Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


რუსეთის პრესა გულდასმით აშუქებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

”კომსომოლსკაია პრავდის” კორესპონდენტი პუბლიკაციაში, სათურით: ”სააკაშვილი - როგორც ზამთარი - აუტანელი, მაგრამ გარდაუვალია”, 13 იანვარს თბილისში გამართული მიტინგის მიმდინარეობას ასე აღწერს: ”ხალხი მარჩიელობდა, რა იქნებოდა მერე. ”არაფერი არ იქნება - ისინი მოელაპარაკებიან მიშას”, - ირწმუნებოდნენ ოპტიმისტები. ”არა, აურზაური მხოლოდ იწყება”, - ოხრავდნენ პესიმისტები და ყოველი შემთხვევისთვის ტროტუარისკენ იწევდნენ. იქიდან გაქცევა უფრო მოხერხებული იქნებოდა... პირადად მე მეგონა, რომ იმ საღამოს სირბილი მომიწევდა. როცა მთელი ეს ქართული არმადა, ბრძანების შესაბამისად, რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა და იოლად შეავსო ის, როგორც საცობი ავსებს ბოთლის ყელს, უხერხულობა ვიგრძენი”, - წერს ”კომსომოლსკაია პრავდის” კორესპონდენტი და დასძენს: ”ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი ვეგეტარიანული მეთოდებით აპირებს ის არ დაუშვას სააკაშვილის ინაუგურაცია, რომელიც 20 იანვრისთვის არის დაგეგმილი. პესიმისტები მართალნი არიან, პოლიტიკური სპექტაკლი საქართველოში მხოლოდ იწყება.”

”იზვესტია” შექმნილ ვითარებაში ნინო ბურჯანაძის როლზე ამახვილებს ყურადღებას: ”ეს ქალი დღეს საქართველოში ”მშვიდობის მტრედად” იქცა. ბურჯანაძეს ვერ იცნობთ”, - წერს მიმომხილველი და განაგრძობს: ”იზვესტიის” მონაცემებით, ”რკინის ლედის” (როგორც მას სააკაშვილი უწოდებს) უცაბედი გარდასახვა თეთრ, ფაფუკ არსებად შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმებით აიხსნება. ჩვენი წყაროები სამთავრობო წრეებიდან დარწმუნებულნი არიან, რომ ”ვარდების რევოლუციის” ბელადის მთავარ საყრდენად პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში სწორედ ნინო ბურჯანაძე იქცევა. მოარული ხმების თანახმად, ბურჯანაძეს დავალებული აქვს შეაკოწიწოს ცენტრისტული პარტია, რომელიც სრულიად ახალი ადამიანებით დაკომპლექტდება. ეს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაკეთდება. კადრების გამგელებული ძებნა ერთი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ სააკაშვილმა სუფთად წააგო არჩევნები დედაქალაქშო. ფსონი იდება კერძო სექტორში მოღვაწე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდა მენეჯერებსა და გამოცდილ სპეციალისტ-მეურნეებზე; აგრეთვე ინტელიგენციის ნაწილზე, რომელმაც გულში არ ჩაიხვია ის, რომ სააკაშვილმა არც ისე დიდი ხნის წინ ”ჩარეცხილები” უწოდა”. ”იზვესტიის” ავტორის ვარაუდით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განახლდება, თუმცა პარლამენტში მას მცირე ფრაქცია ექნება და ბურჯანაძის ჰიპოთეტური პარტიის სტრატეგიული პარტნიორის როლს შეასრულებს.

”ვრემია ნოვოსტეი” წერს, რომ ”საქართველოში კვლავ წინარევოლუციური ვითარებაა”. ”საქართველოში უკვე შესამჩნევია უარყოფითი დამოკიდებულება იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა ხელმძღვანელებმაც მოასწრეს სააკაშვილისთვის გამარჯვება მიელოცათ. რუსეთიდან მილოცვა არ ყოფილა. მეტიც, ხმის მიცემის დასრულებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროცესის არადემოკრატიულობასა და საერთაშორისო მეთვალყურეთა შეფასებების ზედაპირულობაზე ალაპარაკდა”. ავტორის აზრით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ”დასავლეთი თვალს დახუჭავს 5 იანვარს დაფიქსირებულ დარღვევებზე და ყურადღებას მომავალ არჩევნებზე გადაიტანს”. ”ვრემია ნოვოსტეის” მიმომხილველი წერს, რომ ”პოპულარულობის დაკარგვის შიშით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ის უკვე ”სხვა მიშააა” - მათ შორის, რუსეთთან მიმართებითაც, რომელთან ურთიერთობაც მისი პრეზიდენტობისას უპრეცედენტოდ გაუარესდა.”

რუსეთთან ურთიერთობის ერთ ასპექტს ეხება ”ნეზავისიმაია გაზეტა” პუბლიკაციაში, რომლის ავტორიც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე წერს. გაზეთის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ქართველ ღვინისმწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელ ლევან კობერიძეს ეყრდნობა, პირველი რუსულ-ქართული შეხვედრა შეიძლება იანვარშივე ჩატარდეს. ამ შეხვედრაზევე, სავარაუდოდ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, შედგება სწრაფად გადასაჭრელი ძირითადი საკითხების ნუსხა და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება დეტალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ქართული ღვინო რუსეთში. ერთ-ერთი სირთულე, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესში ლევან კობერიძე ხედავს, არის ის, რომ იქ ადგილი, რომელიც ოდესღაც ქართულ ღვინოს ეკავა, სხვა ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა.
XS
SM
MD
LG