Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელოდება თავდაცვის სამინისტროს მთავრობის მოსალოდნელი რეორგანიზაციის შემთხვევაში


პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების გარანტად მიიჩნევდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

ამ საკვანძო სტრუქტურების მართვის სადავეებს მიხეილ სააკაშვილი არც პრეზიდენტობის მეორე ვადაში გაუშვებს ხელიდან. თუმცა სავსებით მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია ამ საკვანძო უწყებებსაც შეეხოს.
ამჯერად თავდაცვის სამინისტროს მოსალოდნელ საკადრო და ორგანიზაციულ ცვლილებებზე მინდა გესაუბროთ.

თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ დავით კეზერაშვილს მიხეილ სააკაშვილი არასოდეს ანებივრებდა ქებით და არასოდეს უწოდებდა მას ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი კეზერაშვილს უფრო ნაკლებად ენდობა, ვიდრე მის წინამორბედებს.

შესაბამისად, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილმა კეზერაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება იჩქაროს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდგომ შესუსტებული ქვეყნის ხელისუფლება კიდევ კარგა ხანს იმოქმედებს პრინციპით, რომ ”ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიან”.

თუმცა არის უფრო არსებითი მიზეზიც: საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოდის ნატოს შემფასებელთა მისია, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ როგორ სრულდება ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ამ შეფასებაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული, მიიღებს ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ბუქარესტის ნატოს სამიტზე თუ მას მესამე წრეზე მოუწევს ინდივიდუალური პროგრამის შესრულება. ამიტომ ჯობს ნატოს დელეგაციას ის ხალხი დაელაპარაკოს, ვინც ერთი წლის განმავლობაში სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობდა და საქმის კურსშია.

სავარაუდოდ, პოსტს შეინარჩუნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა, რომელსაც, მართალია, არა აქვს ოპერატიული დონის სამხედრო განათლება, მაგრამ კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა და, წინამორბედისგან განსხვავებით, თვალი პოლიტიკისაკენ არ გაურბის.

რა თქმა უნდა, შეუცვლელი არავინაა და მხედრული ტრადიციით მდიდარ საქართველოში კვლავ გამოჩნდებიან სერიოზული მხედართმთავრები, მაგრამ მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების მომზადება არ არის იოლი საქმე, მით უფრო, საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოდაში იყო ყველაფრის ”სუფთა ფურცლიდან” დაწყება. ამ საკადრო პოლიტიკის გამო, 40 წელს გადაცილებული გამოცდილი და საბრძოლო ბიოგრაფიის მქონე ოფიცრების უდიდეს უმრავლესობას სამხედრო უწყება დაატოვებინეს.

სხვათა შორის, კიდევ ერთი პლუსი, რაც დავით კეზერაშვილს განასხვავებს მისი წინამორბედებისაგან, არის ის, რომ მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან შეინარჩუნა სამხედრო მეთაურთა ბირთვი და ზოგიერთი ძველი ოფიცერიც აღადგინა საკუთარ თანამდებობაზე.

მაგრამ დავით კეზერაშვილი, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის ყველა მინისტრი, მიუღებელია ოპოზიციისათვის, თუმცა ”ეროვნული საბჭოს” წევრები ჯერჯერობით არ უყენებენ ულტიმატუმს ხელისუფლებას კონკრეტულად რომელიმე მინისტრის მოხსნაზე. მათ უფრო დიდი მიზანი აქვთ: ან აიძულონ მიხეილ სააკაშვილი მეორე ტური ჩატარდეს, ან გაიმარჯვონ საპარლამენტო არჩევნებში და შემდეგ თავადვე უკარნახონ მიხეილ სააკაშვილს მთავრობის მათთვის მისაღები პერსონალური შემადგენლობა.

მაგრამ ილუზიას არავინ უნდა მიეცეს: ინაუგურაციის შემდეგ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ყოველთვის ექნება იმდენი გავლენა, რომ ხელიდან არ გაუშვას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები და მათი მართვა ყველაზე საიმედო ადამიანების ხელით შეძლოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG