Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის საწარმოების განვითარებას


რატომ არის გაჯერებული საქართველოს ბაზარი უცხოური და, უფრო კონკრეტულად კი, რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციით?

ეს კითხვა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ის გუშინ, 16 იანვარს, თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სოფლის მეურნეობის მინისტრ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად იმყოფებოდა და საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოების განვითარების პერსპექტივებზე ილაპარაკა. რატომ ვერ მოახერხა ქართულმა პროდუქციამ საქართველოს ბაზრის ათვისება და მომავალში რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარების შესაცვლელად?

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტობის მეორე ვადის მანძილზე უფრო მეტ დროს საქართველოს რეგიონებში დაყოფს, ვიდრე საზღვარგარეთ ვიზიტებზე. სააკაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”... აი, ეს რა უბედურებაა? საქართველოში ფორთოხალი არ არის? არის! ალუბალი არის საქართველოში? ძალიან მაგარი არის, არსად მსოფლიოში ისეთი არ არის. ვაშლი საქართველოში, გორში, არა გაქვთ?...”

ეს კითხვები მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ პეტრე ცისკარიშვილს თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, უცხოური წარმოების ხილის წვენების დახლთან, დაუსვა და თავადვე უპასუხა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ასი სამუშაო საწარმო კი არა, ჩვენ გვინდა 1000 საწარმო თუნდაც იმისთვის, რომ ქართული მაღაზიები შევავსოთ და გავიდეთ უცხოურ ბაზარზე...”

თუ რამ შეუშალა ხელი აქამდე ამ მიზნის განხორციელებას, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რამდენიმე დღის წინ კი აღნიშნა, რომ მისი შეცდომა იყო, როდესაც მევენახეების მოსავლისთვის 20-30 მილიონი ლარის სუბსიდია არ გამოიყო. სააკაშვილის ძველი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, აცხადებს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, პირველ რიგში, ხელს უშლიდა მთავრობის დამოკიდებულება:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”საქართველოს ეკონომიკა საზღვარგარეთიდან ყიდულობს დაახლოებით 150 ათასი ტონა ყურძნის ეკვივალენტურ პროდუქციას, რომელიც გააქვს იმ ბაზარზე, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის...”


ზურაბ ტყემალაძე ლაპარაკობს უცხოურ საკონიაკე სპირტზე, რომელიც საქართველოსთვის დაწესებული შეღავათების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნების ბაზარს იკავებს. ამის გარდა, მრეწველთა პარტიის ლიდერის აზრით, პრობლემას წარმოადგენს მთავრობის ”პროიმპორტული” პოლიტიკაც. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეს პოლიტიკაც და მთავრობაც უნდა შეიცვალოს.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”როცა ვსაუბრობთ მთავრობის შეცვლაზე, ფრაგმენტულად კი არ უნდა შეიცვალოს...”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებით, მისი კაბინეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა იქნება. მასთან ერთად ვინ იმუშავებს ამ მიზნის განსახორციელებლად, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისას, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG