Accessibility links

logo-print

ჩვენი მიზანია, მოვესწროთ დემოკრატიული საქართველოს კეთილდღეობასა და აყვავებას. ინტერვიუ ტომ დაინთან


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან მეთვალყურეთა შორის იყო რადიო “თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი ვაშინგტონის ერთ-ერთი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი ტომ დაინი.

იგი გახლდათ წევრი მეთვალყურეთა 24-კაციანი დელეგაციისა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოავლინა. რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიაში ტომ დაინს დავით კაკაბაძემ უმასპინძლა.

რადიო “თავისუფლება”: ბატონო დაინ, ორშაბათს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არჩევნებზე მოვლინებულმა მისიამ გამოაქვეყნა განცხადება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ. თუ შეიძლება, გვითხარით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში, რაზეც განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ტომ დაინი: განცხადება გამოქვეყნდა 24 საერთაშორისო დელეგატის სახელით, რომლებიც მოწვეული იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ. განცხადების არსი ის არის, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ღია, სავსე პარტიული ვნებებით და, ამავე დროს, ძალიან კონკურენტული და ხალხმა დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულება გამოავლინა. თუმცა, იყო პრობლემებიც. ასე რომ, ეს გახლდათ არჩევნები, რომელიც დიდწილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. განცხადებაში ორი ასპექტი გამოვყავით, ვისაუბრეთ როგორც კონკურენტულობაზე, ისე შეცდომებზეც.

რადიო “თავისუფლება”: მოდით, ჯერ პრობლემებზე ვისაუბროთ, უმთავრეს პრობლემებზე.

ტომ დაინი: პრობლემები იყო რამდენიმე სფეროში. პირველი (და ეს პრობლემა 2004 წლიდან არსებობს) ამომრჩეველთა სია არ არის განახლებული, არ არის ზუსტი. როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების კარდაკარ გადამოწმება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ სიაში მყოფი მოქალაქეების 30 პროცენტი არ არის - ზოგი გარდაცვლილია, ზოგმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ზოგი – სხვა ქვეყანაში გადაბარგდა. 30 პროცენტი ძალიან დიდი რიცხვია! ეს მონაცემი დასაშვებია იყოს 5-10%-ის ფარგლებში, თუ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა გსურს. თუ 30-პროცენტიან უზუსტობას აღმოაჩენ, მის გამოსასწორებლად დრო გჭირდება. ეს არჩევნები კი მოულოდნელად დაინიშნა ნოემბრის დასაწყისში და არ იყო საკმარისი დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი: არ მოგვეწონა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხზე საკმარისად გულმოდგინედ არ იმუშავა. ეს უნდა გამოსწორდეს მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება. მეორეა სახელმწიფოს მიერ არჩევნების პროცესის ორგანიზება: ყველა ჩვენგანი, ვინც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე მივდიოდით, აწყდებოდა ადამიანებს, ვინც რიგიანად ვერ ასრულებდა მოვალეობას. ისინი ან არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული, ან – თუკი მომზადებული იყვნენ – მხოლოდ თითო ან ორ-ორსაათიანი მეცადინეობა ჰქონდათ გავლილი. კომისიის თავმჯდომარეები ხშირად ზედმეტად “პარტიულები” ჩანდნენ და ასევე არ იყვნენ კარგად მომზადებული, თუმცა თავმჯდომარეებს კომისიის წევრებთან შედარებით უკეთესი მომზადება ეტყობოდათ. ასე რომ, საარჩევნო კომისიის წევრთა მომზადება აუცილებელია. მივადექით კიდევ უფრო რთულ ნაწილს - იყო სირთულეები მათთვის, ვინც არჩევნების დღეს მივიდა უბანზე რეგისტრაციის გასავლელად. თუ ამომრჩეველი ამას მოახერხებდა, შემდეგ მას უნდა ჩაედო ბიულეტენები წითელ კონვერტში და ასეთი ბიულეტენები უნდა დათვლილიყო სხვაგვარად. თავად დათვლის პროცესი აღმოჩნდა საკმაოდ გართულებული. ჩვენი აზრით, სირთულე მდგომარეობდა ზედმეტ ბიუროკრატიაში. ასე რომ, ერთია ხმის მიცემა, მეორეა ხმების დათვლა და შეჯამება. ეს პროცესი გართულებული, ნელი და მომქანცველი იყო. გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, იყო თუ არა დათვლის პროცესი სრულად პატიოსანი. ვფიქრობთ, ხმების დათვლა საკმაოდ წესიერად მოხდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ ვიყავით დარწმუნებული ამაში. დაკვირვების პროცესში მონაწილე საერთაშორისო დელეგატები უბნებიდან დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. ყველა ჩვენგანი საარჩევნო უბნებზე ვიყავით მათი დახურვისას, საღამოს რვა საათზე, და უმრავლესობამ უბნები დილის 3-4 საათზე დავტოვეთ.

რადიო “თავისუფლება”: დაახლოებით რამდენი ბიულეტენი უნდა დაეთვალათ თითოეულ უბანზე?

ტომ დაინი: იქ, სადაც მე ვიყავი, არ იყო დიდი აქტივობა - 688 ხელმოწერა იყო, ანუ 688 ბიულეტენი იყო დასათვლელი.

რადიო “თავისუფლება”: და ამისთვის 7 თუ 8 საათი დასჭირდათ?

ტომ დაინი: ჩემს თავსაც ამას ვეკითხები. ძალიან ძნელი იყო ამის გარკვევა. შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ პროცედურა მეტისმეტად გართულებული იყო და შეიძლებოდა მისი გაცილებით უფრო ეფექტიანად წარმართვა; ყველანი უფრო მალე წავიდოდით დასაძინებლად.

რადიო “თავისუფლება”: ბატონო დაინ, კრიტიკა დიდწილად მიმართული იყო წინასაარჩევნო კამპანიისადმი. ითქვა, რომ ხელისუფლება იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, მოსახლეობას ურიგებდნენ ფქვილს, შეშას, იყენებდნენ ტრანსპორტს, ანუ იმ რესურსს, რომელზეც ოპოზიციის კანდიდატებს ხელი არ მიუწვდებოდათ. ვიცი, რომ საქართველოში ერთი თვის წინ - სწორედ იმ პერიოდში ბრძანდებოდით რამდენიმე დღით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

ტომ დაინი: დიახ, მე ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაზე დამკვირვებელთა ოთხკაციანი დელეგაციის წევრი - ერთი ირლანდიელი პარლამენტარი და სამი ამერიკელი გახლდით. გაგვაოგნა იმან, თუ რამდენად პოლიტიზებული და პოლარიზებული გახდა პოლიტიკური ატმოსფერო საქართველოში. სალანძღავი სიტყვების გამოყენება, ერთმანეთის დადანაშაულება იყო გაცილებით მეტი, გადაჭარბებული, ვიდრე ეს მსგავს პერიოდებში ხდება სხვა დემოკრატიულ საზოგადოებებში. ასე რომ, კილო და ენა, რომელიც ამ პერიოდში გამოიყენებოდა, არაფერს მატებს სამოქალაქო დისკუსიასა და განსჯას იმ საკითხებისა, რომლებიც დგას საქართველოს წინაშე - როგორ საზოგადოების, ისე ქვეყნის, თან სახიფათო გარემოცვაში მყოფი ქვეყნის წინაშე. მეორე: ნათელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ წაშალა ზღვარი, განსხვავება მთავრობასა და პარტიას შორის. ამგვარი აღრევა, როცა სამთავრობო ბერკეტებს პარტიის შედეგებისთვის იყენებ, მიუღებელია. მიუღებელი! ესეც არაკორექტულობის ნაწილია. გაყალბებას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს ნამდვილად არის წინასაარჩევნო პროცესში დაშვებული ძირითადი შეცდომა. ამის შემდეგ იყო პროგნოზები, - ძირითადად ოპოზიციის მხრიდან - რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს დემოკრატიულ პროცესს, რომ ხალხი არ წავა არჩევნებზე, რომ 5 იანვრის არჩევნები იქნება მიუღებელი, რაც უნდა მოხდეს და რომ 6 იანვარს ხალხი ქუჩაში გავა. გამოდიოდა, რომ იქნებოდა ორი პროცესი: ერთი არჩევნების დღეს და მეორე – არჩევნების მეორე დღეს, გამარჯვება კი საჭირო იყო ორივე მათგანში. ამ არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებული არის საქართველოს მოსახლეობა, რადგან ის ცხოვრობს განვითარებადი დემოკრატიის პირობებში. გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატია აქ საწყის ფაზაშია, მაგრამ საქართველოს დემოკრატია ყველაზე განვითარებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით). საქართველოს დემოკრატია წინ არის რუსეთისაზე და თქვენი კავკასიელი მეგობრების - სომხეთისა და აზერბაიჯანისაზე. თუმცა, მას სჭირდება მეტი სივრცე, რომ გაიზარდოს, სჭირდება მეტი კეთილგანწყობა, რომ გაიზარდოს; სჭირდება მეტი კომპრომისი და ურთიერთპატივისცემა და არა სიძულვილი და ურთიერთბრალდების ატმოსფერო.

რადიო “თავისუფლება”: ბატონო დაინ, თქვენ ახლახან ბრძანდებოდით უკრაინაში როგორც სამეთვალყურეო დელეგაციის წევრი. შეგიძლიათ, ერთმანეთს შეადაროთ საქართველოსა და უკრაინის არჩევნები? რა მსგავსება და განსხვავება არსებობს მათ შორის?

ტომ დაინი: საქართველოს დემოკრატია უფრო შორს წავიდა სრული დემოკრატიული საზოგადოების შექმნის გზაზე, ვიდრე უკრაინა. კარგი ის არის, რომ მოხდა “ვარდების რევოლუცია”, მას მოჰყვა “ნარინჯისფერი რევოლუცია”, რომელმაც პირდაპირი და არაპირდაპირი გზით განიცადა “ვარდების რევოლუციის” ზეგავლენა. მაგრამ უკრაინაში იციან, როგორ შეცვალონ მთავრობები, თუმცა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დემოკრატიული პროცესები არ არის ისე განვითარებული, როგორც საქართველოში. ამ თვალსაზრისით საქართველოს ქება ეკუთვნის. მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, მის ლიდერებს. თუმცა, როგორც მანამდე ვთქვი, საქართველოს დემოკრატია შერყეულია. უკრაინა ვერსად წაუვა იმ გარემოებას, რომ გვერდით “უფროსი ძმა” ჰყავს. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საკითხს უკრაინა რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავს. ის არასოდეს არის თავისუფალი რუსეთისგან.

რადიო “თავისუფლება”: განა საქართველოს შემთხვევაშიც ასე არ არის?

ტომ დაინი: დიახ, რუსეთის ფაქტორი მუდმივად იყო ამ არჩევნებისას.

რადიო “თავისუფლება”: სხვათა შორის, რუსეთი იყო იმ რამდენიმე მეთვალყურეს, ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, ვინც საქართველოში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკა.

ტომ დაინი: დიახ, თუ არ ვცდები, ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სულელური განცხადება, რომელიც ოდესმე მომისმენია. ეს იყო დაუხვეწავი, სულელური და მცდარი განცხადება. ასე რომ, რუსეთმა გამოავლინა არასერიოზული დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის განვითარების მიმართ, რომელიც არის გაცილებით ფართო, გაცილებით მდიდარი, გაცილებით მეტად უზრუნველყოფილი...

რადიო “თავისუფლება”: ...და ალბათ მრავალფეროვანიც.

ტომ დაინი: და მრავალფეროვანი... ნამდვილად. მართალი ბრძანდებით. ასე რომ, ისევ და ისევ ვულოცავ საქართველოს. ცხადია, რომ საქართველომ თავი უნდა დაიცვას. ჩემი რეკომენდაციაა, საქართველომ თავად იფიქროს თავის ინტერესებზე, იმაზე, თუ რა მოუტანს სიკეთეს, და განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. განაგრძოს ღია კონკურენტუნარიანი საზოგადოების განვითრება და საერთაშორისო საზოგადოება მას მხარში ამოუდგება, როგორც ეს აქამდე იყო - განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გაკვეთილებიდან დასკვნები გამოიტანოთ, განაგრძოთ ზრდა. ხოლო ის, თუ რამდენად კარგად განვითარდით, შეფასებული იქნება თქვენს მიერვე და უცხოეთის საზოგადოებრიობის მიერაც - მაგალითად, ჩემი სახით. როგორც საქართველოს მეგობარი, მე ველი საგაზაფხულო არჩევნებს. იმედია, ატმოსფერო არ იქნება ასეთი დაძაბული. გარემოც უფრო კონსტრუქციული იქნება და საკითხები, რომლებიც ქართველ ხალხს ეხება, აღარ იქნება განხილული ინდივიდებზე თავდასხმის სახით, არ იქნება გამოყენებული ყოვლად უადგილო ენა, რომელიც ნამდვილად არ იყო საჭირო: ხელსაც არაფერს უწყობდა და არჩევნების დღის მნიშვნელოვნებასაც არაფერს ჰმატებდა.

