Accessibility links

logo-print

ლიტერატურის ინსტიტუტი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა

  • ნიკო ნერგაძე

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ძლიერმა ყინვამ ჭერი ჩამოანგრია.

მუზეუმის ხელმძღვანელობამ უნიკალური ექსპონატებს დასაცავად პოლიეთილენის პარკები გადააფარა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში დაცული ფასდაუდებელი ექსპონატები დღეს განადგურების საფრთხის წინ აღმოჩნდა. შენობის მილებში გაყინულმა წყალმა მუზეუმის ჭერი ჩამოაქცია. როგორც მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თვალავაძემ გვითხრა, ზარალი დიდი ჩანს, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით უარესად დასრულებულიყო:

[თეა თვალავაძის ხმა] ”ლიტერატურის მუზეუმში სხვენში მდებარეობს სახანძრო მილი, რომელიც დაზიანდა და სამუშაო ოთახებში ჩამოვიდა წყალი. ჩამოვარდა ჭერი და მუზეუმის საარქივო გამოცემები დასველდა და გაფუჭდა.”

მუზეუმის ხელმძღვანელობა ჯერ ზუსტად ვერ ამბობს, თუ რა მატერიალური ზარალი მიაყენა წყალმა. ამის დათვლა ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მთავარი დანაკლისი დაზიანებული სამუზეუმო ექსპონატებია. წყალმა გააფუჭა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული თანამედროვე წიგნები და აგრეთვე არქივებში დაცული გამოცემები:

[თეა თვალავაძის ხმა] ”ნიკო სამადაშვილის საარქივო კრებული და გალაკტიონ ტაბიძის ოცდახუთტომეულის წიგნები.”

თუმცა ზარალი შეიძლობოდა, მართლაც, კატასტროფული ყოფილიყო: გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის არქივში ხომ მრავალი ჭეშმარიტად უნიკალური ხელნაწერი თუ გამოცემა და მემორიალური ნივთები ინახება.

[თეა თვალავაძის ხმა] ”ინახება უნიკალური ხელნაწერები - მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე. ყველა გამოჩენილი მწერლის არქივი ან საარქივო მასალა ინახება. მემორიალური ნივთები ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის... ინახება უნიკალური გამოცემები -მეჩვიდმეტე საუკუნიდან დღემდე. ეს არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობები და ავტოგრაფიანი წიგნები.”

მუზეუმის ხელმძღვანელობამ წყლისგან დასაცავად უნიკალურ ექსპონატებს პოლიეთილენის პარკები გადააფარა, რადგან მუზეუმის შენობის მილებში წყალი კვლავაც გაყინულია, ამიტომ კვლავაც არსებობს საფრთხე. თუმცა, როგორც თეა თვალავაძემ გვითხრა, მუზეუმს უკვე ეწვია საქართველოს კულტურის მინისტრი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მუზეუმის ხელმძღვანელობას აღუთქვა, რომ პრობლემას უახლოეს ხანში გადაჭრიან.
XS
SM
MD
LG