Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გასაჩივრების ბოლო ვადა ამოიწურა


საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის მანძილზეც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლებს

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრება შეეძლოთ, ამოიწურა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ, ამა თუ იმ საარჩევნო უბნის გაუქმების მოთხოვნით, უამრავი სარჩელი განიხილა. მათი ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი კი არა. რა გავლენა მოახდინა არჩევნების წინასწარ შედეგებზე საარჩევნო ადმინისტრაციისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებმა?

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევების გამო საარჩევნო ადმინისტრაციამ უამრავი საჩივარი კენჭისყრის პროცესის მსვლელობისას დააკმაყოფილა და აღმოჩენილი ხარვეზები გასწორდა. ეს დაახლოებით საჩივრების 40 პროცენტია, - აცხადებს კახა სოფრომაძე, წარმომადგენლი არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციისა ”სამართლიანი არჩევნები”. მისი ორგანიზაციის რამდენიმე მოთხოვნა ზოგიერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. თუმცა, კახა სოფრომაძის აზრით, გასაჩივრების პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციებში რთულად წარიმართა, უფრო რთული კი სასამართლოში აღმოჩნდა:

[კახა სოფრომაძის ხმა] ”სასამართლოს არ აქვს სურვილი დააკმაყოფილოს ეს სარჩელები. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მოაქვთ რაღაც აბსურდული არგუმენტები. ”

კახა სოფრომაძის აზრით, სასამართლოს მისი ორგანიზაციის ყველა სარჩელიც რომ დაეკმაყოფილებინა, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა.

[კახა სოფრომაძის ხმა] ”საქართველოს მასშტაბით დიდ გავლენას ეს ვერ მოახდენდა, მაგრამ გარკვეულ პროცენტებს დასწევდა ძირს.”

სასამართლომ 5 იანვრის არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რამდენიმე სარჩელიც განიხილა. მათი უმეტესობა რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. მე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩხეიძეს მივმართე იმავე კითხვით, კერძოდ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ამაზე პასუხი მე არ მაქვს, იმიტომ რომ დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება. 13-მდე აქვს ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ შედეგები შეაჯამოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო დავები არ გაგრძელდება.”

დაახლოებით იმავე ვარაუდს გამოთქვამს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილიც. მისი განცხადებით, საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები კიდეც რომ დაკმაყოფილდეს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”სულ რომ ყველა მათგანი დაკმაყოფილდეს, იმ შემთხვევაშიც კი, რაც ჩვენთან არის შემოსული, ის სურათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. რასაც შეუძლია სურათი შეცვალოს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებებია.”(სტილი დაცულია)

ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თითქმის ორმა მილიონმა ამომრჩეველმა. მათი ხმების უმრავლესობა, კერძოდ კი, 53,4 პროცენტი მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მეორე ადგილზეა ლევან გაჩეჩილაძე, 25,7 პროცენტით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აზრით, ასეთი პროცენტული მაჩვენებლების პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საჭირო აღარ იქნება. სხვაგვარად ფიქრობს ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და 13 იანვრის საპროტესტო აქციისთვის ემზადება, რომელზეც ზოგიერთ უბნებში კენჭისყრის შედეგების გადათვლას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG