Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური ინიციატივები


საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში ახალი ინიციატივებით წარდგა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხება.

ესენია ქალაქ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკანონმდებლო ბაზა, ეროვნული ბანკის რეფორმირება, საშემოსავლო გადასახადების შემცირება და სხვ. რატომ გამოვიდა მთავრობა ახალი ინიციატივებით გადადგომამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე და რა ეკონომიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს ეს ინიციატივები?

საქართველოს მთავრობის 2008 წლის პირველ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები განიხილეს, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე საუბრობს:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”შემდეგი 5 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დღეს შეადგენს 25 პროცენტს, შემცირდეს 15 პროცენტამდე და, საერთოდ, გაუქმდება გადასახადი დივიდენდებზე.”(სტილი დაცულია)

რა სარგებლობას მოუტანს ეკონომიკას ამ ცვლილების განხორციელება? ამ კითხვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა ასე უპასუხებს:

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] ”სულ, მინიმუმ ნახევარი მილიარდი ლარი დარჩება ქართულ ბიზნესში, რაც ნიშნავს რამდენიმე ათეული ათასობით სამუშაო ადგილს.”

ექსპერტები ამ ინიციატივას იწონებენ, მაგრამ მათი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი მთავრობის მეორე ინიციატივის მიმართ. ლაპარაკია ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ. სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა ორიოდე დღის წინ მოიწონა. ქალაქ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას კრიტიკულად უყურებს ცნობილი ეკონომისტი ლადო პაპავა და ფიქრობს, რომ საქართველოს ისედაც მწირი ინვესტიციები ფოთში გადაინაცვლებს.

სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] ”მოვიშველიოთ მაგალითები, სად მოხდა ეს და როგორ მოხდა ეს. მაგალითად, კაცმა ინვესტიცია ჩადო ტელეკომუნიკაციებში - მაგთიში ან ჯეოსელში. ჯეოსელი გადავა თავისუფალ ზონაში?...”

ემზარ ჯგერენაია ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში, საფრთხის ნაცვლად, ქვეყნისთვის დიდ სარგებლობას ხედავს. მისი აზრით, ფოთი საქართველოში უამრავ ინვესტიციას და ცნობილ ბრენდს მოიზიდავს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეფორმირებას, მთავრობის აზრით, ცენტრალურ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ჩამოშორდეს და ის მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელ ეფექტურ მექანიზმად უნდა იქცეს. ამ რეფორმის განხორციელებაში ექსპერტები მთავრობას სიდინჯეს ურჩევენ, თუმცა კი რეფორმის წინააღმდეგ არ გამოდიან.

მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორისაა პროფიციტული ბიუჯეტიც. ამ კანონის მიღების შემდეგ დეფიციტური ბიუჯეტი აღარ იარსებებს, რაც, მთავრობის აზრით, ასევე ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს. კანონპროექტების პაკეტი სულ 22 კანონისგან შედგება, რომელიც პარლამენტს მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

მთავრობის ამ ახალ ინიციატივაში ექსპერტებს ყველაზე მეტად ის აკვირვებთ, თუ რა გახდა ცვლილებების მიზეზი, მაშინ როდესაც მთავრობის გადადგომამდე 2 კვირაღა რჩება. ემზარ ჯგერენაიას კომენტარი:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] ”ახლა რაიმე გადაწყვეტილების მიღებას სჯობია, რომ ეს გააკეთოს ახალმა მთავრობამ.”

ამჟამინდელი მთავრობის აზრით, მის მიერ მომზადებული ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებების პრაქტიკული რეალიზებაა და ამ გეგმის განხორციელებას პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაც არაფერი დაემუქრება.
XS
SM
MD
LG