რადიო “თავისუფლება”: თქვენ ბრძანეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარში ამოუდგება, დასავლეთი მის მხარეზე იქნება. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს არავინ აღიქვას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად?

ტომ დაინი: ჯერ ერთი, საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოიწვია ყველა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია დაკვირვებისთვის. მეორეც, სწორედ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს მხარდაჭერას. ასე რომ, ისინი ამას საკუთარ საქმეში ჩარევად არ განიხილავენ...

რადიო “თავისუფლება”: სხვები განიხილავენ. ზოგი ამბობს, ქართველები იმას აკეთებენ, რასაც ამერიკელები კარნახობენო...

ტომ დაინი: რამდენადაც დიდი, ძლიერი და სრულყოფილი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები, ის მაინც ვერ გააკონტროლებს მოვლენებს მის ფარგლებს გარეთ, რაშიც დაგვარწმუნა ერაყის, ავღანეთისა თუ ირანის მაგალითებმა. ჩვენ მხოლოდ სურვილი შეიძლება გამოვხატოთ. საბოლოოდ კი ერაყელი, ავღანელი თუ ირანელი ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, ისევე, როგორც საქართველოს, რუსეთისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენც, ამერიკელები, თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამერიკასთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველთვის კარგია, როცა საკუთარ საზღვრებს მიღმა იხედები. დიახ, ამერიკა განიხილავს საქართველოს პოტენციურ ნატოს წევრ ქვეყნად, პოტენციურ ევროკავშირის წევრ ქვეყნად, პოტენციურ ახლო მეგობრად. ის არის კიდეც მეგობარი ქვეყანა! ასე რომ, ჩვენ ძლიერი ინტერესი გვაქვს. პირადად მე, საქართველოს მხარდამჭერი ვარ და ვიყავი, როგორც სამთავრობო მოხელეც და როგორც არასამთავრობო მოხელეც. მე ვარ ის, ვისაც ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს 1994 წლიდან მოყოლებული და მე ჩამოვდივარ სურვილით, რომ შეიქმნას თავისუფალი ქვეყანა, გთავაზობთ რჩევებს, მომსახურებას, გისმენთ, ვსწავლობ, და როგორც გლობალური მოქალაქე, მრავალი თვალსაზრისით ვტკბები საქართველოთი... დღეს ვერავინ იქნება იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსაგან. და ის, ვინც უცხოეთის ჩარევაზე საუბრობს, ალბათ ის ხალხია, ვისაც თავად სურს ჩაერიოს, ანუ რუსეთი...

რადიო “თავისუფლება”: ბატონო დაინ, თქვენ აღნიშნეთ, რომ გაგაოგნათ იმ პოლარიზაციის ხარისხმა, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში დაინახეთ. თქვენ საშუალება გქონდათ, შეხვედროდით პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატს. რა შთაბეჭდილება გრჩებათ ამ შეხვედრების შემდეგ? შეიძლება თუ არა, ვიმედოვნოთ, რომ დაპირისპირებული მხარეები მომავალში შეძლებენ თანამშრომლობას, რათა ერთად იზრუნონ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას?

ტომ დაინი: ამის იმედი მაქვს. თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ მეტისმეტად ოპტიმისტურად ვაფასებ სიტუაციას. მე რომ ახალი პრეზიდენტი ვიყო, ოპოზიციას ხელს გავუწვდიდი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ოპოზიცია პასუხად ალბათ არ გამომიწვდიდა ხელს. მაგრამ როცა უმრავლესობა ხარ, უმცირესობას პირველმა სწორედ შენ უნდა მიმართო. ასეთია ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქმედი პოლიტიკური წესების ბუნება. ამის მოწმენი ვართ დასავლეთ ევროპაშიც, იაპონიაშიც, შეერთებულ შტატებშიც და კანადაშიც. ასე რომ, ეს დროის საკითხია. დროს ჭრილობების შეხორცებაც ხელეწიფება. ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სიღარიბის პრობლემის გადაჭრას აპირებს. მაგრამ ამის გაკეთება ხომ შეუძლებელია ოპოზიციის გარეშე! პარლამენტში ვერ გაიტან კანონს, რომელიც საამისოდ არის საჭირო. ვერაფერს გახდები საბიუჯეტო თანხების განუკარგავად, და აქაც ოპოზიციის თანხმობა გჭირდება. ასეთი გეგმები ერთობლივი ძალისხმევით უნდა მუშავდებოდეს და ხორციელდებოდეს. ცხადია, უმცირესობამაც უნდა ისწავლოს მწყობრად და შეთანხმებულად მოქმედება. ცხადია, უმცირესობას უმრავლესობად ქცევა სურს და ეს სავსებით ნორმალურია ისეთ ღია და კონკურენციადაშვებულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა. იმისთვის, რათა წარსულის მწარე გაკვეთილებს დადებითი შედეგი მოჰყვეს, აუცილებელია მეტი თანხმობა აწმყოში – შედეგად კი მივიღებთ მომავალს, სადაც იქნება კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

