Accessibility links

logo-print

სამხედრო აღლუმი და შოუ, როგორც ქართული ინაუგურაციის გამორჩეული და სადავოდ ქცეული შტრიხი


მასშტაბური სამხედრო აღლუმი და საავიაციო შოუ,

რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის არსებით ელემენტად იქცა, ბევრ ქვეყანაში მოკრძალებული საპატიო ყარაულითა და სამხედრო ორკესტრით შემოიფარგლება. ამის მიზეზი მარტივია - სამხედრო აღლუმი გაუმართლებელი პომპეზურობა და ზედმეტი ხარჯია, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შედგომის პირველივე დღიდან ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის ლიდერს რეიტინგის დაკარგვას უქადის. საქართველოს ისტორიაში კი იყო კურიოზული შემთხვევა, როდესაც ინაუგურაციის დროს ზედიზედ ორი სამხედრო აღლუმი მოეწყო.

პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს სამხედრო აღლუმების ჩატარების მხრივ ერთგვარი რეკორდი საქართველოს ეკუთვნის. 2004 წლის 25 იანვარს, ვიდრე ოფიციალურად შეუდგებოდა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, მიხეილ სააკაშვილმა ორი აღლუმი ჩაიბარა - ჯერ ბათუმში და მერე თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, აჭარის მაშინდელმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ ვერ შეუშალა ხელი ქვეყნის მომავალ მთავარსარდალს მიეღო მის დაქვემდებარებაში მყოფი ბათუმის გარნიზონისა და საზღვაო აკადემიის ერთობლივი აღლუმი. სამხედრო შოუ სარეკორდო დროში მოამზადა შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულების მაშინდელმა სარდალმა კობა კობალაძემ, რომელმაც ღონისძიების მასშტაბების გამო მიხეილ სააკაშვილისგან მადლობა დაიმსახურა:

[კობა კობალაძე] ”ბათუმში სამხედრო ბრიგადა და ძალოვნები მაშინ იყო სადღაც 1200-კაცამდე. ასეთ მასშტაბურს არ ელოდებოდნენ, მზად იყვნენ, რომ სადმე მოფარებულში გაკეთებულიყო, მაგრამ მასშტაბური რომ გაკეთდა, ძალიან გაუკვირდათ. 24 საათში მოგვარდა. დიდი მადლობა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთო, - აი, ეს თქვა [სააკაშვილმა] სიტყვასიტყვით.” (სტილი დაცულია)



საერთოდ, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად სამხედრო აღლუმის ჩატარების ტრადიციას საქართველოში საფუძველი ზვიად გამსახურდიამ ჩაუყარა. თუმცა 1991 წლის 26 მაისს ეროვნული გვარდიის აღლუმი თბილისის ”დინამოს” სტადიონზე მოკრძალებულად გაიმართა. აღლუმზე არ ყოფილან დაპატიჟებული საზღვარგარეთელი სტუმრები, ზოგიერთმა ჯარისკაცმა კი მხოლოდ ორი დღის წინ მოირგო ეროვნული გვარდიელის ფორმა. თუმცა ბევრ მის მონაწილეს ახლაც ახსოვს პირველი აღლუმის დროს განცდილი სიხარული. თადარიგის პოლკოვნიკი ჯანო გაგოშიძე ამბობს, რომ პირველ სამხედრო აღლუმს დიდი პატრიოტული დატვირთვა ჰქონდა:

