Accessibility links

logo-print

ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმას აგრძელებს


ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები აგრძელებენ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

პრეტენზიების გამოთქმას. ამისთვის 19 იანვარს ისინი შეხვედრებს შეხვედრებზე მართავდნენ. იყო შეხვედრები ბრიტანეთის ელჩთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზასთან. შეგახსენებთ: 5 იანვრის არჩევნების შემდეგ ბრაიზას მიმართ ოპოზიციამ არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა. რა აქცენტები გაკეთდა 19 იანვრის შეხვედრებზე?

”საქართველო ჩვენი მეგობარია. ამიტომ დემოკრატიული პროცესი, რაც აქ მიმდინარეობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო თუ არა, ჩვენ ყველას ვუსმენდით, ახლაც ვუსმენთ და ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც, იმედია, ყველაფერი უკეთესად იქნება”, - ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ 19 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტიც ესწრებოდა. ბრაიზას საკუთარი პრეტენზიები ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებმა გააცნეს, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძემ:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ჩვენ ვუთხარით, რომ ამერიკის მხარემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ამ არჩევნების მსვლელობის დროს და მერე - მისი შეფასებისას, რადგან ეს არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოვლინება. რაღაც-რაღაცეებზე გვითხრეს თანხმობა, იმაზე, რომ არ ვიყავით თავისუფალ მედიაგარემოში, და დაგვპირდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები უფრო სამართლიანი და თავისუფალი იქნება, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ”

ოპოზიციის ლიდერებმა ბრაიზას უსაყვედურეს. შეხვედრის წინ დავით გამყრელიძე აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს აუცილებლად გააკრიტიკებდა ნაჩქარევი შეფასებების გამო. ”სააკაშვილის მეგობარი არჩევნების მეორე დღეს აცხადებს, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა, ოპოზიციას კი ეუბნება, რომ არ ეკადრება ასე მოქცევა. ეს ძალიან არასერიოზულია”, - თქვა გამყრელიძემ ბრაიზასთან შეხვედრის წინ. მაგრამ შეგახსენებთ, რა განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ 6 იანვარს, არჩევნების მეორე დღეს. მან მოუწოდა ქართველებს პატივისცემით მოჰკიდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, თუკი საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიები არჩევნებს სამართლიანად და დემოკრატიულად შეაფასებდნენ.
” ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი შეფასებებისგან, ვიდრე ცნობილი გახდება მეთვალყურეების ოფიციალური დასკვნა. ვიდრე გაირკვევა, არის თუ არა პროტესტის საფუძველი, გაუგებარია მიტინგებისკენ ოპოზიციის მოწოდებები. თუ გაირკვევა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, საქართველოს ყველა მოქალაქის, ხელისუფლების თუ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს არჩევნების შედეგებს”, - აი, ასეთი იყო მეთიუ ბრაიზას მიერ გამოთქმული მოსაზრებები 6 იანვარს. ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარ ანგარიშში აღნიშნა, რომ არჩევნები, საერთო ჯამში, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს; იყო სერიოზული ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას შემდეგი არჩევნებისთვის.

უკვე დღეს არსებობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნა, შუალედური ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციაში შემდეგს აცხადებენ:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”შეფასებებია უკიდურესად უარყოფითი, დაფიქსირებულია ყველა ის დარღვევა, რაზეც ოპოზიცია მიუთითებდა. ნათქვამია, რომ კომისიებმა და სასამართლოებმა არ განიხილეს საჩივრები, მოყვანილია ფაქტები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხებს სვამს.”


ეს იყო დავით უსუფაშვილი. ისიც და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნას უაღრესად მწვავეს უწოდებენ, თუმცა დასკვნა იმეორებს წინასწარ დასკვნას იმის შესახებ, რომ 5 იანვრის არჩევნები, საერთო ჯამში, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
დავით ბაქრაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს მეთაურობდა, ამბობს, რომ შუალედურ დასკვნაში, წესისამებრ, გაიშალა წინასწარ დასკვნაში ნახსენები სერიოზული ხარვეზების თემა, არჩევნების მიმდინარეობისას და ხმების დათვლისას გამოკვეთილი ტექნიკური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრითაც თავად ხელისუფლება არის დაინტერესებული:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”მოხარული ვარ მოვისმინო ოპოზიციის შეფასება, რომ ეს დასკვნა იმეორებს მათ პრეტენზიებს. თუ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ტექნიკური პრეტენზიები და პრეტენზიები, რომლებიც გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე, მე ამას მივესალმები, რადან ამ დასკვნის შინაარსი და სულისკვეთება არის მხოლოდ ეს. ”

აცხადებს დავით ბაქრაძე ეუთოს საერთაშორისო მისიის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას. დასკვნაში ჩამოთვლილია კონკრეტული ხარვეზები, საოლქო საარჩევნო კომისიებში შედეგების შეჯამების პროცესი შეფასებულია როგორც ნელი, არცთუ კარგად ორგანიზებული და ხშირად ქაოტური, თუმცა შუალედური დასკვნა იმეორებს, რომ 5 იანვრის არჩევნები, მთლიანობაში, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG