Accessibility links

logo-print

რატომ დაინიშნა ულტრანაციონალისტი როგოზინი ნატოში რუსეთის წარმომადგენლად?


რუს პოლიტიკოს დმიტრი როგოზინს, ერთ დროს სახელმწიფო დუმის ფრაქცია “როდინას” ლიდერს, საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, იცნობენ განცხადებებით

, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ეხებოდა: როგოზინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების ღია და აქტიური მომხრეა და, საერთოდაც, არ მალავს თავის შოვინისტურ პოლიტიკურ შეხედულებებს.

44 წლის პოლიტიკოსი ეთნიკური რუსების უფლებების თავგამოდებული დამცველია, არაერთხელ გაუწევია ორგანიზება ე.წ. “რუსული მარშებისთვის” - მასობრივი გამოსვლებისთვის, რომელთა მონაწილეებისგანაც ნაცისტურ სლოგანებს მოისმენთ, ისევე როგორ მოწოდებებს რუსეთიდან შავკანიანების, შავგვრემანების და, ზოგადად, არასასურველი არარუსების გაძევების შესახებ.

როგოზინის ქსენოფობია დასავლეთზეც ვრცელდება: 2006 წელს მან “მომაკვდავ ორგანიზაციად” მოიხსენია ნატო, მასვე არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთს შეიარაღების გაზრდა მართებს დასავლეთის სამხედრო ალიანსისაგან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად. და აი, ხუთშაბათს, 10 იანვარს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ დმიტრი როგოზინს ნიშნავს ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად.

[ფიოდორ ლუკიანოვის ხმა] “ეს, რასაკვირველია, არის სიგნალი ნატოს მისამართით, რომ რუსეთს სულაც არ ახარებს ის, რასაც ნატო აკეთებს - უწინარეს ყოვლისა- რაც ეხება ალიანსის გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით”.

ამ ინტერპრეტაციას აძლევს ნატოში რუსეთის წარმომადგენლად როგოზინის დანიშვნას პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, მოსკოვში გამომავალი ჟურნალის “რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” მთავარი რედაქტორი.

მას კრემლის საკადრო გადაწყვეტილება ლოგიკურად მიაჩნია საშინაო პოლიტკური თვალსაზრისითაც: ლუკიანოვის აზრით, კრემლმა თავიდან მოიცილა გავლენიანი მეტოქე. [ფიოდორ ლუკიანოვის ხმა] “როგოზინი უდავოდ თვალშისაცემი, ნიჭიერი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე არც თუ ურიგო პოტენციალი აქვს. როცა ნათელი გახდა, რომ როგოზინს საკმაოდ ბევრის მიღწევა შეუძლია, კოხტად ჩამოაცილეს რუსულ პოლიტიკას. ამასთან ის - ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ოპოზიციონერობის მიუხედავად - მუდამ კორექტულ, ლოიალურ ურთიერთობას ინარჩუნებდა პრეზიდენტ პუტინთან. ეს კი პრეზიდენტ პუტინს არ დავიწყებია და ეს დანიშვნა მოწმობს, რომ პუტინი მას, მთლიანობაში, ენდობა”.

გამოდის, ლუკიანოვის შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი ენდობა პოლიტიკოსს, რომლის პარტიასაც, “როდინას”, 2005 წელს არ მიეცა მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმის გამო, რომ პარტიის საარჩევნო კამპანიას რასისტული ელემენტები აღმოუჩინეს: ვიდეოკლიპში, რომელიც ამომრჩეველს ნაგვისაგან მოსკოვის გაწმენდისკენ მოუწოდებდა, მინიშნება კვაკასიელ მიგრანტებზე კეთდებოდა...

მაგრამ პოლიტოლოგები, პრაქტიკულად, არც კი ეჭვობენ, რომ როგოზინი თავს შეიკავებს რადიკალური განცხადებებისაგან - ნატოში რუსეთის წარმომადგენლის რანგში. ასეა თუ ისე, როგოზინი გამოცდილი დიპლომატია: იყო პუტინის წარმომადგენელი ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე კალინინგრადის ოლქის სტატუსის შესახებ, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს... თუმცა, უნდა ითქვას რომ ამ კომიტეტის ხელმძღვანელობისას დიპლომატიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. მას სწორედ ამ პერიოდში აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე: რომ, მაგალითად, "მოსკოვს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რათა აფხაზები რუსეთის შემადგენლობაში მიიღოს. რუსეთს გაცილებით მეტი უფლება აქვს აფხაზეთზე, ვიდრე საქართველოს, ვინაიდან იქ მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა,”- ეს სიტყვები დმიტრი როგოზინს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია "როდინას” ლიდერის რანგში აქვს წარმოთქმული 2004 წელს.

ამ განცხადებისაგან განსხვავებით, მართლაც რომ დიპლომატიური იყო ნატოს გენერალური მდივნის რეაქცია ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად როგოზინის დანიშვნის შესახებ. აი, როგორ გამოეხმაურა იაპ დე ჰოოპ სხფერი ცნობას, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლ გენერალ კონსტანტინ ტოცკის ნაცვლად დმიტრი როგოზინის დანიშნვის შესახებ:
[სხეფერის ხმა] “ელჩ როგოზინს აქ მივესალმებით - რატომაც არა! ცხადია, რომ ცვლილება: რუსეთის წარმომადგენლად ელჩ ტოცკის ნაცვლად ელჩ როგოზინის დანიშვნა, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის რუსეთსა და ნატოს შორის აზრთა სხვაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, კოსოვო ან ანტისარაკეტო თავდაცვა”.

მოსკოველი ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვიც იზიარებს შეფასებას, რომ როგოზინის დანიშვნა არ მოასწავებს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ნატოსთან რუსეთის ურთიერთობაში: [ფიოდორ ლუკიანოვის ხმა] “ჩემი აზრით, საშინელი არაფერი მოხდება. გაოცების პირველი ტალღა რომ ჩაივლის, ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ კალაპოტს დაუბრუნდება. ნატოსთან ურთიერთობის სტრატეგიულ კურსს რასაკვირველია, განსაზღვრავს არა ბრუსელში მყოფი ელჩი, არამედ კრემლი. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, ისინი ფორმალურად ძალიან კარგია, ფაქტობრივად კი - ძალიან ცუდი. და ეს გაორება, ვფიქრობ, დარჩება”.

როგორც ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოპ სხეფერი აღნიშნავს, ნატომ და რუსეთმა უნდა გააგრძელონ პარტნიორობა: [სხეფერის ხმა] “არა მგონია, როგოზინის დანიშვნამ რამენაირად ძირეულად შეცვალოს ნატო-რუსეთის ურთიერთობა. რუსეთი მართლაც პარნტიორია, თან მნიშვნელოვანი პარტნიორი. იცით, ამას ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: რუსეთსა და ნატოს სხვა გამოსავალი არა აქვთ, გარდა ერთმანეთთან დიალოგისა”.
XS
SM
MD
LG