Accessibility links

საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა


საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ





საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ეკონომიკური განვითარების რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხება, სულ მალე საქართველოს პარლამენტში განიხილავენ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის თანახმად, უნდა შეიქმნას ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მომავალი თაობების განვითარების ფონდი; ცვლილებები ასევე შეეხება ეროვნულ ბანკს, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია 5 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის 25-დან 15 პროცენტამდე შემცირება.

ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა ჯერ კიდევ საუკუნის წინ გაჩნდა. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ ამ იდეის ხორცშესხმით მისი წინაპრებიც ყოფილან დაინტერესებული:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „ცხონებული ბებიაჩემი რევოლუციამდე იყო ფოთის მერის თანაშემწე. სწორედ იმ პერიოდის იდეაა ის, რომ ფოთი გამხდარიყო თავისუფალი ვაჭრობის ქალაქი. ფაქტობრივად, ეს იდეა ახლა ხორციელდება.“

თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, ოღონდ ბათუმში, ასევე აპირებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურიც, თუმცა, ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული რთული ურთიერთობის გამო, ასლან აბაშიძის ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა არაერთხელ ჩააგდო. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილიც ალაპარაკდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს იქნება არა ფოთის ეკონომიკური ზონა მხოლოდ, ეს იქნება ეკონომიკური ზონა, რომელიც მოემსახურება მთელ სამეგრელოს, გურიას, აჭარას და დანარჩენ საქართველოს... სადაც საწარმოს დარეგისტრირება მოხდება 15 წუთში, სადაც დავებს გაარჩევენ იქვე, 1-2 საათში, სადაც განხორციელება კანონის იქნება მყისიერი, სადაც ბიუროკრატია იქნება ნულთან ახლოს და სადაც ექსპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის იქნება აბსოლუტურად იდეალური პირობები შექმნილი.”

საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით დასავლეთ საქართველოში მძლავრი ინდუსტრიული კერა გაჩნდება. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობა, ხოლო ინფრასტრუქტურა განვითარდება:

[გიორგი არველაძის ხმა] „ზონის მართვაში სახელმწიფო საერთოდ არ ჩაერევა გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა და თამაშის წესები, რომლებიც იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და დაამკვიდრებს მარტივ პროცედურებს. მთავარია ის, თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება თვითონ ზონის ინფრასტრუქტურაში. ლაპარაკია დაახლოებით 100 მილიონი დოლარის სამუშაოებზე, რათა თავისუფალი ეკონომიკური ზონა იყოს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი.“


მთავრობის ინიციატივას იწონებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ სტატუსშეცვლილი ფოთი კიდევ უფრო მეტ ინვესტორსა და მეწარმეს მიიზიდავს:

[დავით ნარმანიას ხმა] ”საქართველოში მოქმედი ბიზნესის, ექსპორტიორების, იმპორტიორების, გადამზიდავების, საბაჟო საწყობების დიდი კონცენტრაცია მოექცევა ფოთში, რაც ფოთის პრაქტიკულად მეორე საფინანსო და ეკონომიკურ ცენტრად განვითარებას შეუწყობს ხელს, დედაქალაქის მერე.”(სტილი დაცულია)

მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამა ასევე ითვალისწინებს საგადასახადო ტვირთის შემცირებას. პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დარწმუნებულია, რომ გადასახადების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მეტ დინამიზმს შესძენს.

[ლადო გურგენიძის ხმა] ”შემდეგი 5 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დღეს 25 პროცენტს შეადგენს, შემცირდეს 15 პროცენტამდე და, საერთოდ, გაუქმდება გადასახადი დივიდენდებზე.”(სტილი დაცულია)

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელსაც მთავრობის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროში მომზადებული კანონპროექტების თანახმად, ცვლილებები ასევე შეეხება ეროვნულ ბანკს, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას. ყველაფერი, ჯამში კი, ერთ მიზანს - საქართველოში სიღარიბის დაძლევას - მოემსახურება.





XS
SM
MD
LG