[ჯანო გაგოშიძე] ”ფაქტიურად, ხალხი ვინც იყო ჩემს ირგვლივ, ჯარში შესული იყო გამსახურდიას გულისთვის, იმიტომ რომ მაგის მომხრეები ვიყავით თავიდან და აღტყინებულები ამით. მერე, მაგ აღლუმის მეორე დღეს, გვარდიაში ერთი 500 კაცამდე მოვიდა და უნდოდათ გვარდიაში ჩაწერა.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როდესაც ედუარდ შევარდნაძე გახდა პრეზიდენტი, მან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, მოინდომა, რომ, ფიცის დადების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მომხდარიყო ჯარების დათვალიერებაც. მაგრამ სულ მალე შევარდნაძე ამ აღლუმისთვის მედიისა და ოპოზიციის კრიტიკის ისეთ ქარცეცხლში მოექცა, რომ მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა - მათ შორის, სამხედროებს შორის. საქმე ის გახლავთ, რომ 2000 წლის 30 აპრილს ხელისუფლებამ, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის გამო უცხოელი სტუმრების მიღებაზეც კი უარი თქვა, რუსთაველის მოედანზე გამოიყვანა ცუდად ჩაცმული სამხედროები, რომლებსაც, ყველაფერთან ერთად, 6 თვის ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული. არანაკლებ პარადოქსული იყო ერთბაშად ორი საკმაოდ ძვირად ღირებული სამხედრო აღლუმის ჩატარება მიხეილ სააკაშვილის პირველი ინაუგურაციის დროს, 2004 წლის 25 იანვარს. ეს ის პერიოდია, როდესაც ხაზინა თითქმის ცარიელი იყო და ელიტურ ქართულ ქვედანაყოფებს ორი თვის განმავლობაში ხელფასს, დახმარების სახით, ამერიკის შეერთებული შტატები უხდიდა.

დღეს სახელმწიფო ხაზინა, ხელისუფლების განცხადებით, სავსეა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმაც უფრო შთამბეჭდავი აღლუმი ჩაიბარა.

[ირაკლი ალადაშვილი] ” 10 იქნება ბტრ-80, 6 იქნება ”გრად ლარი”. სხვანაირი ”გრადებია”, ”მერსედესის” მანქანებზეა დამონტაჟებული. 7 იქნება ”დანა”, საარტილერიო დანადგარი. 10 ”კობრა” იქნება - ჯავშანმანქანა, ახალი. მერე გადაიფრენს 4 ”იროკეზი”, 4 ”მი-24” და ექვსი ერთეული იქნება ”სუ-25”. ”(სტილი დაცულია)

უთხრა აღლუმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე რადიო ”თავისუფლებას” სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორმა” ირაკლი ალადაშვილმა.
ნიშანდობლივია, რომ ეს არის პირველი ინაუგურაცია და პირველი სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მძიმე საბრძოლო ტექნიკამ და ასევე გაიმართა საჰაერო შოუ. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაცია მნიშვნელობით გაუთანასწორდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. ამ სიახლემ უკვე გამოიწვია მწვავე რეაქცია ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამხედრო ექსპერტების მხრიდან. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმით სამხედრო აღლუმის ჩატარება საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოების თვალში სახარბიელოდ ვერ წარმოაჩენს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ძირითადად, აღლუმების ჩატარება ახასიათებთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აზიურ ქვეყნებს, რომლებიც აღლუმების სახით ცდილობენ მოახდინონ საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნებისათვის ცოტა უცხოა და,გარკვეულწილად, მიუღებელიც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პომპეზურობა ამ მხრივ არათუ მატებს რაიმეს ჩვენს სახელმწიფოს, არამედ უხერხულად აყენებს დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნების წინაშე.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, პრეზიდენტების ფიცის დადების ცერემონიაში სამხედრო ელემენტი უცხო ხილი არ არის საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოებში. თუმცა, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო აღლუმი არ სცდება პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის ფონზე, პრეზიდენტს ესალმებიან უკრაინის ჯარის ყველა სახეობის სარდლები. სამხედრო ორკესტრითა და საპატიო ყარაულით შემოიფარგლება პრეზიდენტების ინაუგურაცია მოლდავეთში. პომპეზური სამხედრო აღლუმები ასევე არ ახლავს საპრეზიდენტო ინაუგურაციებს საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში. სამხედრო აღლუმები, რომლის მომზადება და ჩატარება ბიუჯეტს არცთუ მცირე თანახა უჯდება, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს იმართება.






XS
SM
MD
LG