Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”სააკაშვილს ინაუგურაციაზე ოპოზიცია სიურპრიზებს უმზადებს” – ასეთი გახლდათ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაური. ავტორი წერს:

”სააკაშვილის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის. ”ოპოზიცია შეეცდება, რომ სააკაშვილმა იგრძნოს მისდამი თბილისის დამოკიდებულება”, - განაცხადა ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა. ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, სააკაშვილი 20 იანვარს ინაუგურაციის პომპეზურად აღნიშვნას მაინც გეგმავს და თბილისში რამდენიმე ქვეყნის პირველი პირის ჩამოსვლას ელოდება. საბოლოო დეტალები დაზუსტებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ სააკაშვილი გელათის ტაძარში, დავით აღმაშენებლის საფლავზეც, რაღაც ცერემონიის გამართვას აპირებს, ისევე როგორც ეს 4 წლის წინ იყო. არ არის გამორიცხული, საზეიმო ღონისძიებებში ბაგრატის ტაძარიც ჩართონ. მთავარი ღონისძიება კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იგეგმება.” ”რეზონანსშივე” ქვეყნდება ინტერვიუ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან, რომელიც ამბობს: ”მანიფესტაციის და აქციის შესახებ კანონი ითვალისწინებს შესაბამის პროცედურას. ამიტომ, თუ დაგეგმილი არის რუსთაველზე ღონისძიება და ოპოზიცია აქციის ჩატარებას მაინცდამაინც აქ მოინდომებს, ცხადია, ისინი აქციას აქ ვერ ჩაატარებენ. სხვა ადგილას კი, არა მგონია, პრობლემა იყოს”, - აცხადებს ბეჟაშვილი ინტერვიუში, რომელსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს. გაზეთიდან შეიტყობთ აგრეთვე, რომ ქართველი ჟურნალისტები ნინო ბურჯანაძეს შალვა რამიშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანის გიორგი თარგამაძის მომავალ პოლიტიკურ პარტიაში იქნებიან ”დროების” ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი და ამავე გადაცემის პროდიუსერი ლევან ვეფხვაძე. გადაცემა ”დროებიდან” წასულმა ხუთმა ჟურნალისტმა კი დამოუკიდებელი ტელესტუდია ”ახალი დროება” შექმნა, რომლის გადაცემებიც მარტიდან ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავა.

”საარჩევნო პროცესი სასამართლოებში გრძელდება”, - იუწყება ”24 საათი”. მიმომხილველი წერს:”5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საქართველოს საერთო სასამართლოებში ამჟამად სულ 51 საჩივარია შესული. აქედან 41 საქმის განხილვა დასრულებულია. სასამართლომ დასრულებული საქმეებიდან 36 საჩივარი არ დააკმაყოფილა. დაფიქსირებული დარღვევების გამო კი, სასამართლოების გადაწყვეტილებით, ბათილად გამოცხადდა ზესტაფონის №1, გორის №3, ხარაგაულის №2 და ბოლნისის №1 უბნის შედეგები. სულ, საქართველოს მასშტაბით, ჯერჯერობით გაბათილებულია შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები. სასამართლო განხილვები გრძელდება.” - ამავე გაზეთში ქვეყნდება სპორტის დამსახურებული მუშაკის, ფინეთში მოღვაწე ეთერ კვენეტაძის წერილი. ”ძვირფასო თანამემამულენო, გვჯერა, დღეს საქართველო აირჩევს არა კენიის, არამედ ევროპის გზას; აღიარებს გამარჯვებულის უპირატესობას და ერთიანი ძალებით გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობის უკვე დაწყებულ პროცესს, რომლის წარმატებით განხორციელებაში ”ათასი ტბის” ქვეყანა, ფინეთი, თქვენ გვერდითაა”, - წერს ეთერ კვენეტაძე, რომლის მიმართვას ”24 საათი” აქვეყნებს.
”რეალურად არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნა აბსოლუტურად სწორია და უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე პრეზიდენტის ინაუგურაცია დანიშნულია და მეორე ტურის მოთხოვნა ეფემერულია”, - ასე ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” აქვეყნებს. არეშიძე ამბობს: ”ძალიან კარგად მახსოვს ანალოგიური პროტესტი ხმების დაცვასთან დაკავშირებით. თუ მაშინ შეიძლებოდა ხმების დაცვა, ახლა რატომ არ შეიძლება? აბსოლუტურად ანალოგიური სიტუაციაა. გაყალბების ფორმა და შინაარსი ცოტა სხვანაირია, მაგრამ გამყალბებლებიც ბევრი არ შეცვლილა.”

”რა ფარული ჩანაწერების გამოსაქვეყნებლად ემზადება გენპროკურატურა?”- კითხულობს ”ალია” და წერს, რომ ”ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრები ერეკლე კოდუასთან ერთი მცირე ნაწილი ყოფილა იმ არქივიდან, რაც ვანო მერაბიშვილს ჰქონია შემონახული”. ამას გარდა, ავტორი წერს: ” ’ალიას’ ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროებიდან მოვიპოვეთ, პროკურატურაში უკვე არსებობს სია იმ პოლიტლიდერებისა, რომელთაც 14 იანვრის შემდეგ დაიჭერენ. ამით ხელისუფლება ოპოზიციის საბოლოო განადგურებას გეგმავს.”




XS
SM
MD
LG