Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში ისრაელის შემდეგ პალესტინელებს ეწვია


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს გააკეთა პროგნოზი, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება უკვე იმ დროისთვის,

როცა ის მომავალი წლის დასაწყისში თეთრ სახლს დატოვებს და პრეზიდენტი აღარ იქნება. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობისას, ბუშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელი და პალესტინელები მზად არიან ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ ორ მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიანად იცხოვრონ.

ახლო აღმოსავლეთში 8-დღიანი მოგზაურობის მეორე დღე, 10 იანვარი, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობას მიუძღვნა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ მოგზაურობის მთავარ ამოცანას სწორედ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის ხელშეწყობა წარმოადგენს, ჩანს, რომ ჯორჯ ბუშმა ამოცანის შესრულების ნიშნები უკვე დაინახა:

(ბუშის ხმა) "მჯერა, რომ ეს შესაძლებელია და არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ შესრულდება კიდეც... იმ დროისთვის, როცა მე ჩემს ოფისს დავტოვებ, უკვე ხელმოწერილი იქნება სამშვიდობო შეთანხმება. მჯერა და მჯერა იმიტომ, რომ მესმის ამის აუცილებლობის რწმენა როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან, ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტისგან."

ასეთი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა 10 იანვარს ქალაქ რამალაში გააკეთა. მანამდე ის მართლაც ესაუბრა როგორც პალესტინელების ლიდერს მაჰმუდ აბასს, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს. 9 იანვარს, როცა ამერიკის პრეზიდენტს მასპინძლობდა, ოლმერტმა გამოხატა ისრაელის პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს მის მეზობლად პალესტინელების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

თუმცა, მშვიდობის მიღწევის კონტექსტში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პალესტინელების მხრიდან ტერორის შეწყვეტის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:

(ოლმერტის ხმა) "მშვიდობა ვერ დამყარდება, ვიდრე არ შეჩერდება ტერორი. ჩვენ ეს კარგად ავუხსენით პალესტინელებს. მათ იციან ამის შესახებ და ესმით, რომ ამგვარი მიდგომა ღაზის სექტორსაც უნდა შეეხოს."

ტერორის თემას შეეხო ჯორჯ ბუშიც უკვე რამალაში, პალესტინელების ლიდერთან მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამერიკის პრეზიდენტმა პალესტინელებს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოწოდების ძირითადი ადრესატია დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აკონტროლებს ღაზის სექტორს და რომელიც სამშვიდობო პროცესს არ უერთდება.

ჯორჯ ბუში ამბობს, რომ ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი ორივე მხარის მიერ, რათა დამოუკიდებელი პალესტინელების სახელმწიფო შეიქმნას და მან მშვიდობიანად იარსებოს მშვიდობიან ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG