Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის მიერ თანამშრომლობის შეთავაზებას 5 იანვრის არჩევნებში მისი კონკურენტები მეორე ტურის გამართვის მოთხოვნით უპასუხებენ


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ის მონაცემებია, რომლებშიც სერიოზულ ცვლილებებს თავად კომისიაში ნაკლებად ვარაუდობენ.

არსებობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი დასკვნა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის კონკურენტები ცესკოს წინასწარ მონაცემებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებასაც უნდობლობას უცხადებენ.. ისინი და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და, რეალური მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა აუცილებელი.... მეორე ტური ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, მისი წარმომადგენლები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე უარს ამბობენ იმ შეთავაზებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 8 იანვარს გააკეთა. პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში კვლავ მაღალია... 9 იანვარს საპროტესტო შეძახილები ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან ისმოდა.

ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანამებრძოლები მარტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას არ მოითხოვენ. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ ისინი გაჩეჩილაძისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით მივიდნენ... ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან 9 იანვრის საღამოდან შიმშილობის აქციის დაწყება გადაწყვიტა ლევან გაჩეჩილაძის ძმამ გია გაჩეჩილაძემ, იმავე ”უცნობმა”... ”მაუწყებლის” შენობასთან შუადღისას მისული იყო თავად ლევან გაჩეჩილაძეც.. სტვენისა და მოწოდებების შემდეგ, მან და მისმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დროებით დატოვეს.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ხვალ 2 საათზე ისევე ვიკრიბებით აქ - მანამდე, სანამ არ მომცემენ უფლებას მილიონ ამომრჩეველს დაველაპარაკო და სიმართლე ვუთხრა..”

ეს არის ის ფორმა და ის ტონი, რომლითაც ურთიერთობა ჩვენთვის მიუღებელია, - აცხადებს ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ” ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი:

[თამარ კინწურაშვილის ხმა] ”მიპასუხე ან ”ჰო”, ან ”არა”! - მიუღებელია ასეთი ტონი. ჩვენი მოვალეობაა მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გავაშუქოთ მოვლენები. რა ფორმით გავაკეთებთ ამას, ეს სარედაქციო საქმეა, რომელშიც ვერ ჩაერევიან ვერც ოპოზიციის და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლები.”

ლევან გაჩეჩილაძე პირდაპირ ეთერს ითხოვს, თამარ კინწურაშვილი კი აცხადებს, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი ” მზადაა ჩაწეროს მასთან ინტერვიუ და გაუშვას ეთერში, თუკი მასში არ იქნება ანტიკონსტიტუციური მოწოდებები.. კინწურაშვილი იმასაც ამბობს , რომ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაჩეჩილაძეს სააკაშვილზე მეტი საეთერო დრო დაუთმო.

”არ გვეშინია არც ზეწოლის, არც მუქარის”- ეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაა.. ის უკვე იღებს მილოცვებს, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სამომავლოდ თანამშრომლობაც შესთავაზა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე შემდგომი ვადა მაქვს იმისათვის, რომ ვიყო მთელი საქართველოს პრეზიდენტი და არა ერთი პარტიის და ერთი ჯგუფის წარმომადგენელი. ”

”საქართველოში ბევრი ღირსეული ადამიანია და მათ უნდა მიეცეთ საშუალება ქვეყანას ღირსეულად ემსახურონ”, - განაცხადა სააკაშვილმა და დადო პირობა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში თანამდებობებზე მხოლოდ პარტიული ნიშნით აღარ დაინიშნებიან.. ეს ყველაფერი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ითქვა, იქვე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მზად არის, სამომავლოდ, მთავრობა გახსნას
სხვა პოლიტიკური ძალების ღირსეული წარმომადგენლებისთვისაც, მაგრამ ოპოზიციაში შეთავაზებას არ იღებენ.. დავიწყოთ ”ახალი მემარჯვენეებით”. მანანა ნაჭყებია აცხადებს:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”ჩვენ ვთვლით, რომ სააკაშვილი გავიდა მეორე ტურში. ამიტომ, თუ ის დათანხმდება მეორე ტურს და დაამტკიცებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ლაპარაკი რაიმე თანამშრომლობაზე.”

იგივე განაცხადეს ”ლეიბორისტებმა”:

[გიორგი გუგავას ხმა] ”ეს იგივე იქნებოდა, მას რომ შემოეთავაზებინა ჩვენთვის ჩინეთის მთავრობაში მონაწილეობა. ”

ლეიბორისტი გიორგი გუგავაც ამბობს, რომ თანამშრომლობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ამ ეტაპზე პირველ ტურში სააკაშვილის მარცხი უნდა იქნეს აღიარებული.
ანალოგიურია ”გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლების მოსაზრებებიც..
შეკითხვას, მიიღებთ თუ არა სააკაშვილის შემოთავაზებას მისი მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, დათო ზურაბიშვილი უპასუხებს, რომ ვერ მიიღებს 5 იანვრის არჩევნების, მისი აზრით, გაყალბებულ შედეგებს ...

ასე რომ, ოპოზიცია წინასწარი შედეგებით გამოკვეთილ მარცხთან შეგუების მზადყოფნას არ ავლენს. თუმცა საქართველოს დასავლელი მეგობრები მის წარმომადგენლებს მოუწოდებენ პატივი სცენ საბოლოო შედეგს, როცა ის გამოქვეყნდება, და მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ ეტაპზე კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ.
XS
SM
MD
LG