Accessibility links

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას


საქართველოსა და რუსეთის გართულებული ურთიერთობა,

რომელიც ორი წლის წინ ეკონომიკურ ბლოკადასა და სავიზო რეჟიმის შემოღებაში გადაიზარდა, ორივე ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით მოქალაქეს აზარალებს, თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, რუსი და ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ საკუთარი ინტერესების შეჯერებას. ქართველი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დათბობას. რა პერსპექტივა აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რა გავლენას იქონიებს 5 იანვრის არჩევნების შედეგები ამ ურთიერთობაზე?

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებამდე რუსეთში სათათბიროს ახალი შემადგენლობა აირჩიეს, თუმცა თბილისელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ორი მოვლენა ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე:

[მამაკაცის ხმა] „აბსოლუტურად არაფერს არ შეცვლის, რუსები ორი საუკუნეა გვებრძვიან. გინდა პუტინი იყოს, გინდა პეტრე, გინდა პავლე.”

[ქალბატონის ხმა] „რა ვიცი, ისეთი არეულია უკვე ჩვენი ურთიერთობა, რომ რა მოაგვარებს ამას, არ ვიცი.“

ამ მოქალაქეების სკეპტიციზმს ნაწილობრივ იზიარებს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის თქმითაც, ვითარების შეცვლას წლები და საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული მუშაობა დასჭირდება:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „რა თქმა უნდა, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი ახლა შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას ან სხვა დადებით პროცესებს, რომლის შემფერხებლადაც იგი გვევლინებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საჭიროა რაღაც პასუხისმგებლობის აღება, რაღაც ინიციატივის გამოჩენა და უნდა იყოს გაწერილი რაღაც კონკრეტული პირობები, თუ რა არის საჭირო ნდობის აღსადგენად, იმისათვის, რომ აღდგეს ნორმალური ურთიერთობები.“(სტილი დაცულია)

ნორმალური ურთიერთობის დეფიციტის მიზეზად პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუმცა, მისი თქმით, უმთავრესი მიზეზი მაინც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს უკავშირდება:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] „საქართველო თავის ადგილს ხედავს არა იქ და არა ისე, როგორც ეს რუსეთს სურს. მიმაჩნია, რომ ამ ხედვის შეცვლა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ, იქნებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გადახვევა.“(სტილი დაცულია)

ეროვნული ინტერესებიდან გადახვევის წინაპირობას ვერ ხედავს დავით დარჩიაშვილი. 5 იანვრის არჩევნების შედეგები პოლიტოლოგს აფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა პრინციპულ საკითხებზე პოზიციას არ შეიცვლის, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას პერსპექტივა არ გააჩნია:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული გადარჩენის საკითხია ტერიტორიული მთლიანობაც და ნატოსთან ურთიერთობაც და, მიუხედავად ამისა, ამ საკითხების დეტალებზე საუბარსა და ურთიერთობის ფორმაზე რუსეთთან შეთანხმება იქნება პროგრესის ნიადაგი, მაგრამ მეორე მხრიდან უნდა იყოს ცვლილებები არა მარტო რიტორიკაში, არამედ არსებით დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან მთავარი პრობლემა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის არაღქმა სერიოზულად.“ (სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილის თქმით, 5 იანვრის არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველო თავს აღწევს საბჭოთა წარსულს და თვისებრივად განსხვავებულ სახელმწიფოდ ყალიბდება. პოლიტოლოგი დავით აფრასიძეც მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე სამართლიანი იყო. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ უახლოესმა საპარლამენტო არჩევნებმა უნდა გამოკვეთოს საქართველოს შეუქცევადი განვითარების ტენდენცია:

[დავით აფრასიძის ხმა] „სწორედ ძალთა ბალანსი - და არანაირი იდეალიზმი -მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, სადაც შანსი (და არა გარანტია) გვაქვს, რომ საპარალამენტო არჩევნებმა კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიოს წინ ქართული პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის სიტუაცია, როცა ვერც ერთი მხარე ხელის გადაგრეხის პრინციპით ვეღარ იმოქმედებს, ვერც ქვეყნის შიდა ძალთა ბალანსის გამო და ვერც ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულების გამო.“(სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG