Accessibility links

logo-print

რა გეგმის მიხედვით იზრდება საქართველოში პენსიების მოცულობა


დღეს, 9 იანვარს, საქართველოს მთავრობამ საპენსიო კანონმდებლობის მოწესრიგებაზე იმსჯელა და შესაბამისი დადგენილების პროექტიც მოამზადა.

გასული წლის დეკემბრიდან მინიმალური პენსია 55 ლარამდე გაიზარდა და მიმდინარე წლის მანძილზე კიდევ 76 ლარამდე გაიზრდება, რაც, შესაბამისად, სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატი ამომრჩეველს პენსიების სხვადასხვა დონემდე გაზრდას ჰპირდებოდა, თუმცა საპენსიო რეფორმა არავის უხსენებია. რა სისტემის მიხედვით იზრდება პენსიები საქართველოში და არის თუ არა ეს საპენსიო რეფორმა?

საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო პენსიების გასაცემად 700 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული. გასულ წელს ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, შარშანწინ კი - კიდევ უფრო ნაკლები. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო ხარჯების მატებას პენსიების მინიმალური მოცულობის ზრდა იწვევს. მიუხედავად ამისა, საქართველოში პენსიონერთა ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმის მოთხოვნებს ჯერაც ვერ აკმაყოფილებს. ამის გამო პენსიონერებს უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამთ.

[პენსიონერთა ხმა] ”როგორ ვიცხოვრო, კაცო, ჰა?... 40 წელიწადი მიმუშავნია, 100, 115, 120 ლარი უნდა იყოს მაინც, რომ ვიცხოვრო.”

”იმას მოვითხოვთ, რომ ხალხს მიხედონ, ხალხს, პენსიონერებსა... დაუნიშნონ ისეთი პენსია, რომ სამარცხვინო არ იყოს.”

ასეთი განცხადებები გასული წლის მანძილზე ხშირად ისმოდა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ პენსია 38-დან 55 ლარამდე გაიზარდა, წლის ბოლომდე კი მისი ოდენობა 76 ლარს მიაღწევს. მაგრამ ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ესტონეთის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მარტ ლაარმა განაცხადა, რომ პენსიების გაზრდა დადებითი ნაბიჯია, მაგრამ საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროება საპენსიო რეფორმა:

[მარტ ლაარის ხმა] ”საქართველოს დასჭირდება საპენსიო რეფორმის გეგმა და სჭირდება მალე. რადგან მხოლოდ ფულის დარიგება, არ მგონია, კარგი გეგმა იყოს. არსებულ სისტემას თუ ავიღებთ, რომელიც არ არის შექმნილი რაღაც გეგმის საფუძველზე, და იქ მხოლოდ ფულს დავამატებთ, ეს სისტემა, ალბათ, არ იმუშავებს. საჭიროა გქონდეთ მთლიანი საპენსიო სისტემის რეფორმა, რაც განიხილება, მზადდება, მაგრამ უნდა დაიწყოს მისი კეთება. კონკრეტულად თუ რომელ გზას აირჩევთ, ეს ცალკე საკითხია. არსებობს ბევრნაირი სქემა საამისოდ. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - წლის მანძილზე რომელიღაც უნდა აირჩიოთ. სხვაგვარად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯის გაუთავებელი ზრდა, რაც არ მოიტანს სერიოზულ შედეგს სოციალური კუთხით, ეკონომიკურად კი შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს.”

ეკონომიკის ქართველი ექსპერტი დავით ნარმანიას აზრით კი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დასაშვებია პენსიის ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხანგრძლივად ფინანსდებოდეს, თუმცა ისიც აღნიშნავს საპენსიო რეფორმის აუცილებლობას:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ჩვენთან ჯერჯერობით...”

საქართველოში დღეისათვის 800 ათასზე მეტი პენსიონერია და აქედან 500 ათასზე მეტი, სტაჟისა და ნამსახურების მიხედვით, პენსიის სახით, 55 ლარზე მეტ თანხას მიიღებს. ამჟამად პენსიონერთა დაახლოებით 80 პროცენტის პენსია 62 ლარის ფარგლებში მერყეობს.

XS
SM
MD
LG