Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ სავარაუდო ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში.

”რეზონანსი” წერს: ”მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ინტერესს განსაკუთრებით ის ფაქტი სძენს, რომ, შესაძლოა, სააკაშვილმა გადაწყვეტილება ბოლო წუთებში შეცვალოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ამიტომაც, ვიდრე მთავრობის კაბინეტი ოფიციალურად არ დასახელებულა, ცვლილებებზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია”. ”რეზონანსის” ამ სტატიას ჰქვია ”ნოდია და იაკობაშვილი ახალ მთავრობაში შეჰყავთ”. ”ახალი თაობა” წერს, რომ რუსეთის ახალ ელჩად, შესაძლოა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ყოფილი შეფი ეროსი კიწმარიშვილი დანიშნონ. ის ამ პოსტზე შეცვლის ირაკლი ჩუბინიშვილს, რომელსაც, გაზეთის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაიყვანენ. ”ახალი თაობა” აგრეთვე წერს, რომ კახეთის გუბერნატორად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილის შესაძლო დანიშნვის შემთხვევაში კახეთში ჯანყია მოსალოდნელი. ”ალია” კი წერს, რომ ზაზა ბეგაშვილის ადგილას მწერალ ზაალ სამადაშვილის დანიშვნას უნდა ფიქრობდნენ.

”ალია” აგრეთვე წერს, რომ ხელისუფლებამ ქართველ ეპისკოპოსებს ახალი იაპონური ჯიპები გადასცა საჩუქრად. გაზეთის ინფორმაციით, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაუსახელებელმა სახელმწიფო უწყებამ საპატრიარქოს 19 ძვირად ღირებული ”ტოიოტა ლენდ კრუიზერი” აჩუქა, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ სამასი ათას დოლარამდეა. მანქანების გადაცემას ”ალიასთან” საუბარში ადასტურებს საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელი მაია მუხიგულიშვილი, თუმცა ვერ ამბობს, ვის გადასცეს მანქანები და რა მოტივით. ”ალიამ” ვერ შეძლო გაერკვია, თუ რა თანხებით იყიდეს ეს მანქანები და ვისგან. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში უარყოფენ, რომ ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის გამოყოფილი მსგავსი ხარჯები ჰქონდეთ, ”ტოიოტას” მსხვილი იმპორტიორები კი ამბობენ, რომ ამდენი ”ლენდ კრუიზერი” მათგან მთავრობას არ უყიდია, თუმცა კი ერთ- ერთი იმპორტიორი ამბობს რომ მათგან სახელმწიფომ 40 ჯიპი იყიდა, ოღონდ არა ”ლენდ კრუიზერი”, არამედ ”ტოიოტა პრადო”. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ დღევანდელ ”ალიაში” წაიკითხავთ.

”რეზონანსი” კი მოზრდილ სტატიას აქვეყნებს საქართველოში შიდსის გავრცელების შესახებ. გაზეთის ცნობით, შარშან შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და დღეს, სავარაუდოდ, საქართველოში 3500-დან 4500-მდე ადამიანია დაავადებული. ეს არაოფიციალური სტატისტიკაა, ოფიციალურად კი, ”რეზონანსის” ცნობით, საქართველოში სულ 1483 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ყველაზე მეტი, 528 შემთხვევა, თბილისშია დარეგისტრირებული. დაავადებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა სამეგრელო, სადაც 230 შემთხვევა დაფიქსირდა, - წერს ”რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG