Accessibility links

logo-print

ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს


21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა

ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე ლადო გურგენიძე წარადგინა და მას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება დაავალა. მომავალი მთავრობის წევრობის კანდიდატთა სიას ლადო გურგენიძე მას სავარაუდოდ
რამდენიმე დღეში წარუდგენს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ძველთან შედარებით ქმედუნარიანი იქნება. ამ დროისათვის, კანონის შესაბამისად, მთავრობა გადამდგარია. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრები მოვალეობის დროებით შემსრულებლებად ითვლებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან რამდენიმე, შესაძლოა, ახალ კაბინეტში აღარც აღმოჩნდეს, რაც არ ეხებათ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს და გენერალურ პროკურორს. ხელისუფლებაში კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის - საპარლამენტო ფრაქციებში.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურები ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება. პროცედურა კი ასეთია: ინაუგურაციიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას. შერჩეული კანდიდატი, არა უმეტეს ათი დღის განმავლობაში, დაასახელებს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს დასამტკიცებლად პრემიერ–მინისტრისა და მთავრობის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა]“ კანონმდებლობით განსაზღვრულია ზედა ზღვარი თითოეულ კონკრეტულ პროცედურაზე, თუმცა რეალურად უმჯობესია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელისუფლების წყვეტა რომ არ იყოს გამოწვეული დიდ ვადით უმჯობესია რასაკვირველია, რომ მოკლე ვადაში მოხდეს პროცედურების შესრულება და მიზანშეწონილია, რომ დაახლოებით ერთი კვირის, ათდღიან ვადაში მოხდეს ამ პროცედურების დასრულება.“

ამ ეტაპზე ლევან ბეჟაშვილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებებსა და მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზე კონკრეტულად საუბარს. თუმცა ამ საკითხზე აქამდე გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე სამინისტროს გაყოფის შესახებ, უქმდება სახელმწიფო მინისტრების პოსტები, ამოქმედდება ვიცე–პრემიერების თანამდებობები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ არც ის გამორიცხა, რომ ეს უკანასკნელი პოსტები სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზონ. საერთო სახალხო მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუსმინეთ.

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ გაავრცელეს სრულიად უსაფუძვლო ინფორმაციები იმის თაობაზე, თითქოს ოპოზიცია საუბრობს რაიმე სამთავრობო პოსტების დაკავებაზე, ან ხელისუფლებამ მას ეს შესთავაზა და ოპოზიცია ამას განიხილავს შემდეგ. ესაა მტკნარი სიცრუე, ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს და არც არის მოსალოდნელი. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ნინო ბურჯანაძესთან, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გავაგრძელებთ საუბარს ახლა როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ესაა პლებისციტის შედეგების შესაბამისად გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობები, გარანტიები.“

ამბობს დავით უსუფაშვილი. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი გადახალისებულ მინისტრთა კაბინეტში პოსტებს დატოვებენ კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დავით ჩანტლაძე. თანამდებობიდან უკვე გადადგა ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე. პრემიერ–მინისტრმა ლადო გურგენიძემ მისი შემცვლელის ვინაობა ამ რამდენიმე დღის წინ დაასახელა. ამერიკაში მოღვაწე სანდრო კვიტაშვილი ჯერ–ჯერობით ის პირველი ახალი სახეა, რომლის შესახებაც საზოგადოებას მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენამდე ეცნობა.

ნონა მჭედლიშვილი, რადიო „თავისუფლება“, თბილისი.








XS
SM
MD
LG