Accessibility links

ბუშის მიმართვა ერისადმი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სამშაბათს დილით გამოვა ერისადმი მიმართვით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

ეს ბუშის უკანასკნელი ამგვარი მიმართვა იქნება მისი პრეზიდენტობის პერიოდში. საპრეზიდენტო ვადა ბუშს ერთ წელზე ნაკლებ დროში უსრულდება. ამ პერიოდის მანძილზე მისი მთავრობა მთელ რიგ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეს და მას ამ გამოსვლაშიც მოუწევს მათზე საუბარი.

ამერიკის ეკონომიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმთავრეს საზრუნავად იქცა და მან ჩრდილში მოაქცია ერაყში ომი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იმ საკითხებს შორის, რომლებშიც ამერიკელები პრეზიდენტის ინიციატივას მიიჩნევენ აუცილებელს.

მთელ მსოფლიოში აქციების ბირჟებზე ფასების საგანგაშოდ ვარდნისა და ეკონომისტების მარჩიელობის გამო, უკვე განიცდის თუ არა შეერთებული შტატები რეცესიას, მომხმარები ნერვიულობენ.

შაბათს, რადიოთი ყოველკვირეულ გამოსვლაში, ჯორჯ ბუშმა მოხაზა ის საკითხები, რომლებსაც შეეხება კონგრესში გამოსვლისას, ერისადმი მიმართვაში.

[ბუშის ხმა] "ორშაბათს საღამოს ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში ვისაუბრებ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე. ვისაუბრებ იმაზე, რომ უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე დიდი წინსვლა გვქონდა საშინაო და საგარეო სფეროებში. აგრეთვე ვისაუბრებ იმაზე, რომ ჩვენი ამოცანები ბოლომდე არ გვაქვს შესრულებული და საქმე ერთობლივად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე."

დაუმთავრებელ საქმეთაგან ყველაზე სასწრაფო, ბუშის თქმით, არის ეკონომიკა. ის შეეცდება დაარწმუნოს ამერიკელები, რომ მისი 150 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად, სწორი საშუალებაა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის კვლავ ჩვეულ კალაპოტში დასაბრუნებლად. ამაზე მან თავის რადიოგამოსვლაში ისაუბრა.

[ბუშის ხმა] "ვიცი, ბევრ თქვენგანს აშფოთებს ეკონომიკური დაღმასვლის რისკი ბინათმშენებლობისა და საფინანსო ბაზრების არასტაბილურობის გამო. მინდა იცოდეთ, რომ, მართალია, უკანასკნელი თვეების მანძილზე ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ შენარჩუნებულია მყარი საფუძველი ხანგრძლივი პერსპექტივით ეკონომიკის ზრდისთვის. და იმედი მაქვს, სწრაფი მოქმედებით შეგვიძლია ეკონომიკას მივცეთ ბიძგი, რაც საჭიროა მისი ზრდისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის."

ბუშმა კონგრესს მიმართა თხოვნით, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი იმ სახით დაამტკიცოს, რა სახითაც მან წარადგინა და არც დაამატოს რამე და არც ჩამოაკლოს რამე.

უფრო ფართო პერსპექტივით ბუში შეეცდება შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ის აქტიური ლიდერია და არა "კოჭლი იხვი". ამერიკაში ასე უწოდებენ მიმავალ პრეზიდენტს, რომლის გავლენა მცირდება საპრეზიდენტო ვადის დასასრულის მოახლოებასთან ერთად.

ცხადია, ერაყში ომი კვლავაც დარჩება დღის წესრიგში. ჯერჯერობით ბუშის გადაწყვეტილებამ, დამატებითი ჯარები გაეგზავნა ერაყში, შედეგი გამოიღო. მიმდინარე წლის მანძილზე ის შეეცდება შეიმუშაოს ფორმულა, რომელიც ამ წარმატებას დაემყარება და უფლებას მისცემს მას, შექმნას შთაბეჭდილება, რომ მისი წასვლის შემდეგ ერაყს სტაბილური მომავლის შანსი აქვს.

ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ავღანეთსა და ირანსაც შეეხება.

მაგრამ ბუში იოლი ამოცანის წინაშე არ დგას საიმისოდ, რომ ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ მისი პოპულარობის ხარისხი კვლავაც 30 პროცენტის მიდამოებშია.
XS
SM
MD
LG