Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ნეიტრალიტეტის იდეა 5 იანვრის არჩევნების შემდეგ


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად

ჩატარებულმა პლებისციტმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიები, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს. თუმცა ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი შიშობს, რომ, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის მძაფრი დაპირისპირების ფონზე, მოსახლეობაში შეიძლება გაძლიერდეს ანტინატოური განწყობა, რითაც საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრეთა პოზიციები გაძლიერდება. საინტერესოა რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე შიდა პოლიტიკურმა უთანხმოებამ.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 72 პროცენტმა. არჩევნების დღეს ჩატარებული ”ეგზიტპოლი 2008 -ის” მონაცემმა კი კიდევ უფრო დაბალი - 60 პროცენტიანი - მხარდაჭერა აჩვენა.

არადა, ყველა წინა სოციოლოგიური გამოკითხვა საქართველოში ცხადყოფდა, რომ მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალები საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხში შეთანხმებულები იყვნენ, რაც სექტემბრის ბოლოს ”საგურამოს მანიფესტშიც” დადასტურდა. თუმცა ნოემბრის პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ და დემოკრატიულ იმიჯზეც უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერა ნატოს საკითხშიც სთხოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ, პლებისციტის მიხედვით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა დრამატულად არ შეცვლილა:

[ბათუ ქუთელია] ”მიზანი ამ შეკითხვის ჩართვისა არჩევნების პერიოდში იყო ის, რომ გვცოდნოდა ზუსტი, მყარად განსაზღვრული პროცენტი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ამ იდეას. და იქ, სადაც არის ნაკლებობა აღნიშნული მიმართულებით, გაგვეძლიერებინა მუშაობა და მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. შესაბამისად, ამის შეფასება ამ კუთხით, რომ რაღაც კლებასთან გვაქვს საქმე, არ არის. თუმცა ზოგადად მაჩვენებელს თუ ავიღებთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახლახან, ბოლო რამდენიმე ტალღის დროს, გაწევრიანდნენ ნატოში, 60-65 პროცენტი იყო ისეთი მაღალი მაჩვენებელი.”(სტილი დაცულია)


შედარებისათვის: აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გაფართოების ბოლო ორი ტალღის დროს გაწევრიანდნენ ნატოში, 80 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი თავის დროზე მხოლოდ რუმინეთს ჰქონდა. მაგრამ იმ ქვეყნებში, ალიანსში გაწევრიანების კვალობაზე, მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდებოდა. საქართველოში კი ნატოში გაწევრიანების მომხრეთა შორის სკეპტიციზმის გაძლიერების საფრთხეზე ალაპარაკდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.შალვა ფიჩხაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო - ნატოში”, ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის შესუსტების მიზეზი ხელისუფლების მიერ საშინაო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებია:


[შალვა ფიჩხაძე] ”ჩვენი ხელისუფლების შეცდომებმაც და იმანაც, რომ ხელისუფლებასთანაა რაღაცნაირად ატრიბუცია ნატოს საკითხის. და რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს ჩვენი ხელისუფლება და რაც უფრო ნაკლებად მოსწონს ხალხს, მით უფრო ნაკლებად უნდა ნატოში.” (სტილი დაცულია)


პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის სკეპტიციზმს, შესაძლოა, ასაზრდოებდეს დამოკიდებულებაც დასავლეთის სახელმწიფოებისა, რომლებიც უპირობოდ უჭერდნენ მხარს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. თუმცა შალვა ფიჩხაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაღრმავდეს:


[შალვა ფიჩხაძე] ”აი, ასე უპირობოდ ცნო დასავლეთმა ამ არჩევნების შედეგები, რომელიც ხალხმა ნახა, რა მდგომარეობაში მიმდინარეობდა. ვის რა დაემალება? ხალხი გაბრაზებულია დასავლეთზე და არის ძალიან ძლიერი იმედგაცრუება დასავლეთით.”(სტილი დაცულია)


თუმცა დასავლეთის დამოკიდებულება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არ იყო ისეთი ერთმნიშვნელოვანი და ამაღლებული, როგორც ამას ოფიციოზი წარმოაჩენდა. ერთადერთი, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი ერთმანეთს ემთხვევა, არის ის, რომ, ყველა წინამორბედთან შედარებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა უფრო მეტად კონკურენტულ, თანაბარ და პარიტეტულ პრინციპზე დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

მსგავსი შეფასება კიდევ უფრო მოკრძალებულად გამოიყურება ნატოს პირველ, და ჯერჯერობით ერთადერთ, გამოხმაურებაში, რომელიც ალიანსის ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის ეკუთვნის.
8 იანვარს გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, რომ ბრიუსელი მიესალმება საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ”პირველად შედეგებს”, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს იყო ქართველი ხალხის არჩევანის ”სასიცოცხლო გამოხატულება”.

დოკუმენტში, იქვე, ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ამ ”უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს” თან ახლდა დარღვევები, რომლებიც ”უნდა მოგვარდეს პარლამენტის საგაზაფხულო არჩევნების წინ”.

ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში ნაჩქარევს უწოდებს ცალკეული ევროპელი დამკვირვებლის წინასწარ შეფასებებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდოს საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს:

[ლაშა ტუღუში]”ალბათ, სწორი იქნება, რომ ვიდრე საზოგადოება გააკეთებდეს დასკვნებს ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება დაველოდოთ, თუ როგორი დასკვნები იქნება მათი მხრიდან გაკეთებული, რამდენად ისინი კარგად დაინახავენ, თუ რა ხდებოდა საქართველოში და როგორი პროცესები მიმდინარეობდა.”(სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკა იზრდება. ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში მემარჯვენე ორიენტაციის ქართველი პოლიტიკოსები დაუფარავად აკრიტიკებენ დასავლეთის ქვეყნებს მიკერძოების გამო, რაც, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მეორე ვადით არჩევის აღიარებაში გამოიხატა. გაზეთ ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ დასავლური ღირებულებების პოლიტიკურ ძალებს შორის მკვეთრი დაპირისპირება მოსახლეობის განწყობილებაზე აისახება და დასავლური სტრუქტურებისადმი უნდობლობას აძლიერებს:

[ლაშა ტუღუში] ”ხიფათს შეიცავს, რომ მოხდება განხიბლვა საზოგადოების და ხშირად ეს ბრძოლა არის დაუნდობელი და არ უნდა გადააყოლონ ბავშვი წყალს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს ყველა ჩვენგანს. ამიტომ ისინი ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც შეფასებებს აკეთებენ და გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ისინი მოქმედებას იწყებენ.”(სტილი დაცულია)

თუმცა პროდასავლურ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირება უკვე აისახა ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის 10 პროცენტიან კლებაში. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილი კვლავ ალაპარაკდა საერთაშორისო ნეიტრალიტეტის იდეაზე, ნაცვლად ნატოში გაწევრიანებისა, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და მომავალ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს სამხედრო პოლიგონად გადაქცევის საფრთხეს უქადის. საზოგადოების ამ ნაწილის განწყობას გამოხატავს ირინა სარიშვილი. პოლიტიკოსი ნეიტრალიტეტის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ირინა სარიშვილს საქართველოში ძალიან ცოტა მომხრე ჰყავს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენებმა მისმა ბოლო შედეგმაც აჩვენა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნეიტრალიტეტის იდეას არ გაუჩნდებიან უფრო ძლიერი ქომაგები, თუკი ნატოში ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსები საერთო ენას ვერ გამონახავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG