Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უსაფრთხოების სისტემის კონტურები მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილების ფონზე


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირების საგანია,

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი უკვე იწყებს ფიქრს ახალი მთავრობის ფორმირებაზე, ახალი მთავრობისა, რომელიც დაკომპლექტდება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით და, თანაც, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ, პერსონალურის გარდა, არსებითი ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილება შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს - სტრუქტურას, რომელიც ორი სამინისტროს გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა და ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება საზოგადოებრივ კონტროლს.

რა შედეგითაც უნდა დასრულებულიყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ცხადი იყო, რომ სტრუქტურა, რომელსაც გაერთიანებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდება, პირვანდელი სახით ვეღარ გააგრძელებდა ფუნქციონირებას. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ამას გააკეთებდა გამარჯვების გამოცხადებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის შეცვლას ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს. ამასთანავე, ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ზოგისთვის - ”ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი”, ზოგისთვის კი - ”სიკვდილის ბრიგადების” შემქმნელი, სამწლიან მოღვაწეობას დაასრულებს. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილი საერთოდ ჩამოაშორონ აღმასრულებელ ხელისუფლებას:

[ირაკლი სესიაშვილი] ”პირველ რიგში, ეს ეხება ვანო მერაბიშვილს და საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ის არათუ დატოვებს თავის პოსტს, არამედ სხვა მაღალ თანამდებობაზეც კი აღარ გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ფაქტი კიდევ უფრო გააღიზიანებს საზოგადოებას.”

პერსონალური საკადრო ცვლილების გარდა, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშორდება უშიშროების სტრუქტურა, რომელიც ან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, ან ცალკე დეპარტამენტად, როგორც აქამდე იყო. ასეთი სტრუქტურული და ფუნქციური გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორებს ”მონსტრის” იარლიყს და მას საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომ უწყებად აქცევს. ნიშანდობლივია, რომ, გარდა სპეცსამსახურისა, ანუ გარდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამანეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამჟამად გაერთიანებულია სასაზღვრო პოლიცია და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქცევს ”სახელმწიფოდ სახელმწიფოში.” ექსპერტები მოელიან, რომ, ამ სტრუქტურული რეორგანიზაციის გარდა, რეალურად ამოქმედდება უშიშროების საბჭოს აპარატი. ლევან ცუცქირიძე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი, მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა იყო არა ერთი სამინისტროს შიგნით თავმოყრილი ფუნქციები, არამედ მათი გამიჯვნა და კონტროლი უშიშროების საბჭოს აპარატის მხრიდან, რაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა:

[ლევან ცუცქირიძე] ”მე ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭომ უფრო მეტი ფუნქციები უნდა შეასრულოს და თუკი იგი, გარკვეულწილად, მაკოორდინებელი ორგანოს როლს იკისრებს, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, ერთმანეთის ინფორმირების და საერთო პოლიტიკის განხორციელების თავალსაზრისით. არ შეიძლება, რომ უშიშროების საბჭო იყოს რაღაც მეორეხარისხოვანი ორგანო იმ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა და ისეთ გარემოში, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს.”(სტილი დაცულია)


უსაფრთხოების ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ წერტილი დაესმება გაუგებარ ვერტიკალს, როდესაც ე.წ. ძალოვანი მინისტრები მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე იყვნენ ვალდებულები, ხოლო პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკზე აგებდა პასუხს.

[ლევან ცუცქირიძე] ”ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკური საკითხების წარმმართველი; ის უნდა მართავდეს იმ გუნდს, რომელიც ჰყავს. დანაწილება, რომ პრემიერ-მინისტრი მართავდეს მარტო ფინანსებს, დანარჩენს კი ვინმე სხვა, მე არ მიმაჩნია გამართლებულად. არაეფექტურია, ჩემი აზრით, მართვის სისტემის ასე მოწყობა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ თუ როგორ ჩამოყალიბდება მომავალი მინისტრთა კაბინეტი და როგორ განისაზღვრება ახალ მთავრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და მოვალეობები, ამაზე ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან ჯერჯერობით ქვეყანას არ ჰყავს ლეგიტიმური უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი. შესაბამისად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული პოლიტიკური სტატუს-კვო, ზუსტად იმდენივე ხანს იარსებებს საკმაოდ განშტოებული და გაუმჭვირვალე უსაფრთხოების სისტემა, ძლიერი ფინანსებით, გავლენითა და ყოველგვარ საზოგადოებრივ კონტროლს მოკლებული საიდუმლო სპეცსამსახურებით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG