Accessibility links

რას უწუნებენ ოპონენტები მთავრობის ახალ შემადგენლობას


საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში

მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვა გრძელდება. რეგიონალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე დეპუტატებმა და მთავრობის წევრობის კანდიდატებმა სიღარიბის დაძლევის სამთავრობო პროგრამისა და კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, თუმცა შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არ ცნობენ 5 იანვარს არჩეული პრეზიდენტისა და მის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის ლეგიტიმურობას. მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს ასევე აკრიტიკებენ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებიც. როგორ აპირებს მთავრობის ახალი შემადგენლობა სიღარიბის დაძლევას და რას უწუნებენ ოპონენტები მინისტრობის კანდიდატებს?

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად, დეპუტატები ოცდაათამდე კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ. სიღარიბის დასაძლევად იცვლება როგორც მთავრობის პერსონალური შემადგენლობა და სტრუქტურა, ასევე კანონები, თუმცა როგორც რეგიონალური მმართველობის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილი დავით ტყეშელაშვილი ამბობს, ასევე შესაცვლელია საქმისადმი სახელმწიფო მოხელეთა დამოკიდებულებაც:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „ბოლო თვეებმა დაადასტურა, რომ ერთგვარი ვაკუუმი იყო შექმნილი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. შესაბამისად, ვაკუუმი იყო იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც მიიღებოდა ფედერალური მთავრობის მიერ და იმ სურვილებს შორის, რომელიც არსებობს რაიონებში და სოფლად. ამიტომ ამ ვაკუუმის ამოვსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.“ (სტილი დაცულია)

დავით ტყეშელაშვილისგან განსხვავებით, დეპუტატების წინაშე პირველად წარდგა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საგანგებოდ მოწვეული სანდრო კვიტაშვილი, რომელიც, რეფორმის განხორციელების მიზნით, კვალიფიციური ექსპერტებისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭოს შექმნას აპირებს. სანდრო კვიტაშვილის თქმით, რეფორმის ზოგადი მონახაზი უკვე არსებობს:

[სანდრო კვიტაშვილის ხმა] „საქართველოსთვის უნდა შეირჩეს იმისთანა მოდელი, რომელიც მოერგება ქვეყნის სპეციფიკასა და ზომას. ეს სფერო აბსოლუტურად მართვადია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა არ არის დიდი და ის ფინანსური რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, უნდა გასწვდეს მოსახლეობის ღირსეულ სამედიცინო მომსახურებასა და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ქვეყანას აქვს აღებული.“

ამგვარი კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, მინისტრობის კანდიდატებთან ურთიერთობას გამორიცხავენ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, განმარტავს:

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ სერიოზულად არ განვიხილავთ ამ მთავრობის შემადგენლობას. ეს არის არალეგიტიმური მთავრობა და მაგათ გაესაუბრება გენერალური პროკურორი რამდენიმე თვეში. ეს ადამიანები არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, რამეთუ დათანხმდნენ არალეგიტიმურ მთავრობაში მონაწილეობას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეს არის ძალაუფლების უზურპაცია. არავის აურჩევია მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად, არც ლადო გურგენიძე არ არის კანონიერი პრეიმერ- მინისტრი.“(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა გააღიზიანა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროც. სერგეი შამბას თქმით, სოხუმი არ აპირებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თანამშრომლობას, თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესის განახლებას მხოლოდ ახალი თანამდებობის შემოღება როდი უშლის ხელს:

[სერგეი შამბას ხმა] „მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, რადგან საქართველოს მხარემ საბაზისო შეთანხმებები დაარღვია და კოდორის ხეობაში შეიყვანა ჯარი, რომელიც, ხელმოწერილი დოკუმენტით, იქ არ უნდა იყოს. როდესაც ჯარს იქიდან გაიყვანენ, მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ საქართველოს ნაბიჯები მუდმივად მოლაპარაკების ჩაშლისკენაა მიმართული. ახალი სამინისტროს შექმნაც ამ პროცესის ჩიხში საბოლოო მოქცევას ნიშნავს. თუკი ის მოლაპარაკების საწარმოებლად იქმნება, ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციული ნაბიჯია.“

სერგეი შამბასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული თემურ იაკობაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] „ვფიქრობ, რომ აფხაზური მხარე ჯერჯერობით მთლად ბოლომდე ვერ გაერკვა რა ხდება და ამიტომაც უნდა ვაცალოთ. ასეთ განცხადებებზე მკვეთრი რეაქციები არ უნდა გვქონდეს. მათი სიფრთხილე ჩემთვის გასაგებია. ჩვენ უკვე 15 წელზე მეტია აფხაზებს ველაპარაკებით და ამ ხნის განმავლობაში ბევრი მოუსმენიათ და უნახიათ და ჯერ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. ვფიქრობ, რომ მათი სიფრთხილე შეიძლება გამართლებულიც კი იყოს.“(სტილი დაცულია)

თემურ იაკობაშვილისა და მინისტრობის სხვა კანდიდატების შეხვედრები დეპუტატებთან კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 30 იანვარს კი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. სავარაუდოდ, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია. დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ერთიანი ეროვნული საბჭო ამზადებს მემორანდუმს, რომლის ძირითადი პუნქტები ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და საარჩევნო კოდექსის ფაქტიურად მთლიანად შეცვლა. ეს არის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეფორმირება და შს სამინისტროზე ზედამხედველობის სამსახურის შექმნა, ერთგვარი მონიტორინგის სამსახურის შექმნა. აი, ეს არის სამი ძირითადი მოთხოვნა. დანარჩენი მოთხოვნები გამომდინარეობს ამ სამი მოთხოვნიდან.“(სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG