Accessibility links

logo-print

რატომ აღარ გადის ეთერში სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუები?


4 იანვრის შემდეგ ქართულმა ტელეარხებმა ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღეს და შეწყვიტეს პოლიტიკური დებატები,

რამაც, გარკვეული საინფორმაციო ვაკუუმის გარდა, სერიოზული ეჭვებიც გააჩინა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მედია-მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული პირდაპირ ეთერში ეპაექროს ოპონენტებს და მოისმონოს მათი კრიტიკა, ხოლო სამაუწყებლო კომპანიები, უბრალოდ, იძულებულნი არიან შეასრულონ ხელისუფლების მოთხოვნა. ასე მოხდა, სხვათა შორის, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რამდენიმე ტელეარხზე ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა პოპულარული თოქ-შოუები. საკითხავია, გვაქვს თუ არა საქმე იმავე ტიპის მოვლენასთან?

4 იანვარს, როდესაც შეწყდა ყოველგვარი წინასაარჩევნო აგიტაცია, ყველა ქართულმა ტელეარხმა ეთერიდან მოხსნა პოლიტიკური დებატები და დღემდე არ განუახლებია. ერთადერთი იყო ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე 8 იანვარს გასული პროგრამა ”პრაიმ-ტაიმი”, რომელიც მთლიანად პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილთან საუბარს დაეთმო. აღნიშნული პროგრამა მეორე დღეს ყველა სხვა ტელეკომპანიამ გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ ”პრაიმ-ტაიმის” შემდგომ გადაცემაში იგეგმება პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, მიწვევა, სწორედ ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატი და მათი მომხრეები ჩივიან იმის გამო, რომ მათ არ ეძლევათ ხალხთან საუბრის საშუალება. ლევან გაჩეჩილაძემ 9 იანვარს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ ასეთი განცხადებაც გააკეთა:

[ლევან გაჩეჩილაძე] ”ხვალ 2 საათზე ისევ ვიკრიბებით აქ, სანამ არ მოგვცემენ უფლებას, რომ ჩვენს მილიონ ამომრჩეველს დაველაპარაკო და სიმართლე ვუთხრა.”

თუმცა 10 იანვარს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ საპროტესტო მიტინგის მოწყობა აღარ გახდა საჭირო. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, რათა პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ეთერი დაუთმოს. ტელევიზიაში აღნიშნავენ, რომ 14 იანვრიდან ყველა პოლიტიკური ხასიათის ღამის შოუ ჩვეულებრივ გავა ეთერში. გადაცემა ”დღის კომენტარის” წამყვანმა დავით აფრასიძემ მუშაობის განრიგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გააცნო რადიო ”თავისუფლების” მსმენელებს:

[დავით აფრასიძე] ”მიზეზი საკმაოდ ტრივიალური იყო: ჩვენ ძალიან დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობდით წინასაარჩევნო პერიოდში, ქრონომეტრაჟს საკმაოდ ვაჭარბებდით, გვქონდა განსაკუთრებული სპეციალური გამოშვებები. მომავალი ორშაბათიდან ვაპირებთ ჩვეულებრივ განვაახლოთ გადაცემები. ეს ეხება ”დღის კომენტარს”. ის ყოველდღე 22 საათზე გავა ეთერში. რაც შეეხება ”არგუმენტს” , ის უკვე კვირას გავა პირდაპირ ეთერში და ყოველკვირეული შემაჯამებელი თოქ-შოუ იქნება.”

ერთკვირიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ეთერში გასვლას გეგმავს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ღამის შოუ. დებატების განახლებას გეგმავს კიდევ ერთი ტელეკომპანია, ”მზე”, გადაცემით ”ღამის მზერა”. არხის გენერალურმა დირექტორმა ალეკო ფარულავამ უარყო ხმები, თითქოს დებატების მოხსნა ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას უკავშირდებოდეს. თუმცა ფარულავა არ გამორიცხავს, რომ პაუზა ოდნავ გაგრძელდეს, რადგან ხელმძღვანელობა დებატების ფორმატის შეცვლას აპირებს:

[ალეკო ფარულავა] ”შეიძლება, წმინდად პროფესიული თვალსაზრისით, ფორმატის გარკვეული ცვლილება. ფორმატში ვგულისხმობ არა თოქ-შოუს ფორმატს, არამედ შეიძლება პროფესიული თვალსაზრისით ახალი რუბრიკები გავაჩინოთ. მოკლედ, ახლა, ამ წუთში, შეჩერება ცალსახად გამოწვეულია შვებულებით და საახალწლო საშობაო დღეებით და იმით, რომ 40 დღე მათ მუხლჩაუხრელად იმუშავეს.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად სადღესასწაულო არდადეგებისა, არჩევნების შემდეგ ერთბაშად ყველა სატელევიზიო არხზე დებატების შეწყვეტას შეცდომად მიიჩნევენ მედიის ექსპერტები. როგორც ”მედია-საბჭოს” წევრმა, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის ვაკუუმში დატოვება ტელეკომპანიების მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო:

[ ნინია კაკაბაძე] ”სამწუხაროდ, ტელემედია კიდევ ერთხელ უშვებს ამ შეცდომას და ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობას ტოვებს ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირი ეთერით მოსმენილი სხვადასხვა არგუმენტები სულ სხვა ეფექტია და ვიცით, რომ საინფორმაციო გადაცემებში დამონტაჟებული გალამაზებული ინფორმაცია როგორ ეფექტს იძლევა.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერებას დაუშვებლად მიიჩნევს კიდევ ერთი მედია-ჯგუფი, რომელიც ”მიხნიკის” ჯგუფის სახელით არის ცნობილი. ამ ჯგუფის წევრმა,ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ თუ სატელევიზიო დებატები არ განახლდება ხელისუფლების მომხრეებისა და მისი ოპონენტების მონაწილეობით, მაშინ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი წინასაარჩევნო ორთქლის გამოშვებას ემსახურებოდა.
XS
SM
MD
LG