Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, ისრაელი "მეტად სერიოზულად" არის დაინტერესებული

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით, ისრაელი "მეტად სერიოზულად" არის დაინტერესებული
სტაბილური მშვიდობით პალესტინელებთან. ასეთი შინაარსის განცხადება ეჰუდ ოლმერტმა გააკეთა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მან იერუსალიმში სტუმრად მყოფ ამერიკის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან ერთად გამართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო გეგმას, რომელიც მის მეზობლად პალესტინელების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა იქვე ეჰუდ ოლმერტმა დასძინა, რომ მშვიდობის დამყარებას ტერორი უშლის ხელს:
(ოლმერტის ხმა) "მშვიდობა ვერ დამყარდება, ვიდრე არ შეჩერდება ტერორი. ჩვენ ეს კარგად ავუხსენით პალესტინელებს. მათ იციან ამის შესახებ და ესმით, რომ ამგვარი მიდგომა ღაზის სექტორსაც უნდა შეეხოს." ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები დღეს გამართა. ჯორჯ ბუშის აზრით, ეს არის "ისტორიული მომენტი, ისტორიული შანსი", რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობამ დაისადგუროს. ჯორჯ ბუშმა დღეს ყურადღება გაამახვილა ირანზეც და კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას – ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდეს თეირანისგან მოსალოდნელ მცდელობას განაახლოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა. აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში დღეს ჩავიდა. ამით დაიწყო ჯორჯ ბუშის 8-დღიანი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მშვიდობის ხელშეწყობა ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
XS
SM
MD
LG