Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი გაზეთები, ერთი მხრივ,

20 იანვრის ინაუგურაციასა და საპროტესტო მიტინგს აღწერენ, მეორე მხრივ კი, უკვე აქტიურად მსჯელობენ მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე, მათ შორის - მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებსა და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის შანსებზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

”ინაუგურაცია - რუსთაველზე, პროტესტი - იპოდრომზე”, ”არ გავჩერდებით!”, ”სახიფათო ზღვარი”, ”მეორედ მოსვლა” - ასეთია საგაზეთო სათაურების ნაწილი, რომელიც გუშინდელ მოვლენებს ასახავს. რაც შეეხება სამომავლო ვარაუდებს: ”მთელი კვირა” წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სააკაშვილის სიაში პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძე იქნება. ”მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ პრეზიდენტს თავის გუნდში ბურჯანაძეზე უკეთესი არავინ მოეძებნება. სიაში დანარჩენი ხალხიც სწორედ იმ პრინციპით შეირჩევა, ვინ არცხვენს სააკაშვილს და ვინ - არა”, - წერს ”მთელი კვირა”. ”კვირის ქრონიკა” : ”პრეზიდენტმა, იმის გარდა, რომ პარლამენტში 150 კაცის ნახვა სურს, საკუთარი უმრავლესობის სიის შემადგენლობაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. არავითარი მხცოვანება, შორს ბიზნესთან ასოცირებულები და მინდა ახალი სახეები, რომლებიც კარდაკარ ივლიან და პირად კონტაქტზე გავლენ ხალხთანო. ამასთანავე, მათ შორის არც ერთი კორუფციასთან ასოცირებული არ უნდა იყოს. ასე გამოიყურება სააკაშვილის ”მთავარი ნაცპარტიული” მოთხოვნები. ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს პრეზიდენტის პარტიაში ერთგვარ უკმაყოფილებასაც იწვევს: აბა, როგორია, მაია ნადირაძე ან ბესო ჯუღელი ”ფუფლოზე” გაუშვა?!” - წერს ”კვირის ქრონიკა”, რომელთან ინტერვიუშიც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე შეკითხვაზე - ”რას მივიღებთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ძლიერ პრეზიდენტს თუ დასუსტებულს”, - პასუხობს: ”საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალიან მძაფრი ბრძოლა იქნება, ვიდრე ახლა მოხდა. თუკი პარლამენტი საკმაო ხარისხით აღმოჩნდა ოპოზიციური, შეეძლება, იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს პრეზიდენტის კანონიერების თაობაზე და მაშინ პრაქტიკულად ხელახლა დადგება სააკაშვილის ამ პოსტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. ასე რომ, პრინციპში, პარლამენტისთვის ბრძოლა სააკაშვილისთვის ისევ საკუთარი თავისთვის ბრძოლაც იქნება”, - ამბობს საყვარელიძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”მთელ კვირაში” ვახტანგ ძაბირაძე წერს: ”სამწუხაროდ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული. არჩევნების შემდეგ ხელისუფლება უფრო ღრმად აღმოჩნდა ჩაფლული ჭაობში და ამ ჭაობიდან თავის დაღწევას სოციალური სიტუაციის გაჯანსაღებითა და ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებით აპირებს, მაგრამ კრიზისის დასაძლევად საჭიროა ხელისუფლების თვისობრივი და არა საკადრო ცვლილებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის კარდინალურ რეფორმირებას გულისხმობს.”

”კვირის პალიტრასთან” საუბარში ირაკლი ბათიაშვილი ამბობს: ”რაკი სააკაშვილმა მეორე ტურზე უარი თქვა და ინაუგურაციაც მოაწყო, ამით კიდევ მეტად გააღიზიანა ხალხი. ახლა თბილისს კი არა, მთელ საქართველოს გადაუვლის საპროტესტო ტალღა. მაგრამ ხაზგასმით ვიმეორებ - პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა გაგრძელდეს.” იმავე ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ: ”ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ უცხოელი დამკვირვებლების დასკვნებით მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ვერც მეგობარი ქვეყნების მილოცვები გვიშველის. ჩვენი გადარჩენა პირუთვნელ სიმართლეშია, რომლის თქმასაც არა და არ დაადგა საშველი; ჩვენი გადარჩენა ეჭვის და ბოღმის აღმოფხვრაშია, რასაც ვერასოდეს ვეღირსებით, ვიდრე შინ და გარეთ ”ჟუჩოკებით” გვექნება ”ძმური” ურთიერთობა”, - წერს ”კვირის პალიტრის” ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG