Accessibility links

რა მსგავსებაა სააკაშვილსა და პუტინს შორის


პრეზიდენტობის კანდიდატს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში

იმ მეთოდებით, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად არის აპრობირებული. ამასთან, მას ხშირად ამსგავსებენ რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინსაც. სწორედ ამ ორმა მოსაზრებამ უბიძგა რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტს ანდრეი ბაბიცკის დაინტერესებულიყო, რას ფიქრობენ უცხოელი ექსპერტები – რა მსგავსება და განსხვავებაა რუსეთისა და საქართველოს მმართველობის რეჟიმებსა და მათ ლიდერებს შორის.

დავიწყოთ ლონდონელი პროფესორის, ისტორიკოს დონალდ რეიფილდის მოსაზრებით – "სააკაშვილი ბოლო წლებში იმდენად ძლიერად ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს, რომ უნებლიეთ თავად დაემსგავსა რუსეთის მმართველს". რით, რატომ და როგორ დაემსგავსა სააკაშვილი პუტინს?

(რეიფილდის ხმა) "ალბათ, ბოლო სამი წლის მანძილზე სააკაშვილი უფრო მეტად დაემსგავსა პუტინს. შეიძლება იმიტომ, რომ სააკაშვილი ასე ეწინააღმდეგება რუსეთის გავლენას, ის უნებლიეთ ემსგავსება რუსეთის მმართველს. სააკაშვილი ხელისუფლების ვერტიკალს აშენებს და სასამართლო სისტემა ნომინალად იქცა... ოპოზიციამ არსებობა შეწყვიტა, თუმცა ამ ბოლო დროს ის მკვდრეთით აღდგა. ამ ორ რეჟიმს შორის საკმაოდ ბევრი იყო საერთო. განსხვავება ის იყო, რომ სააკაშვილი იძულებული იყო მოესმინა უცხოელი ელჩების ნოტაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ნატოს მხარდაჭერა მოეპოვებინა. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებაა მასა და პუტინს შორის, რომლსაც, ცხადია, შეუძლია არავის მოუსმინოს."

რეიფილდი ფიქრობს, რომ რუსეთსა და საქართველოს გარკვეული ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმებიც განასხვავებს. ლონდონელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით პროცესები უფრო ღრმა და საფუძვლიანია.

საქართველოს რუსეთთან - და არამხოლოდ რუსეთთან - მსგავსებას ერთადერთი კუთხით, მხოლოდ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის სიბრტყეზე, განიხილავს პარიზელი ექსპერტი სილვია სერანო, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური ევროპის საკითხების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომელი. თუკი პუტინის რეჟიმი მსოფლიოს თვალით ავტორიტარულად მიიჩნევა, საქართველოში სილვია სერანო ავტორიტარიზმის სერიოზულ კვალს ვერ ხედავს:

(სერანოს ხმა) "მაინც გადაჭარბებულია ავტორიტარიზმზე საუბარი, როდესაც საქმე საქართველოს შეეხება. ბოლო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებასთან დაპირისპირება შეუძლია... და ზოგიერთი ავტორიტარული ტენდენციის მიუხედავად, რაც აბსოლუტურად ყველგან და, სხვათა შორის, დასავლეთის ქვეყნებშიც კი იჩენს თავს, აშკარაა, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად ყალიბდება დემოკრატიული თამაშის წესები. რა თქმა უნდა, საქართველო იდეალური დემოკრატია არ არის, მაგრამ პლურალიზმისა და კონკურენციის გარკვეული ელემენტები არსებობს."

საქართველოში ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმის არსებობას უარყოფს დმიტრი ფურმანიც – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი. მისი აზრით, სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებზე ხმების დაახლოებით 50 პროცენტს იღებს, ერთმნიშვნელოვნად ავტორიტარულს ვერ დაარქმევ და ის აშკარად განსხვავდება, ვთქვათ, რუსეთისგან, უზბეკეთისა და ყაზახეთისგან. მაგრამ სახელმწიფოში დამკვიდრებული ძირითადი სისტემის მიღმა დმიტრი ფურმანი ცალკე ახასიათებს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და აქ ის ავტორიტარიზმის გარკვეულ შტრიხებს ხედავს:

(ფურმანის ხმა) "უდავოა, სააკაშვილის რეჟიმში ავტორიტარიზმის ტენდენციები არსებობს. მაგრამ ეს ტენდენციები, მე ვიტყოდი, არ ატარებს იდეოლოგიურ სახეს. ისინი მომდინარეობს სააკაშვილის ინსტინქტური მისწრაფებისგან, და ეს ნებისმიერ მმართველს ახასიათებს, განამტკიცოს თავისი ძალაუფლება... მით უმეტეს საზოგადოებაში, რომელიც მიდრეკილია ანარქიისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ. ასეთია საზოგადოება საქართველოში. იქ თავს იჩენს ძლიერი წინააღმდეგობა დასავლური ტიპის დემოკრატიის შექმნის სურვილსა და ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობას შორის. ერთი შეხედვით, ყველას უნდა დემოკრატია საქართველოში, ყველას უნდა დასავლეთის სისტემასთან მორგება, მაგრამ, აი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მშვიდად მიღწევა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა მათთვის, უბრალოდ, ძალიან რთულია."

სწორედ ძლიერი ავტორიტარული მექანიზმების არარსებობით ხსნის თავის დროზე ვარდების რევოლუციის გამარჯვების შესაძლებლობას პარიზელი ექსპერტი სილვია სერანო. ის ამბობს, რომ საქართველოში, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, ავტორიტარიზმის ტრადიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს და იმან, რომ შევარდნაძე საკუთარ ხალხს უხეშ ძალას არ დაუპირისპირებდა და მით უმეტეს – არ ესროდა, საშუალება მისცა სააკაშვილს, მოსულიყო ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG