Accessibility links

logo-print

რა საფუძველი აქვს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" და მოძრაობა "ახალგაზრდული ტალღა"

თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და თბილისის მერის გადადგომის მოითხოვნით გამოდიან. მესამე სექტორის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათ ინიციატივას გამოეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია და სამ ძირითად მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას, მასმედიის თავისუფლებას და საარჩევნო კანონმდებლობის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, დაემატება მეოთხე - თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები. რა საფუძველი აქვს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას?


თვითმმართველობის ბოლო არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და თითქმის ყველა რაიონსა და ქალაქში - მათ შორის, თბილისშიც - მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

[ქალბატონის ხმა] „მე არ ვმალავ, რომ „ნაციონალებს“ ვაძლევ ხმას და დაინტერესებული ვარ, რომ გიგი უგულავა იყოს მერი...“

ამ ქალბატონის მსგავსად, ორი წლის წინ თბილისელების დიდმა ნაწილმა ”ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირა მხარი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენელი დავით ლილუაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ვითარება მკვეთრად შეიცვალა:

[დავით ლილუაშვილის ხმა] „დღევანდელი საკრებულოები და მუნიციპალიტეტები ქცეულია „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალებად. ისინი არ აღასრულებენ ხალხის მოთხოვნებს, არ ითვალისწინებენ საზოგადოების დაკვეთას, მხოლოდ კარგად ასრულებენ მიხეილ სააკაშვილის დირექტივებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა ასეთი თვითმმართველობა და ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, კატეგორიული მოთხოვნით, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყანაში რეალური, თავისუფალი თვითმმართველობები იყოს.“ (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა და "ახალგაზრდული ტალღის" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას აიტაცებს გაერთიანებული ოპოზიცია, თუმცა, როგორც კონსერვატორთა პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური განმარტავს, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაა:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებს ერთადერთ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი შეიცვლება კანონმდებლობა და თუკი იქნება მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლა დემოკრატიული მიმართულებით.“

კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - არჩევნები ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ორმოცი დღისა, თუმცა, როგორც სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, არსებობს გამონაკლისიც:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „კონსტიტუციასა და კანონში არის მითითებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს ეძლევა უფლება პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს საკრებულო და, შესაბამისად, დანიშნოს არჩევნები, მაგრამ კანონში არის ლაპარაკი კონკრეტულ საკრებულოზე... ნუ, იქ არის ანტიკონსტიტუციური მოქმედებები, სუვერენიტეტის ხელყოფა და უმოქმედობა.“

ვახტანგ ხმალაძის თქმით, თუ თვითმმართველობა საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, პრეზიდენტს არა აქვს საფუძველი დაითხოვოს იგი. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებიც თბილისის მერს სულ სხვა მიზეზების გამო აკრიტიკებენ.

[ქალბატონის ხმა] „ქალაქის მერად წარმოგვიდგენია ის ადამიანი, ვინც არის ავტორიტეტი ქალაქისთვის, ვინც არის კოლორიტი, ვინც ყველას უყვარს.“

[მამაკაცის ხმა] „მისი გადაწყვეტილებები, ძირითადად, არ მომწონს, არც ის მომწონს, რაც თბილისში ხდება.“

იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქალაქში, განსხვავებული შეხედულება აქვს მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პავლე კუბლაშვილს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „გიგი უგულავა არის ძალიან წარმატებული მერი. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, მაგრამ მან გააკეთა ყველაფერი, რათა ქალაქი იყოს განათებული, დასუფთავებული და მოვლილი, ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, პრობლემებიც ბევრია ამ ქალაქის წინაშე, მაგრამ ეს პრობლემები ეტაპობრივად იჭრება. აქედან გამომდინარე, ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას რაიმე ფორმით.“ (სტილი დაცულია)

პავლე კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ ორი წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა და არჩეული საკრებულოებიც სრულად პასუხობენ შესაბამის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვადამდე საკრებულოების დათხოვნის საფუძველი არ არსებობს.


XS
SM
MD
LG