Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


ორშაბათის ქართული პრესა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წერდა. ,,დღეს დაპირისპირების დრო არ არის”

- მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები ჰქონდა გამოტანილი ,,კვირის პალიტრას” პირველ გვერდზე, რომელსაც თან ახლდა შემდეგი გამოტანები: ,,სახიფათო ზღვარი”, ”ცრუდაპირებები ახლა მიწის გახეთქვის ტოლფასი შეიძლება იყოს”, ,,ისტორია გაკვეთილია” და ასე შემდეგ...
”რეზონანსის” მოწინავე კი იმ დღეს ამგვარი იყო: ,,ინაუგურაცია - რუსთაველზე, პროტესტი - იპოდრომზე”.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ქართული პრესა უკვე ინაუგურაციის შემდგომი მოვლენების განვითარების შესაძლებლობებსა და ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე წერდა.

კვირის დასაწყისშივე დაიწყო საუბარი საპარლამენტო არჩევნებზე. ”რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება ”მთელი კვირა” ორშაბათს ამგვარ სტატიას აქვეყნებს: ”ბურჯანაძე ნაციონალების სიის სათავეში”. ,,საპარლამენტო არჩევნებისთვის სააკაშვილის სიაში პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძე იქნება. მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ პრეზიდენტს თავის გუნდში ბურჯანაძეზე უკეთესი არავინ მოეძება”, - წერდა ,,მთელი კვირა”.

ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე სამშაბათის ”24 საათიც” წერდა: ,, ახლო მომავალში საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმას, რომლითაც გაცხადდება, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებში. მანამდე საბჭოში შემავალი ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ და ინაუგურაციაზე ჩამოსულ უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებსაც მართავენ”, - წერდა ”24 საათი”. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაზეთს რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის სიტყვები მოჰყავს: ,,,ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში შეიტყობს.”

მიმდინარე კვირას ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პარასკევს კი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაზე წერდა.

მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში კვლავ აქტუალური იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობა. ოპოზიციის წარმომადგენელთათვის მთავრობაში პოსტების შეთავაზებასთან დაკავშირებით ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, ”ახალ თაობას” უთხრა:
”თუ ხელისუფლებას ასეთი წარმოდგენა აქვს ოპოზიციაზე, სავარძელს მივუჩოჩებთ და პრობლემას მოვხსნითო, ეს ნიშნავს, რომ იგი ობიექტურად ვერ აფასებს ოპოზიციას. ”

საქართველოს მთავრობაში სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით შუა კვირაში ”რეზონანსი” ამგვარად წერდა: ”მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ინტერესს განსაკუთრებით ის ფაქტი სძენს, რომ, შესაძლოა, სააკაშვილმა გადაწყვეტილება ბოლო წუთებში შეცვალოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ამიტომაც, ვიდრე მთავრობის კაბინეტი ოფიციალურად არ დასახელებულა, ცვლილებებზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია”. თუმცა გაზეთი ამ დროს უკვე მსჯელობდა რამდენიმე შესაძლო კანდიდატურაზე.

პარასკევს კი ქართულ პრესაში მთავარი თემა სწორედ სამთავრობო ცვლილებები იყო. ”კვირის პალიტრის” დამატება, გაზეთი ”ყველა სიახლე”, წერდა: ”ის, რომ არაკეთილსინდისიერი და უკანონო საქმიანობისთვის სააკაშვილს არც ერთი თანაგუნდელი არ დაუსჯია, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუძლიერებს ხელისუფლებისადმი უნდობლობას... საკადრო ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების ქვედა რგოლებში, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება და ამის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, როგორ იცავს მიხეილ სააკაშვილი დადებულ პირობას.”

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” კი, ამ ცვლილებების ფონზე, რიგით მოქალაქეებს ასეთ რჩევას აძლევდა: ,, დაველოდოთ ცვლილებებს და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყოლიოთ ორივე მხარე.”

სამთავრობო ცვლილებების თემა ქართულ პრესაში შაბათსაც გაგრძელდა: ,,მინისტრობის კანდიდატთა ,,აღლუმი” პარლამენტში” - ასეთია შაბათის ”24 საათის” მოწინავე სტატიის სათური. გაზეთი წერს, რომ მომავალი მინისტრები ოთხი დღის განმავლობაში კომიტეტებსა და ფრაქციებში გაივლიან ,,ტესტირებას”, ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარდგებიან. . ,,ამ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს. დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამთავრობო გუნდს ბოიკოტს უცხადებენ”, -წერს ”24 საათი”.

შაბათის ”ალია” კი მორიგ კითხვას სვამს, სათურით: ,,,,ნაცმოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებზე აღარ გადის?” ,, როგორც ,,ალიამ” პარლამენტის კულუარებიდან შეიტყო, სულ მალე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკიდან არჩევნებამდე გაქრება და მიშას,, სტავკა” საპარლამენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძე იქნება, თავისივე ახალი პარტიით, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი და მისაღები ადამიანებით დაკომპლექტდება. კულუარული შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან პრეზიდენტობის ბოლო დღეებში დაიწყო და დღესაც გრძელდება”, - წერს ”ალია”.

”ახალი თაობა” კი შაბათის ნომერში შენიშნავს, რომ პრეზიდენტმა მინისტრებს პირველი გაფრთხილება მისცა. გაზეთი წერს, რომ, ამ გაფრთხილების მიხედვით, ,,ახალი მინისტრები თანამშრომლებს სამსახურიდან ვეღარ დაითხოვენ.”

”რეზონანსი” კი კვლავ ტელეკომპანია ”იმედის” თემას უბრუნდება და აქვეყნებს პუბლიკაციას, სათურით ,,15 თებერვალს ,,იმედს”, შესაძლოა, ლიცენზია ჩამოართვან.” ,,ტელეკომპანია ”იმედის” ქონება ხელმეორედ დაყადაღდა”, - წერს ”რეზონანსი” შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG