდეგაც კი, ძალიან სოციალური და არარეალური დაპირებების ხაჯზე, მიიღო ამხელა შედეგი. ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე არ უნდა ვიფიქროთ მანამდე, სანამ პოლიტიკურ პარტიებს არ შევქმნით.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG