Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იცვლება საქართველოს მთავრობაში და როგორ აღიქვამენ დაგეგმილ ცვლილებებს ხელისუფლებასა და მის ოპოზიციაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელმა ლადო გურგენიძემ უკვე დაასახელა მთავრობის ახალი შემადგენლობა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კი უკვე წარუდგინა პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი სამოქმედო გეგმა.
”საქართველო სიღარიბის გარეშე” - ასე ჰქვია ამ გეგმას. საპარლამენტო ფრაქციებმა და კომიტეტებმა მთავრობის საკითხი წარდგენიდან 4 დღის ვადაში უნდა განიხილონ, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. რა იცვლება მთავრობაში და როგორ აფასებენ მოსალოდნელ ცვლილებებს ხელისუფლებასა და მის ოპოზიციაში?


მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პირობა შეასრულა, ანუ მინისტრთა კაბინეტი სერიოზულად შეცვალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს არის ყველაზე ფუნდამენტური განახლება, რაც კი ოდესმე ყოფილა საქართველოს მთავრობაში ერთჯერადად და, პრაქტიკულად, ყველა ბლოკში. ჩვენ გვჭირდებოდა ახალი სისხლი, ახალი ენერგია ახალი ამოცანების შესასრულებლად. ”

ახალ ამოცანებში მთავარი საქართველოში სიღარიბის დამარცხებაა... ”საქართველო სიღარიბის გრეშე” არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამომრჩევლისთვის მიცემული მთავარი დაპირება..

ვის დაევალება მთავრობაში მუშაობა ამ და სხა დაპირებების შესასრულებლად და რა ნიშნით შეირჩა ხელმძღვანელი კადრები მინისტრთა კაბინეტისთვის? პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლადო გურგენიძე შერჩევის პროცესზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მიდიოდა აქტიური კონსულტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”შერჩევა წარმოებდა პროფესიული ნიშნით და სამოქალაქო ღირებულებების ნიშნით და არამც და არამც პოლიტიკური და პარტიული ნიშნით. ძლიერი მხარე ამ მთავრობისა არის მისი ძველი და ახალი წევრების გამოცდილება, პროფესიონალიზმი. ”


ამას გარდა, ლადო გურგენიძე ხაზგასმით შენიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნება სამი თაობა. შეგახსენებთ: პრეზიდენტის პირობა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებასთან დაკავშირებით იყო ისიც, რომ ახალ შემადგენლობაში მაქსიმალურად იქნებოდა წარმოდგენილი საზოგადოების ფართო ფენები... როგორ სრულდება ეს პირობა?

დავიწყოთ იმით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შეთავაზებაზე მონაწილეობა მიეღო მომავალი მთავრობის მუშაობაში. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები არც მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის განხილვასა და დამტკიცებაში მიიღებენ მონაწილეობას. მიზეზი ცნობილია: ოპოზიცია არ აღიარებს პრეზიდენტის
ლეგიტიმურობას და არც მის მთავრობას ცნობს ლეგიტიმურად..

რა იცვლება მთავრობაში?
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეა წარდგენილი - აქამდე ის იყო კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კონფლიქტების საკითხებზე მომავალში იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - ეს თანამდებობა თემურ იაკობაშვილმა უნდა დაიკავოს. იაკობაშვილი მთავრობის ახალი სახე ხდება, მას აქვს სერიოზული გამოცდილება სამოქალაქო სექტორში.
ახალ მთავრობაში იქმნება ახალი თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი დიასპორათა საკითხებში, რომელსაც იულონ გაგოშიძე დაიკავებს, ის იქნება სწორედ უფროსი თაობის წარმომადგენელი მთავრობაში. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნაცვლად, შემოდის ლტოლვილთა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი - ის კობა სუბელიანმა უნდა დაიკავოს. შემოდის რეგიონალური მმართველობის სახელმწიფო მინისტრის პოსტიც, რომელზეც დავით ტყეშელაშვილია დასახელებული. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ის ახალმა სახემ, სანდრო კვიტაშვილმა, უნდა შეცვალოს. უქმდება სახელმწიფო მინისტრის პოსტი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში. ამ პოსტის შემდეგ კახა ბენდუქიძემ სამთავრობო კანცელარიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უნდა გადაინაცვლოს... გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად ბოტანიკის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაზა გამცემლიძის, კანდიდატურაა წარდგენილი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ცნობილი პოლიტოლოგი გია ნოდია, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე კი ნიკა ვაჩეიშვილი სახელდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკა შარაშენიძემ უნდა ჩაიბაროს. მთავრობაში პოსტს ინარჩუნებს გიორგი ბარამიძე - ის იქნება სახელმწიფო მინისტრი და ერთადერთი ვიცე-პრემიერი. იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილია გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ტყეშელაშვილი გენერალური პროკურორი ხდება... პოსტებს ინარჩუნებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური. ცვლილებები არ ეხებათ ძალოვნებს..

ოპოზიციაში მთავრობის გადახალისებას ცინიკურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს შემადგენლობა დამტკიცების შემდეგ 2 თვეს გასტანს... ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი კახა კუკავა ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლო მომავალში საპროტესტო გამოსვლების არნახულ ტალღას მიიღებს.


XS
SM
MD
LG