რადიო “თავისუფლება”: ისევ საპრეზიდენიტო არჩევნებს დავუბრუნდეთ. საქართველო როგორღაც თითქოს მიეჩვია ერთი კანდიდატის გამანადგურებელ გამარჯვევებს. 5 იანვრის არჩევნები პირველი იყო საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიაში, რომელშიც გამარჯვებულმა ხმების 50 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღო. როგორ ფიქრობთ, შორეული პერსპექტივით ქვეყნისთვის ეს კარგია თუ ცუდი?

ტომ დაინი: შორს გახედვა არც დამჭირდება – ეს შესანიშნავია! ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის გამარჯვება, და ეს არის საქართველოს ხალხის გამარჯვება. ამიტომ სულ ვიმეორებ: შაბათის არჩევნებში გამარჯვებული ხალხია. რაც უფრო მჭიდროა კონკურენცია, მით უფრო დიდია მიზნის მიღწევის საქმეში თანამშრომლობის შესაძლებლობა. თუ 90 პროცენტით იგებ, ჩნდება მოდუნების საშიშროება. ადამიანის ბუნება ასეთია: ძალაუფლება კორუფციისკენ გიბიძგებს, ხოლო მეტისმეტი ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერად გიბიძგებს. ამიტომ გაცილებით მირჩევნია გამარჯვება 51-ით:49 ან 52-ით-48.

რადიო “თავისუფლება”: მოდით, შევაჯამოთ თქვენი ნათქვამი. მას შემდეგ, რაც ქართულმა დემოკრატიამ 7 ნოემბერს დარტყმა მიიღო (მეთანხმებით, რომ მიიღო?)...

ტომ დაინი: ო, ეს საშინელება იყო! საშინელება!

რადიო “თავისუფლება”: ...იმ მოვლენების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ კარგი არჩევნები აუცილებელი იყო საქართველოს დასაბრუნებლად დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე – აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი. ჩემი კითხვა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი – შეიძლება თუ არა, ეს არჩევნები კარგ არჩევნებად ჩაითვალოს? და მეორე? რა უნდა გაკეთდეს ახლა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში?

ტომ დაინი: მთლიანობაში კარგი არჩევნები იყო, მშვიდობიანი. არ გავმხდარვართ მოწმენი ძალადობისა, რომელსაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა, არც ძალიან უხეში დარღვევები მომხდარა. კარგი ის იყო, რომ უამინდობისა და ყინვის მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილი კენჭისყრაზე გამოცხადდა. მაგრამ გავიმეორებ: ეს პროცესია – ის, რაც მოხდა გუშინ, გავლენას მოახდენს იმაზე, რაც მოხდება ხვალ. სრულყოფილი არაფერია და ყველას გვინდა, ხვალ ყველაფერი უკეთ იყოს. ჩემი დევიზია: ეცადე, საქმე უკეთ და უკეთ აკეთო და ხალხი ამის მიხედვით შეგაფასებს. საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოგცემს საშუალებას, თავი მოგქონდეს უწინდელი კარგი არჩევნებით – აუცილებელია ხარვეზების გამოსწორება, იქნება ეს საარჩევნო სიები თუ მოხელეთა უკეთ გაწვრთნა. ყოველი ჩვენგანის მიზანია, ქართველებისაც და არაქართველებისაც, მოვესწროთ დემოკრატიული, იდეებით აღსავსე საქართველოს კეთილდღეობასა და აყვავებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG