Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებით უკმაყოფილო ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის განახლებას აპირებს


5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებმა, როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა.

ვნებათაღელვის ჩაცხრომის ნაცვლად, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო უნდობლობას უცხადებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მხარდამჭერებს კვლავ საპროტესტო მოძრაობის განახლებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის ლიდერები, ხმების ხელახალი გადათვლისა და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, ხალხმრავალი მიტინგების გამართვასა და შიმშილობის დაწყებას აპირებენ. რატომ გადაწყვიტა ოპოზიციამ კვლავ ქუჩაში გასვლა?

რიგგარეშე არჩევნების დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 6 იანვარს გამართა. რიყეზე შეკრებილი თბილისელები ამბობდნენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი ხმების დასაცავად:

[ქალბატონის ხმა] „რა პროცედურებიც საკუთარი ხმის დაცვისთვისაა საჭირო, ყველას გავივლით - გავასაჩივრებთ ოქმებს სასამართლოში და ასე შემდეგ... ლეგიტიმური გზით ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძოლებთ და, მე მგონი, ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის.“

კანონის ფარგლებში მოქმედების პირობას იძლევა პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეც, რომლის თქმითაც, ხმების პატიოსანი დათვლის შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს სამართლიანობის აღსადგენად:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „დაუშვებელია ამ უსამართლობის გაგრძელება. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ეს იქნება მიტინგები, მანიფესტაციები, შიმშილობა თუ საყოფელთაო დაუმორიჩილებლობა - ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი ბრძოლა. თუმცა, როცა სხვა გზას არ გიტოვებენ, გამორიცხულია დათმობა!“

ეს განცხადება ლევან გაჩეჩილაძემ 10 იანვარს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. იქვე პრეზიდენტობის კანდიდატმა ისიც თქვა, რომ ორიოდე დღის წინ შეხვედრა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. მოგვიანებით ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის სამომავლო განვითარების უზრუნველყოფა - ასევე ევროპული და ასევე დემოკრატიული გზით - და ამისთვის აუცილებელია დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა, წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად, გაუწოდა ხელი ოპოზიციას, მიუხედავად ძალიან ბევრი განსხვავებისა, რომელიც არსებობდა წარსულში. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ მომავალზე.“

მომავალზე საუბარს არც ოპოზიცია გაურბის, თუმცა პარლამენტის წევრი კახა კუკავა ამბობს, რომ ოპოზიცია არ აპირებს უსამართლობასთან შეგუებას. დეპუტატის მტკიცებით, 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილს ხმათა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი არ მიუღია:

[კახა კუკავას ხმა] „გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს ხმების გადათვლას იმ ოლქებში, სადაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული ხმების 100 პროცენტი, რაც, თავისთავად, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ასეთი ოლქებია მარნეულში, ბოლნისში, წალკაში, ახალქალაქსა და თეთრ წყაროში.“

თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დარღვევები ადგილზე დაეფიქსირებინათ:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ჰქონდათ საშუალება გაეპროტესტებინათ ანდა ინფორმაცია მოეწოდებინათ. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია რითია გამოწვეული მათი პრეტენზიები. ხოლო რაც შეეხება ხმების ხელახლა გადათვლას, ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ საუბნო კომისიებმა უკვე დაამთავრეს თავისი მუშაობა.“

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას 13 იანვრისთვის აპირებს. სწორედ 13 იანვარს ეპატიჟება გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე, რომელიც, კახა კუკავას თქმით, რესპუბლიკის მოედანზე ორი საათისთვისაა დანიშნული:

[კახა კუკავას ხმა] „ეს არ იქნება მხოლოდ თბილისში და გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას, რომელიც კი ცნობილია. თუ სააკაშვილს არ უნდა არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლა, მაშინ ჩვენ მას გავუშვებთ ისე, როგორც მილოშევიჩი და შევარდნაძე გაუშვეს.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში, 53 პროცენტით, მიხეილ სააკაშვილი იმარჯვებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს კი ხმათა 25 პროცენტი ერგო. ცესკოს წარმომადგენელთა მტკიცებით, ცალკეული საჩივრების მიუხედავად, უკვე არსებული მონაცემები მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG