Accessibility links

logo-print

ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის ემზადებიან


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდნეტის ინაუგურაცია არჩევიდან მესამე კვირა დღეს უნდა გაიმართოს.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, დაიწყება და დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, დასრულდება, თუმცა მანამდე მიხეილ სააკაშვილი სახალხოდ დადებს ფიცს, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი გაიმართება. მინდა გიამბოთ, როგორ ემზადებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის.

პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე იდგა, ხოლო საშობაო არდადეგებზე მყოფი ბავშვები ყინულის მოედანსა და კარუსელებზე ერთობოდნენ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტრიბუნების მშენებლობა დაიწყო.

[მამაკაცის ხმა] „დღეს დავიწყეთ და ორ-სამ დღეში მოვრჩებით. აუცილებლად მოვასწრებთ...“

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროშიც დარწმუნებულნი არიან, რომ 20 იანვრისთვის პარლამენტის მიმდებარე მოედანი სრულ მზადყოფნაში იქნება და ინაუგურაციის ცერემონიაც უპრობლემოდ ჩაივლის. მინისტრის მოადგილე პაპუნა დავითაია განმარტავს:

[პაპუნა დავითაიას ხმა] „პრეზიდენტის ინაუგურაცია დაიწყება 20-ში დილას. ეს იქნება ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შემდეგ ეს გაგრძელდება უკვე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც შედგება კონსტიტუციით გათვალისწინებული ფიცის დადების ცერემონია, რასაც მოჰყვება სამხედრო აღლუმი, საღამოს კი ოპერის თეატრში შედგება კლასიკური მუსიკის კონცერტი.“

თუმცა კლასიკური მუსიკის კონცერტამდე მიხეილ სააკაშვილმა უნდა დადოს ფიცი, რომლის ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაშია მოცემული, ხოლო ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მიმართოს ერს. ოთხი წლის წინ, პირველი ვადით არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი ყველა გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მფარველი.“

ოთხი წლის წინ გამართულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მხარი ამომრჩეველთა 96-მა პროცენტმა დაუჭირა. 2008 წლის 5 იანვარს კი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმების მხოლოდ 53 პროცენტი მიიღო, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ ამ შედეგს არ ეთანხმება ოპოზიცია.

[კახა კუკავას ხმა] „ინაუგურაციას თუ ჩაატარებს სააკაშვილი, ეს შესაძლებელია მხოლოდ ყიზილ-აჯლოში. საქართველოს არც ერთ ქალაქში, სადაც მას არჩევნები არ მოუგია, ინაუგურაციის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ.“

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, ამ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს ხელისუფლება. პავლე კუბლაშვილს, მისივე თქმით, ოპონენტების გონიერების იმედი აქვს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ინაუგურაციას, ბუნებრივია, არაფერი არ ემუქრება. ეს ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და წარმოაჩენს კარგად საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. იქნება ძალიან ბევრი სტუმარი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა გონიერება და არ შეიტანს რაღაც უხერხულ მომენტებს ამ დღეში, თუმცა, თუ იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი მცდელობა ხელის შეშლისა, მაშინ, ბუნებრივია, პასუხი იქნება ადეკვატური.“

თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აპირებს კანონის დარღვევას. თბილისის საკრებულოს წევრისა და ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის თქმით, 20 იანვარს, ინაუგურაციის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაც გაიმართება:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც არ მიიჩნევს სააკაშვილს კანონიერ პრეზიდენტად, შეიკრიბოს იპოდრომზე. დაინახოს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ, აღიარებს თუ არა ქართველი ერი სააკაშვილს ქვეყნის პრეზიდენტად.“

ოპოზიციის ლიდერებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაში ეჭვი არ შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. წინასწარი ინფორმაციით, 20 იანვარს ინაუგურაციაზე თბილისში ორმოცამდე ქვეყნის სამთავრობო დელეგაციას ელიან.
XS
SM
MD
LG