Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები კვლავაც დიდი ინტერესს ავლენენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების


დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები კვლავაც დიდი ინტერესს ავლენენ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ,

თუმცა რეპორტაჟები, თუ ანალიტიკური მასალები ძირითადად პრესაში ქვეყნდება, ტელევიზია საქართველოს ამბებს უკვე შედარებით ნაკლებად აშუქებს.

მაშ ასე, პრესა: სამშაბათს სტატიები დაიბეჭდა ბევრ ცნობილ გამოცემაში, მათ შორის “ფაინენშალ ტაიმსში”, “უოლ სტრიტ ჯორნალში”, “ინდეპენდენტში”, “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში”, “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში”.

“უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებულია კომენტარი, რომლის ავტორიც მიხეილ სააკაშვილს გამარჯვებულად მოიხსენიებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არჩევნებში სააკაშვილის პირად წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ ის, თუ როგორ წარიმართა არჩევნების პროცესი. ამ დასკვნის საფუძველს კომენტატორი ხედავს არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის, ამერიკელ კონგრესმენ ელსი ჰასტინგსის შეფასებაში, რომ “ტრიუმფული ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიის გზაზე”. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, “არჩევნები მხოლოდ დასაწყისია. ამ ახალბედა დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს. კვირას ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად. ამჯერად პოლიცია, საბედნიეროდ, ხელკეტებით არ დარევია დემონსტრანტებს.”

“უოლ სტრიტ ჯორნალში” დაბეჭდილი კომენტარის ავტორი მკითხველს აუწყებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ლევან გაჩეჩილაძე საპროტესტო აქციების განახლებით იმუქრება, თუ სასამართლო სათანადო ზომებს არ მიმართავს არჩევნების გაყალბების გამო. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, “ოპოზიციას აქვს დემონსტრაციის გამართვის უფლება. ეს დემოკრატიაა. სააკაშვილმა ბევრი პრობლემა შეიქმნა ნოემბერში საპროტესტო გამოსვლებზე ზედმეტი ძალით რეაგირების გამო. მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია უნდა აღიარებდეს თავისუფალი არჩევნების კანონიერ შედეგს, ეს არჩევნები კი კანონის ფარგლებში ჩატარდა”.

მიუნხენში გამომავალი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართული ტემპერამენტი”. გერმანელი ჟურნალისტი იხსენებს 4 წლის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, როცა არავის აინტერესებდა, თუ როგორ შეაფასებდა ეუთოს სამეთვალყურეო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს. მაშინ სააკაშვილმა ტრიუმფული გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად კი ეუთოს განაჩენის მოუთმენლად ეოდნენ, რაც, ჟურნალისტის აზრით, უკვე თავისთავად ცუდი ნიშანია.

შემდეგ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” ვკითხულობთ: “არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდა? თუ იყო მანიპულაციები, რომლებმაც შედეგი გააყალბა? ეს შეკითხვები არც კი უნდა ისმოდეს ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც აშშ-ში მიღებული განათლებით ამაყობს და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს რაც შეიძლება მალე შეყვანისაკენ მიისწრაფვის. ამ შეკითხვებზე ეუთოს პასუხები, მართალია, შედარებით დამამშვიდებელია, მაგრამ დამკვირვებლები სააკაშვილს არც სანიმუშო კავკასიელი დემოკრატის მოწმობას აძლევენ. მისი მმართველობა ბოლო ორ წელიწადში სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ავტორიტარიზმის ნიშნებს და ძლიერი სახელმწიფო აპარატის გამოყენების გარეშე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვერ გაიმარჯვებდა არჩევნების პირველივე ტურში”.
ასევე “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოთქმული შეფასებით, ახალი მანდატი საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც სტატიის ავტორი “ტემპერამენტულს” უწოდებს, აძლევს მას ახალ შანსს, უფრო გონივრულად და მშვიდად მართოს ქვეყანა, რადგან პრეზიდენტობის მეორე ვადის წარმატების წინაპირობები, გერმანელი ჟურნალისტის აზრით სახეზეა. მას მოჰყავს საქართველოს ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელთა საფუძველზეც მომდევნო წლებში, შესაძლოა, ქართველმა ხალხმაც მეტად ისარგებლოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლითო, დაასკვნის “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ყურადღებას ამახვილებს გერმანიისვე “ფრანკფურტერ ალგემიანე ცაიტუნგი”, რომელიც 8 იანვრის ნომერში სხვადასხვა ზომის სამ პუბლიკაციას უთმობს საქართველოს. ერთი ეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეაქციებს და მეთვალყურეების მიერ გამოთქმულ შეფასებებს. მეორე - ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ მოკლე ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა რადიომაც გაავრცელა - რომ საფრანგეთი და არა გერმანია, განიხილავს მის თხოვნას პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ. და მესამე, ყველაზე ვრცელ სტატიაში, დაწვრილებით არის ასახული და შეფასებული ზოგადი ვითარება საქართველოში.

გერმანელი ჟურნალისტი წერს ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე, რაც სულ რამდენიმე თვის წინ თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა, წერს მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, მოუგვარებელ სეპარატისტულ პრობლემებსა და რუსეთის როლზე მათს მოუგვარებლობაში.

განსაკუთრებით საყურადღებო მაინც ეკონომიკური პროცესების შეფასებაა. როგორც “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” ვკითხულობთ, სააკაშვილის ხელისუფლება, სავარაუდოდ, იძულებული იქნება ცვლილებები შეიტანოს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში, რადგან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ქართველების დაყოლიება რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელებაზე. მაგრამ, განაგრძობს სტატიის ავტორი, ეკონომიკური კურსის გარდაუვალი კორექტურის მიუხედავად, არ შეიძლება უარის თქმა რეფორმების გრძელვადიან მიზნებზე. სოციალურმა ხარჯებმა, რომლებსაც სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გაზრდიან წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა გაზარდოს ინფლაცია და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეოკონომიკის ისედაც მყიფე სტაბილურობას.

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას შეუძლია საქართველოს გადარჩენა სოციალური არეულობებისა და ეკონომიკური ქაოსისაგან. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გარშემო კამათი მალევე უნდა მოგვარდეს” - ვკითხულობთ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში”.
XS
SM
MD
LG