Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

”კრიტიკა და რეკომენდაციები”, - ასეთია ”24 საათის” პირველი გვერდის სათაური. ”რეზონანსი” კი პირველ გვერდზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის - ტერი დევისის ასეთ ციტირებას სთავაზობს მკითხველს: ”არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ უსამართლო”. ციტატა: ”მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს გენმდივანი სააკაშვილს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტად აღიარებს, ხელისუფლებას შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევს. ხვალ კი ევროსაბჭოში მთავარი თემა ისევ საქართველო იქნება, რადგან კითხვებზე პასუხის გაცემა მიხეილ სააკაშვილს მოუწევს”. ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს: ”ვფიქრობ, სააკაშვილის გამოსვლა ორმხრივ არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ ეს არის კიდევ ერთი დიალოგი ევროპულ სტრუქტურებთან. სააკაშვილი თავად მოისმენს, თუ რა შეხედულებები აქვს ევროსაბჭოს და ევროპულ წვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში და ამასთან, ისინი პირადად სააკაშვილისგან მოისმენენ, თუ რას აპირებს ქვეყანა, რაც უფრო ნათლად გამოკვეთავს შემდგომი მონიტორინგის საკითხებს”, - ამბობს გოგოლაშვილი.

”რეზონანსიდანვე” მკითხველი შეიტყობს, რომ ”საქართველოს რკინიგზას” რუსები უმიზნებენ”. ”პარასკევს ”საქართველოს რკინიგზის” შესყიდვით დაინტერესებული კომპანიების სია გაცხადდება. ამჯერად რუსეთის მთავრობა რკინიგზის ხელში ჩაგდების მეორე შესაძლებლობას აღარ გაუშვებს. ”საქართველოს რკინიგზის” დაუფლების სურვილი რუსეთის მხრიდან უკვე გამოითქვა. კრემლი მალე სომხეთის რკინიგზას გადაიბარებს, ხოლო აფხაზეთს თავის რკინიგზიანად უკვე აკონტროლებს და თუ დანარჩენი საქართველოც მის ხელში გადავიდა, ჩრდილოელი მეზობლის დიადი მიზანი - სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ხაზის დაუფლება - საბოლოოდ აღსრულდება”, - წერს ”რეზონანსი”.

პრესისთვის კვლავაც აქტუალურია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივა. ”ახალი თაობა” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან, რომელიც ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის მთავრობის შემადგენლობაში პოსტის შესაძლო შეთავაზების იდეაზე ამბობს: ”თუ ხელისუფლებას ასეთი წარმოადგენა აქვს ოპოზიციაზე, სავარძელს მივუჩოჩებთ და პრობლემას მოვხსნითო, ეს ნიშნავს, რომ იგი ობიექტურად ვერ აფასებს ოპოზიციას. თან, დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არ არის კოალიცია. აბა, რა არის? ერთი გამარკვიოს, რას ნიშნავს ეს შეთავაზება?”, - სვამს კითხვას კაციტაძე და ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკური გზა ქვეყანაში შექმნილ კრიზისს ვერ განმუხტავს.

”მრეწველთა” ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. ისიც იზიარებს აზრს, რომ არსებულ ვითარებაში ოპოზიციას ამ მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი არ ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ვარაუდებს ”ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო საარჩევნო სიაზე, ტყემალაძე ამბობს: ”არ ვიცი, ხელისუფლება საარჩევნოდ სიაში ვინ შეიყვანოს და ვინ არა. ხელისუფლებას ვურჩევდი, დატოვოს ის ხალხი, ვინც ჰყავდა და ოპოზიცია უფრო ადვილად მოუგებს”, - ურჩევს ტყემალაძე უმრავლესობას.
XS
SM
MD
LG