Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში


ოთხშაბათს შვეიცარიის ქალაქ დავოსში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

საქმე ეხება უმაღლესი დონის თავყრილობას, რომელიც, ტრადიციისამებრ, თავს უყრის სხვადასხვა სფეროს ყველაზე ცნობილ და გავლენიან წარმომადგენლებს: იქნებიან ეს პოლიტიკური ლიდერები თუ ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესისh თუ ხელოვნების სახელგანთქმული მოღვაწეები.

წელს დავოსში, რომელიც ალპების ერთ-ერთ უმშვენიერეს კურორტად ითვლება, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მასპინძლობენ 2500-მდე ადამიანს - რომ იტყვიან - ძლიერთა ამა ქვეყნისათა. ფორუმის მონაწილეთა სიაში მრავალ ცნობილ სახელს წაიკითხავთ: მათ შორის არიან კომპანია "მაიკროზოფტის" ხელმძღვანელი ბილ გეიტსი, ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ალ გორი, მომღერალი ბონო, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი... რომ აღარაფერი ითქვას 28 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებზე.

ფორუმის ორგანიზატორები ცდილობენ, გააქარწყლონ შთაბეჭდილება, თითქოს დავოსის ფორუმზე მსოფლიო ელიტა იკრიბებოდეს რამდენიმე დღით დროს სასიამოვნოდ გასატარებლად: ამდენი ცნობილი სახე ერთად და ფორუმისთვის დახარჯული დიდი ფული ზოგს ავიწყებს სერიოზულ სამუშაოს, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის მანძილზე ეწევაო, აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეს-მდივანი მარკ ადამსი.

[ადამსის ხმა] “ვფიქრობ, ადამიანებს არ ესმით, რომ დავოსი არის მხოლოდ ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციისა, რომელიც მთელი წლის მანძილზე მუშაობს და გამოდის ინიციატივებით პირველ რიგში ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, მაგრამ თან საინფორმაციო ტექნოლოგიას აწვდის ადამიანებს, ვისაც მასზე ხელი სხვაგვარად არ მიუწვდება”.

მართლაც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელიწადში ერთხელ, დავოსში ელიტური შეკრებით მოექცევა ხოლმე მასმედიის ყურადღების ცენტრში, ამიტომ ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლა მსოფლიოს ლიდერებს შორს პარტნიორობის გაუმჯობესების მეშვეობით. ეს ორგანიზაცია 1971 წელს დაარსდა, შტაბ-ბინა ჟენევაში აქვს და არ ემსახურება არცერთი კონკრეტული სახელმწიფოსა თუ პოლიტიკური ძალის ინტერესებს. მეორე მხრივ, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეს-მდივანი მარკ ადამსი ხაზგასმით აღნიშნავს, დახმარებას უწევს კონკრეტულ ადამიანებს, ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს:

[ადამსის ხმა] “იორდანიის სკოლებში 50 000 მოსწავლეს ჩავუტანეთ კომპუტერები, იგივე გავაკეთეთ ეგვიპტეში 2,5 მილიონი ბავშვისთვის, ელექტრომომარაგებაზე ვიზრუნეთ აფრიკის ზოგ სოფელში, მარტო ლესოტოში ელექტრომომარაგება უზრუნველვყავით 70 000 ოჯახისთვის, დავაფინანსეთ შიდსის წინააღმდეგ მიმართული პროექტები ჩინეთში - რასაც ძირეული ცვლილებები მოჰყვა უბრალო ადამიანების ყოველღდიურ ცხოვრებაში”.

რაც შეეხება დავოსის ფორუმს, ის იძლევა მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ, მწვავე პრობლემებზე მსჯელობის, მათი მოგვარების გზების დასახვის შანსს. წლევანდელ თემებს შორის არის წყლის რესურსების გაფრთხილება და მართვა, კლიმატური ცვლილებები, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ლათინურ ამერიკაში, კიბოსთან ბრძოლის გზები და ა.შ. ამ და კიდევ ბევრ სხვა თემაზე დავოსში 27 იანვრამდე იმსჯელებენ. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მაინც იმ შემაშფოთებელ პროცესებს დაეთმობა, რომელთა შესახებაც ბოლო დღეებში იუწყებიან მსოფლიოს საფინანსო ბირჟებიდან: აქციები ბოლო წლებისთვის სარეკორდოდ გაიაფდა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბირჟებზე აქციების ფასის დაცემის მიზეზად მიჩნეულია ინვესტორების შიში, რომ აშშ-ს (მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას) რეცესია ემუქრება. სამშაბათს აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეკვეცა, რაც აქციების გაიაფების საპასუხო ნაბიჯად მიიჩნევა. კიდევ რა ზომებია მისაღები - ამის შესახებაც უთუოდ იმსჯელებენ დავოსის ფორუმზე, რომლის მონაწილეებს შორის მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები არიან.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ წელს დავოსის ფორუმში არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფორუმზე პირველად ჩავიდა 2004 წლის იანვარში, უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - სხვათა შორის, ჯერ კიდევ ინაუგურაციის ცერემონიამდე.
XS
SM
MD
LG