Accessibility links

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს


საქართველოს პარლამენტი სულ მალე პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტებს

განიხილავს, რომელთა წყალობითაც უნდა შემცირდეს გადასახადები, დაჩქარდეს პრივატიზაციის პროცესი, უცხოური ინვესტიციებისათვის კანონების ლიბერალიზაცია და საერთაშორისო საბაზრო კაპიტალის გამოყენება. ცვლილებათა პაკეტი, რომლის პირობითი სახელწოდებაა „ფინანსური სექტორის გლობალური კონკურენტულობის შესახებ“, პირველ რიგში, ითვალისწინებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, საფინანსო სექტორის გაძლიერებას, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გაზრდას.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თანახმად, ჯამში, ცვლილებები 26 კანონს შეეხება. დაკანონდება ბიუჯეტის პროფიციტი, შეიქმნება მომავალი თაობისა და სტრატეგიული განვითარების ფონდი, ხოლო უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 25 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადი 15-მდე შემცირდება, კაპიტალური მოგების 20 პროცენტიანი გადასახადი კი საერთოდ გაუქმდება. ყველაფერი ეს, ლადო გურგენიძის თქმით, ერთ მიზანს მოემსახურება:

[ლადო გურგენიძის ხმა] „საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა და პროგრესი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახოს.“

ამ მიზნით, ლადო გურგენიძის თქმით, ფოთში შეიქმნება საგადასახადო ვალდებულებისაგან თავისუფალი ზონა, რომლის მნიშვნელობის შესახებაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „თქვენ ნახავთ, ხუთ წელიწადში ვერ იცნობთ აქაურობას. აქ იქნება უამრავი ცათამბჯენი, აქ დასაქმდება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე და ნახეთ, როგორი დეფიციტი გვექნება მომუშავე ადამიანების... რამდენიმე აეროპორტი აშენდება ფოთის გარშემო, თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ასობით ათას ქართველს.“

მთავრობის ინიციატივათა პაკეტში შესული სხვა წინადადებების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის პოზიციების გამყარებისათვის ზრუნვა, რის შედეგადაც, ქვეყნის მთავარი ბანკი ფინანსური მომსახურების სექტორის ერთადერთ რეგულატორად და ზედამხედველად გადაიქცევა. გარდა ამისა, როგორც ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის ბიუჯეტი არ იქნება დეფიციტური:

[ნიკა გილაურის ხმა] „წელს არის პირველი წელი, როცა მთავრობას წარდგენილი აქვს პროფიციტული ბიუჯეტი. მართალია, სიმბოლური თანხა, 275 ათას ლარი, მაგრამ, წინა წლისაგან განსხვავებით, არ გვაქვს დეფიციტი. 2007 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 136 მლნ ლარი იყო.“

მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ერთნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს მონეტარული პოლიტიკის მთავარი ღერძი იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველოში გასულ წელს ინფლაციამ 11%-იან ნიშნულს მიაღწია, რასაც საკვები პროდუქტების ფასების აწევამ და ადგილობრივი კრედიტების ზრდამ შეუწყო ხელი. მაგრამ მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 8%-მდე შემცირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპონენტები ხელისუფლების ასეთ ოპტიმიზმს არ იზიარებენ. „სახალხო ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო ორველაშვილი, ამბობს, რომ გურგენიძის მთავრობაც, წინამორბედის მსგავსად, პროგრამის გარეშე მოქმედებს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „ცალკეული კეთილი სურვილები არ შეიძლება გავასაღოთ პროგრამად. პროგრამა არის შეკრული დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მიზანი და მიღწევის გზები. მსგავსი არაფერი არასდროს გაკეთებულა და, საერთოდ, პროგრამული აზროვნება უცხოა ამ ხალხისთვის.“

თუმცა საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ 2008 წელს გაგრძელდება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტის თანახმად, დაჩქარდება სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი ქონების პრივატიზაციის პროცესი და მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო სამრეწველო წილის დაახლოებით 25 პროცენტი გაიყიდება, ხოლო მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი გადაირიცხება ეგრეთ წოდებულ ,,სუვერენული კეთილდღეობის ფონდში”, რომლის გამოყენება, მთავრობის ინფორმაციით, მხოლოდ ომის, ბუნებრივი კატასტროფების ან კონფლიქტის ზონების შემოერთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG